ახალი ამბები

მოსამართლეები ისევ ერთ აზრზე დგანან უვადო განწესების დასაცავად – იუსტიციის საბჭოს სხდომის დეტალები

11 თებერვალი, 2019 • 1405
მოსამართლეები ისევ ერთ აზრზე დგანან უვადო განწესების დასაცავად – იუსტიციის საბჭოს სხდომის დეტალები

დღეს, 11 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოში იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გაფართოებული გასვლითი სხდომა გამართა. სხდომაზე, სხვა საკითხებთან ერთად, 9 დეპუტატის ის კანონპროექტიც განიხილეს, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ განწესების პროცესის 2025 წლამდე გადავადებას ითვალისწინებს. სხდომას 100-ზე მეტი მოსამართლე ესწრებოდა.

აღნიშნულ კანონპროექტს “არაკონსტიტუციური” და “მოსამართლეთა დამოუკიდებლობისთვის ხელის შემშლელი” უწოდა მომხსენებელ მოსამართლეთა უმეტესობამ.

სხდომის დასასრულისკენ  საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ მოსამართლეებს მოუწოდა, რომ კანონპროექტის მომხრე ერთი მოსამართლე მაინც გამოსულიყო და აუდიტორიას მისი აზრიც მოესმინა, თუმცა დარბაზში ასეთი არავინ აღმოჩნდა.

კანონპროექტს მხარს მხოლოდ 2 ადამიანი, საბჭოს არამოსამართლე წევრები – ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე – უჭერდნენ, თუმცა სხდომის განმავლობაში მათ შეფასებისგან თავი შეიკავეს, მიუხედავად მოსამართლეების მხირდან მათ მიმართ გაკეთებული კომენტარებისა თუ კითხვებისა.

სწორედ ამის გამო საბჭოს მოსამართლე წევრმა, თამარ ონიანმა, თავის კოლეგებს მოუწოდა, რომ გასაუბრებაზე  არც მოსამართლეებმა გასცენ  ამ ორი ადამიანის კითხვას პასუხი.

კანონპროექტი უარყოფითად შეაფასა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის გამოსაცდელი ვადით დანიშნულმა მოსამართლემ – ლავრენტი მაღლაკელიძემ. მისი თქმით, თუ კანონპროექტი კანონად იქცევა, მოსამართლეები საჩივარს საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანენ. ეს პოზიცია ჟურნალისტებთან საუბარში დიმიტრი გვრიტიშვილმაც გაიზიარა.

“თუ ეს კანონპროექტი კანონად იქცევა, რასაც მე თითქმის გამოვრიცხავ, სხვა გზა თუ არ დაგვრჩება, სასამართლო იფიქრებს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვაზე”, – თქვა გვირიტშვილმა.

რაც შეეხება გვირიტშვილის სხვა განცხადებას, სხდომის პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არამოსამართლე წევრების მხრიდან დუმილი შეურაცხმყოფელი იყო სხდომისთვის ჩამოსული მოსამართლეებისთვის.

“მე ვფიქრობ, რომ სამართლებრივი არგუმენტები არ გააჩნიათ. მათ ელემენტარულად გამბედაობა არ ეყოთ, რომ მოსამართლეებიისთვის შეკითხვებზე პასუხი გაეცათ. ისინი გამბედავნი არიან ინტერვიუს  მოცემისას, სხვადსხვა არასამთავრობო ორგანიზაციების, ბრჭყალებში – პოლიტიკური პარტიებისთვის, კონსულტაციების გაწევისას…

საქართველოს პარლამენტის გარკვეული ნაწილის მიერ წამოწყებული ეს პოზიცია, რომელსაც მხარს უჭერენ ქალბატონები – არის აბსოლუტურად გასული სამართლებრივი ჩარჩოებიდან და აშკარად, ატარებს სუბიექტურ და პოლიტიკურ ნიშნებს”, – ამბობს დიმიტრი გვირიტშვილი კანონპროექტის შეფასებისას.

ჟურნალისტებთან საუბარში გვრიტიშვილმა თქვა, რომ მოსამართლეთა უვადოდ განწესების ნორმა, რომელიც მან “ისტორიულ მონაპოვრად” შეაფასა, აუცილებლად დასაცავია, ვინაიდან მას ქვეყანა დემოკრატიის გზით მიჰყავს. რაც შეეხება კანონპროექტის ავტორებს, მათ შორის, ეკა ბესელიას, გვრიტიშვილის აზრით, მას შურისძიება ამოძრავებს.

გვირიტშვილმა დასძინა, რომ ის თამარ ონიანის პათოსს იზიარებს და სავარაუდოდ თავადაც არ გასცემს არამოსამართლე წევრების მიერ დასმულ კითხვებს პასუხებს.

რაც შეეხება თავად არამოსამართლე წევრებს, ისინი ამბობენ, რომ კანონპროექტს მხარს უჭერენ, თუმცა მასზე განმარტებების კეთება კანონპროექტის ავტორების საქმეა.

სხდომის შეფასებისას ანა დოლიძემ ჟურნალისტებთან თქვა, რომ დღევანდელი შეხვედრა სხვა არაფერია, თუ არა იმის ნიშანი, რომ სასამართლო სისტემას ცვლილება სჭირდება.

“დღეს ჩვენ ვიხილეთ საბჭოს მცდელობა მოეწყოთ ამხანაგური სასამართლო ჩემთვის და ნაზი ჯანეზაშვილისთვის… მთელი ქვეყნის მასშტაბით სასამართლო სხდომების გაუქმების ხარჯზე, უდიდესი სახელმწიფო რესურსის დახარჯვის ხარჯზე – აქ ჩამოვიდნენ მოსამართლეები სხვადასხვა რეგიონიდან”, – ამბობს დოლიძე.

“ბევრად უფრო მეტი პიროვნული თავდასმმა იყო დღეს, ვიდრე რაიმე საქმიანი, თუნდაც სამართლებრივი კითხვა, რომელიც მიმართული უნდა ყოფილიყო პარლამენტისკენ პირველ რიგში. საბჭოს მხრიდან ამ ამხანაგური სასამართლოს მოწყობის ეს მცდელობა არის ყველაზე კარგი დასტური იმისა, რომ ჩვენს სასამართლო ხელისუფულებას მართლაც სჭირდება სწრაფი და სერიოზული ცვლილებები”, – ამბობს დოლიძე.

რაც შეეხება მოსამართლეების მხრიდან მათი კითხვების შესაძლო ბოიკოტს, ანა დოლიძე დასძენს, რომ საბჭომ წარსულში არაერთხელ სცადა მსგავსი ღონისძიებების გატარება, შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლეები მის კითხვებს პასუხს არ გასცემენ, ეს არ გაუკვირდება.

ამავე თემაზე

როცა მოსამართლეები ერთნაირად მსჯელობენ, აკრიტიკებენ და მიესალმებიან

მასალების გადაბეჭდვის წესი