ახალი ამბები

რაზე (ვერ) შეთანხმდნენ თეოლოგი გოჩა ბარნოვი და სემინარიის ადმინისტრაცია

11 თებერვალი, 2019 • 2461
რაზე (ვერ) შეთანხმდნენ თეოლოგი გოჩა ბარნოვი და სემინარიის ადმინისტრაცია

კონსულტაციები იმის შესახებ, გააგრძელებს თუ არა თეოლოგი გოჩა ბარნოვი სასულიერო სემინარიაში საქმიანობას, 14 თებერვალს განახლდება. როგორც ბარნოვმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, სემინარიის ადმინისტრაციისა და სამეცნიერო საბჭოს წევრებთან დღევანდელ შეხვედრაზე შეთანხმება ვერ მოხდა.

ბარნოვის თქმით, შეხვედრაზე საუბარი ძირითადად წარიმართა ერთი ფრაზის ირგვლივ  – საუბარია თეოლოგის მიერ “ინტერპრესნიუსსთვის” მიცემული ინტერვიუში ნათქვამზე, რომ “ყველა ნორმალური ადამიანი და საღ ჭკუაზე მყოფი ეკლესიის მეთაური” უკრაინის ავტოკეფალიას ნელ-ნელა აღიარებს.

ბარნოვი ამბობს, რომ მისი ეს ფრაზა შესაძლოა “მკაცრ ტონს” შეიცავდა, მაგრამ  პატრიარქის მიმართ შეურაცხმყოფელი არ ყოფილა.

“როგორც ჩანს, ფორმა არ მოეწონათ იმიტომ, რომ თქვეს, უკრაინის ავტოკეფალიას ჩვენც ვეთანხმებითო. როდესაც პირადად ველაპარაკებით ეპისკოპოსებს, ყველა თანახმაა უკრაინის ეკლესის ავტოკეფალიაზე”,- განაცხადა გოჩა ბარნოვმა.

მისი თქმით, სემინარიის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, რომ ის არ გაუთავისუფლებიათ, თუმცა საბჭოს რამდენიმე წევრი ადასტურებს ინფრომაციას, რომ ბარნოვისთვის ლექციების შეჩერების გადაწყვეტილება მიღებული იყო და შემდეგ შეიცვალა.

დღეს  გოჩა ბარნოვი სასულიერო სემინარიაში ლექციას ჩვეულებისამებრ ჩაატარებს, ხუთშაბათს კი სამეცნიერო საბჭოსთან მორიგი შეხვედრა გაიმართება.

დღევანდელი შეხვედრა სტუდენტების აქციის ფონზე მიმდინარეობდა.

“გოჩა ბარნოვი სასულიერო სემინარიდან გათავისუფლების საფრთხის წინაშე დგას ერთადერთი მიზეზის გამო, რომ ის არის უკრაინის ავტოკეფალიის მხარდამჭერი. ამის გასაპროტესტებლად და გოჩა ბარნოვის მხარდასაჭერად შევიკრიბეთ, რათა გავაპროტესტოთ ის ძალმომრეობა და უსამართლო მიდგომა, რასაც დღეს ადგილი აქვს სასულიერო სემინარიაში”,- განუცხადა ” ნეტგაზეთს” თეოლოგმა ვლადიმერ წითლიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი