სომხეთმა სირიაში სამხედრო მისია გაგზავნა

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის სამხედრო მისია ალეპოს პროვინციაში გაემგზავრა.

ამასთან, უწყების ცნობით, სომეხი სამხედროები მონაწილეობას არ მიიღებენ საომარ მოქმედებებში – “მათ წინაშე ჰუმანიტარული ამოცანები დგას”.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ერევანს გადაწყვეტილება მოუწონა და აღნიშნა, რომ სომხეთი პირველი ქვეყანა, რომელმაც სირიელების დახმარება გადაწყვიტა.

სომხეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება ქვეყნის ოპოზიციურმა ძალებმა გააკრიტიკეს. მათი განცხადებით, რუსეთ-სირიის კავშირის მხარდაჭერა სომხეთის სხვა ქვეყნებთან ურთიერთობას დააზარალებს.

ზოგიერთი სომეხი პოლიტილოგის აზრით, ერევნის ნაბიჯი სხვა არაფერია, თუ არა რუსეთის ინტერესების გათვალისწინება და რუსეთზე დამოკიდებულება.

რუსეთი სირიის მთავრობის უმთავრესი საგარეო მოკავშირეა. მოსკოვმა ქვეყნის ტერიტორიაზე ავიადარტყმების განხორციელება 2015 წელს დაიწყო. ვლადიმერ პუტინი აცხადებდა, რომ კამპანიის მთავარი მიზანი ISIS-ის შესუსტება იყო, თუმცა აშშ-ის ოფიციალურ პირებს მოსკოვი არაერთგზის დაუდანაშაულებიათ სირიის ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედებაში. რუსეთი კი, თავის მხრივ, აშშ-ს სპელკულაციებში ადანაშაულებდა. სამოქალაქო ომის მიმდინარეობისას ვითარება ასადის ხელისუფლების სასარგებლოდ, არაერთ შემთხვევაში, სწორედ რუსეთის ჩარევით შეიცვალა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი