შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დუნდუა ვახტან ლაშქარაძემ შეცვალა

შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მიხეილ დუნდუა ვახტან ლაშქარაძემ შეცვალა. ნეტგაზეთს ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურში უთხრეს, რომ ლაშქარაძე 2018 წლის დეკემბრიდან შემოსავლების სამსახურის უფროსის მოვალეობას ასრულებდა.

რაც შეეხება საზოგადოება 2030-ის ყოფილ ექსპერტს, მიხეილ დუნდუას, ის შემოსავლების სამსახურს 2018 წლის 29 აგვისტოდან 11 დეკემბრამდე ხელმძღვანელობდა. პოსტის დატოვების შემდეგ, 2018 წლის დეკემბრიდან, დუნდუა ფინანსთა მინისტრის მოადგილეა.


რაც შეეხება შემოსავლების სამსახურის ახალ უფროსს, ლაშქარაძე უწყებაში 2007 წლიდან მუშაობს, 2008-2010 წლებში ფინანსთა  სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო. 2010 წლიდან  დღემდე შემოსავლების სამსახურში მუშაობდა. 2014 წლიდან კი შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ვახტან ლაშქარაძეს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი, ის ასევე სწავლობდა ლენინგრადის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტში. 2004 წელს კი დაამთავრა თბილისის საბაჟო აკადემია საბაჟო საქმის მართვის მიმართულებით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.