ახალი ამბები

გაუგებარია, რატომ მოხდა ამ საკითხით დაინტერესება ახლა – საფრანგეთის ელჩი თიბისიზე

12 თებერვალი, 2019 • 1144
გაუგებარია, რატომ მოხდა ამ საკითხით დაინტერესება ახლა – საფრანგეთის ელჩი თიბისიზე

საქართველოში საფრანგეთის ელჩის, პასკალ მენიეს თქმით, უცნაურია, რომ თიბისი ბანკის ერთ-ერთ ტრანზაქციაზე გამოძიება ამდენი წლის შემდეგ დაიწყო.

“ტვ პირველთან” საუბრისას ელჩი ამბობს, რომ ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზეა წარმოდგენილი, უცხოელი აქციონერები ჰყავს, შესაბამისად, თიბისის მენეჯმენტის კუთხით პრობლემა არ აქვს.

“კომერციული კუთხით თუ შევხედავთ, მაგალითად, თიბისის ირგვლივ განვითარებული მოვლენები ნამდვილად უცნაურია. ასეთი რამ ჩემთვის წარსულთან ასოცირდება. თიბისი ლონდონის საფონდო ბირჟაზეა, ამ ბანკს ასევე უცხოელი აქციონერები ჰყავს. მენეჯმენტის კუთხით ბანკს ყველაფერი წესრიგში აქვს. შესაძლოა რაიმე არასწორი მომხდარიყო ათ წელზე მეტი ხნის წინ, თუმცა ჩემთვის გაუგებარია რატომ მოხდა ამ საკითხით დაინტერესება ახლა, ამდენი ხნის შემდეგ და არა მანამდე. თუ ეროვნული ბანკისგან სანქციებს პროპორციული სახე არ ექნება, ეს შექმნის შთაბეჭდილებას, რომ პროცესები პოლიტიკურად არის მოტივირებული. ამ ეტაპზე ამ მოვლენებს საინვესტიციო გარემოზე გავლენა არ მოუხდენია, თუმცა, თუ თიბისის მიმართ ეროვნული ბანკის მიერ არაპროპორციულ სანქციებს ექნება ადგილი, ეს უარყოფითად აისახება ეკონომიკურ გარემოზე,”-განაცხადა პასკალ მენიემ. ელჩის კომენტარის თარგმანს “ტვ პირველი” ავრცელებს.

მთავარმა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში განაცხადა, რომ “თიბისი ბანკიდან” გამოძების ფარგლებში ამოიღო დოკუმენტაცია. უწყების თქმით, 2008 წლის აპრილში და მაისში შპს “სამგორი თრეიდმა” და შპს “სამგორი M-მა” “თიბისი ბანკისგან”, სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს, საერთო ჯამში, 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი.

პროკურატურა ასევე ირწმუნება, რომ ამ კომპანიებისთვის ნასესხები თანხა “თიბისის” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ და ასევე, ბადრი ჯაფარიძემ ისესხეს, როგორც ფიზიკურმა პირებმა, შემდეგ კი ბანკმა ვალი ჩამოაწერა ორივე კომპანიას.

“თიბისი ბანკმა” გავრცელებულ ბრალდებას უსაფუძვლო უწოდა და განაცხადა, რომ აღნიშნული ტრანზაქციები არაერთხელ შემოწმდა როგორც წინა, ისე ახალი ხელისუფლების პირობებში და იქ უკანონო ქმედებები არ ყოფილა.

თიბისი ბანკთან დაკავშირებით 22 იანვარს კომენტარი აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმაც გააკეთა. მისი თქმით, საელჩო ყურადღებით აკვირდება მიმდინარე საგამოძიებო პროცესს.

“ბათუმელებმა” ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ჰკითხა, ჰქონდა თუ არა ინფორმაცია ანაკლიის კონსორციუმთან დაკავშირებული ქართველი ბანკირის, მამუკა ხაზარაძის ირგვლივ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე.

“რაც შეეხება თქვენს შეკითხვას ბანკის მფლობელთან დაკავშირებით, ჩვენ, რა თქმა უნდა, დიდი ყურადღებით ვაკვირდებით ამ პროცესებს და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამას შეიძლება ჰქონდეს რაიმე გავლენა ანაკლიაზე, არამედ იმიტომ, რომ ამერიკული მფლობელობაც არის ამ ბანკში.

ჩვენი სურვილია, რომ საქართველომ მიაღწიოს წარმატებას. ასევე ჩვენი სურვილია, რომ ამერიკელმა ინვესტორებმა საქართველოში წარმატებულად იმოღვაწეონ და სწორედ ეს არის განმაპირობებელი იმისა, თუ როგორი იქნება ჩვენი მოქმედება მომდევნო პერიოდში,” – განაცხადა როს უილსონმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი