ახალი ამბებისამართალი

თბილისში “ქურდულ შეკრებაში” მონაწილეობის ბრალდებით 5 პირი დააკავეს

11 თებერვალი, 2019 • 1781
თბილისში “ქურდულ შეკრებაში” მონაწილეობის ბრალდებით 5 პირი დააკავეს

დღეს, 11 თებერვალს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და თბილისის პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, “ქურდული სამყაროს” წევრობის, “ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის” და “ქურდული სამყაროს” საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით 5 პირი დააკავეს.

  • დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ხუთივე დაკავებულს 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

შსს-ს ცნობით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული არიან 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.რ, 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.ს, 1980 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ი.მ, 1948 წელს დაბადებული შ.ქ. და 1975 წელს დაბადებული მ.კ.

გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 27 იანვარს ქალაქ თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მოქალაქე მ..-სა და ბიზნესმენ ჯ.მ-ს შორის არსებული უთანხმოების გადაწყვეტის მიზნით, “ქურდული შეკრება” გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ კრიმინალური სამყაროს წევრები: შ.ქ., მ.კ., ი.მ., ლ.ს. და ი.რ.

როგორც შსს აცხადებს, ამავე შეკრებაში ელექტრონული კომუნიკაციის მეშვეობით [ინტერნეტის ვიდეოზარით] ჩაერთო 2016 წლიდან ინტერპოლის მიერ ძებნილი, ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი სულხან ჯაფარიძე (წარსულში სულხან თვალჭრელიძე), რომელმაც თავისი კრიმინალური გავლენის გამოყენებით მხარეებს შორის უთანხმოება “ქურდული წესებით” გადაწყვიტა.

სამართალდამცველების მიერ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დასახელებული ქურდული შეკრების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა განხორციელდა. ასევე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, პოლიციამ 5-ივე პირი მიმდინარე წლის 11 თებერვალს თბილისში დააკავა. ინტერპოლით ძებნილ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდ სულხან ჯაფარიძეს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინება,” – აცხადებს შსს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციამ თბილისში, დაკავებულების საცხოვრებელი ბინებისა და ავტომანქანების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო სხვადასხვა ტიპის, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიება “ქურდული სამყაროს” წევრობის, “კანონიერი ქურდობის”, “ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის” და “ქურდული სამყაროს” საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, 223-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, 223-ე სეკუნდა მუხლით და 223-ე ტერცია მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიცია განაგრძობს “ქურდული სამყაროს” წინააღმდეგ შეურიგებელ ბრძოლას. შსს-ს განცხადებით, მათი მიზანია ქვეყანაში “ქურდული სამყაროსა” და მასთან დაკავშირებული კრიმინალური მენტალიტეტის აღმოფხვრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი