ახალი ამბები

რუსეთი აპირებს დროებით გამოეთიშოს გლობალურ ინტერნეტს

12 თებერვალი, 2019 • 2316
რუსეთი აპირებს დროებით გამოეთიშოს გლობალურ ინტერნეტს

რუსეთის ხელისუფლება აპირებს, ცოტა ხნით გამოეთიშოს გლობალურ ინტერნეტს კიბერ-თავდაცვის ტესტის ფარგლებში, — იუწყება BBC.

ტესტის ფარგლებში, მონაცემები გაიცვლება მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებსა და ორგანიზაციების შორის, ანუ ქვეყნის შიგნით, და არ იმოძრავებს საერთაშორისო ქსელში.

კანონპროექტი, სახელწოდებით “ციფრული ეკონომიკის ეროვნული პროგრამა”, რომელიც ქვეყანას ასეთი ტესტის შესაძლებლბას მისცემს, პარლამენტში წინა წელს დარეგისტრირდა. ის ინტერნეტის სერვისის პროვაიდერებს ავალდებულებს, მზად იყონ და მოახერხონ ოპერირება იმ შემთხვევაშიც, თუკი “გარე ძალები ქვეყნის ინტერნეტის იზოლირებას ეცდებიან”.

როგორც BBC წერს, ნატო და მოკავშირეები რუსეთს აფრთხილებენ, რომ სანქციებს დაუწესებენ მის მიერ განხორციელებული კიბერ-თავდასხმების გამო, რაშიც ხშირად სდებენ ხოლმე ბრალს.

კანონპროექტით გათვალისწინებულია, რომ რუსეთმა “ააშენოს” ინტერნეტის მისამართების სისტემის, DNS-ის საკუთარი ვერსია, რათა მოხერხდეს ოპერირება იმ შემთხვევაშიც, თუკი მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში განთავსებულ სერვერებზე წვდომა აღარ ექნება.

ამჟამად მსოფლიოს მასშტაბით 12 ორგანიზაცია ზედამხედველობს DNS-ების ე.წ “რუთ სერვერებს”, რაც ინტერნეტის მამოძრავებელი ძალაა, და არცერთი მათგანი არაა რუსეთში.

როგორც გამოცემა წერს, რუსეთის მთავრობა ფინანსურად ამარაგებს ინტერნეტის სერვისის პროვაიდერებს, რათა მათ განაახლონ ინფრასტრუქტურა და ტესტირება შეუფერხებლად ჩატარდეს.

ტესტის ჩატარება, BBC-ის თანახმადვე, 2019 წლის 1 აპრილამდე იგეგმება, თუმცა ზუსტი თარიღი უცნობია.

მასალების გადაბეჭდვის წესი