არასამთავრობოები პრეზიდენტს მოუწოდებენ, შეიწყალოს დეკანოზი მამალაძე

ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ, შეიწყალოს დეკანოზი გიორგი მამალაძე.

ორგანიზაციების თანახმად, “საერთო სასამართლოების მიერ დადგენილი განაჩენები და მსჯავრდებული პირისა და მისი ადვოკატების ახსნა-განმარტებები აჩვენებს, რომ საქმეში დაირღვა არსებითი ხასიათის პროცესუალური და მატერიალურ-სამართლებრივი სტანდარტები”.


ხელმომწერი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ “მამალაძის საქმეზე მიღებული განაჩენები არ აკმაყოფილებს დასაბუთებული გადაწყვეტილების სტანდარტს; საქმეზე არსებითი და გადამწყვეტი ხასიათის მტკიცებულება ეროვნული კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებათა სტანდარტის დარღვევით არის მოპოვებული, რაც მთლიანობაში გიორგი მამალაძის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევაზე მიუთითებს”.

“სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ობიექტურობა განსაკუთრებით სწორედ პოლიტიკური ინტერესის საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებებით იზომება, სამწუხაროა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა დეკანოზის საქმეზე მიუკერძოებლობის და ადამიანის უფლებების სტანდარტებთან შესაბამისობის ეს ტესტი ვერ ჩააბარეს. ამ პირობებში ხელმომწერი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ მნიშვნელოვანია, დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ პრეზიდენტმა შეწყალების კონსტიტუციური უფლებამოსილება გამოიყენოს და უსამართლო მართლმსაჯულების მძიმე შედეგებისა და უფლების დარღვევების აღმოფხვრა ამ გზით უზრუნველყოს”, – აცხადებენ ორგანიზაციები

ორგანიზაციების არგუმენტებს უცვლელად გთავაზობთ:

  • საქმეზე არსებითი და გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების მოპოვება კანონის მოთხოვნებისა და ადამიანის უფლებათა სტანდარტების უხეში დარღვევით მოხდა, რამაც საქმის ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულების (დანაშაულის საგნის) ვალიდურობა და სანდოობა ეჭვსქვეშ დააყენა.  კერძოდ,  მამალაძის დაკავება მოხდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, მას შემდეგ, რაც მან საპასპორტო კონტროლი გაიარა და ბარგი ჩააბარა. საგამოძიებო ორგანოს მიერ ბარგის ამოღება მსჯავრდებულის დაუსწრებლად, ვიდეოგადაღების გარეშე განხორციელდა და ბარგი მას დაკავებიდან დაახლოებით ცხრა საათის შემდგომ წარედგინა. საქმის მთავარი და ძირითადი მტკიცებულების ამ პირობებში და წესით ამოღება განაჩენის კანონიერების საკითხს არსებითად სადავოს ხდის.
  • საქმის განხილვის დროს არსებითად დაირღვა მტკიცების ტვირთის გადანაწილების წესი .განაჩენებში სასამართლო ღიად უთითებს დაცვის მხარის ვალდებულებაზე გამამართლებელი მტკიცებულების წარდგენის აუცილებლობის შესახებ, მაშინ როცა კანონი სწორედ ბრალდების მხარეს (პროკურატურას) აკისრებს მტკიცების ტვირთს. სასამართლო მამალაძის საქმეში სრულად აიგნორებს ბრალდების ტვირთის განაწილების აღნიშნულ პრინციპს და ნაცვლად იმისა, რომ შეაფასოს ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, ადასტურებს თუ არა  გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის ბრალეულობას, მსჯელობს იმის თაობაზე, წარადგინა თუ არა დაცვის მხარემ გამამართლებელი მტკიცებულებები.
  • საქმის განხილვის პროცესში დაირღვა სასამართლო განხილვის საჯაროობის პრინციპი, რამაც საქმეზე საზოგადოებრივი კონტროლის შესაძლებლობა არსებითად შეამცირა. კერძოდ, ორივე ინსტანციის სასამართლომ დაუსაბუთებლად და კანონით გაუთვალისწინებელი გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო სხდომის დახურვის გადაწყვეტილება. ამასთან ერთად, გიორგი მამალაძის ადვოკატებს პროკურატურამ გამოძიების საწყისი ეტაპიდანვე შეუზღუდა საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება, გაუხმაურებლობის პირობის ჩამორთმევით.
  • პროცესუალური დარღვევების მიღმა პრობლემურია გიორგი მამალაძისთვის წარდგენილი და სასამართლოს მიერ დადასტურებული ბრალდების სამართლებრივი შეფასების და კვალიფიკაციის საკითხი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-18 მუხლის თანახმად, „დანაშაულის მომზადებად ითვლება დანაშაულის ჩადენისათვის პირობების განზრახ შექმნა“. დანაშაულის პირობებში მოიაზრება, მათ შორის, ,,ინფორმაციის მოძიება, დანაშაულებრივი ქმედების განზრახვა და სხვა. მნიშვნელოვანია, რომ კანონმდებელი აქცენტს პირობების და არა პირობის შექმნაზე აკეთებს, რაც გულისხმობს იმას, რომ აღნიშნული კვალიფიკაციისთვის აუცილებელად უნდა დგინდებოდეს ყველა პირობის არსებობა. მამალაძის მიმართ დადგენილი განაჩენები კი ყურადღებას არა პირობებზე, არამდე ერთ პირობაზე ამახვილებს, კერძოდ, განაჩენები ეყრდნობა  მამალაძის მიერ ინტერნეტის საშუალებით დანაშაულის საგნის შესახებ ინფორმაციის მოძიებას და არ ასაბუთებს დანაშაულის მომზადებისთვის აუცილებელი ელემენტის – განზრახვის არსებობას.
  • პირველივე დღეებიდან, დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმფცია სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენელთა მხრიდან, რამაც განაჩენის გამოტანამდე შექმნა საზოგადოებრივი წინასწარი განწყობა დეკანოზის დამნაშავეობასთან დაკავშირებით.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
  • კონსტიტუციის 42-ე მუხლი
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი
  • ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • საერთაშორისო გამჭვირვალება – საქართველო (TI)
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com