ახალი ამბები

ხელთუბნის გზაზე მომხდარი ავარიის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

11 თებერვალი, 2019 • 1288
ხელთუბნის გზაზე მომხდარი ავარიის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხელთუბნის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეზე, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით, 1969 წელს დაბადებული ზ.კ. დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული 2018 წლის 6 ივლისს მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბნის გზაზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც მან სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების წესის დაცვა ვერ უზრუნველყო და 1999 წელს დაბადებულ თ.მ-ს შეეჯახა. თ.მ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში  გამოიკითხა 140-მდე პირი, ამოღებულია შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერები და ჩატარდა კომპლექსური ექსპერტიზები.

შსს აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა მიიღეს გარდაცვლილი თ.მ-ს კომისიური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ამავე დასკვნისა და საქმეზე ჩატარებული სხვა საგამოძიებო მოქმედებების საფუძველზე, პოლიციამ ზ.კ. ბრალდებულის სახით დააკავა.

გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე (რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია),  საქართველოს სსკ-ს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ხელთუბნის მკვიდრის, 18 წლის თორნიკე მერებაშვილის სიკვდილის ობიექტურად გამოძიების მოთხოვნით გორში საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი