108 საჯარო სკოლიდან 16 სკოლაში სასმელი წყალი საერთოდ არ არის – სახალხო დამცველი

სახალხო დამცველის ინფორმაციით, 108 საჯარო სკოლიდან 16 სკოლაში სასმელი წყალი საერთოდ არ არის, გამოკვლეული სკოლების უმრავლესობაში საპირფარეშოები მოუწესრიგებელია და იქ ანტისანიტარული მდგომარეობაა.

ომბუდსმენის აპარატმა მოამზადა სპეციალური ანგარიში “წყალი, სანიტარია და ჰიგიენა საქართველოს საჯარო სკოლებში”. აპარატის ცნობით, ასეთი მდგომარეობის მიუხედავად, 108 სკოლიდან მხოლოდ 11 სკოლის ადმინისტრაცია ასახელებს სასმელი წყლის ხელმისაწვდომობას, როგორც პრობლემას.

მათივე ცნობით, წყლისა და სანიტარული მდგომარეობის მონიტორინგი ჩატარდა საქართველოს 6 რეგიონის (აჭარა, სამეგრელო-ზემო სვანეთი, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, ქვემო ქართლი) 108 საჯარო სკოლაში. ომბუდსმენის აპარატმა სოფლებსა და ქალაქებში შეისწავლა როგორც დიდი, ისე მცირე და საშუალოკონტიგენტიანი სკოლები.

მომზადებული ანგარიშის თანახმად, წყალის არარსებობა პრობლემებს უქმნის როგორც მოსწავლეებს, ისე სკოლის თანამშრომლებსა და დამლაგებლებს, ვინაიდან წყლით სკოლის მომარაგება რამდენიმე კილომეტრით დაშორებული მოსახლის ეზოდან უხდებათ. ასეთ პირობებში მოსწავლეებს არ აქვთ შესაძლებლობა მიიღონ საკმარისი ოდენობის სასმელი წყალი, დაიბანონ ხელი და ა.შ.

სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ შემოწმებული დაწესებულებებიდან 71.3%-ში წყლის უვნებლობის მონიტორინგი არასდროს განხორციელებულა. ანგარიშში წერია, რომ საჯარო სკოლებს არ აქვთ საკმარისი ფინანსები, საკუთარი ინიციატივით ლაბორატორიაში შეამოწმონ სასმელი წყალი. ამასთან, სკოლის ადმინისტრაციაში არ იციან, რომელ უწყებას ევალება ან რა გზით უნდა შემოწმდეს სასმელი წყლის უვნებლობა.

ანგარიშის მიხედვით, სოფლად მდებარე და მცირეკონტინგენტიან სკოლებში არ არის ბუფეტები, რის გამოც მოსწავლეები სასკოლო დროს ხშირად სკოლასთან ახლოს მდებარე ადგილობრივ მაღაზიებში ყიდულობენ საკვებს, რომლის უვნებლობაც არ კონტროლდება.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, შემოწმებული სკოლების უმეტესობაში არ არის ხელმისაწვდომი შემდეგი რესურსები: ბუფეტი (74.1%); სამედიცინო კაბინეტი (67.6); ცენტრალური წყალგაყვანილობის სისტემა სკოლის შენობაში (63.9%); ცენტრალური წყალგაყვანილობის სისტემა სკოლის ეზოში (54.6%).

კვლევის შედეგად გამოვლინდა შემდეგი ტიპის განსხვავებები: ხელსაბანი ნიჟარები და ბუფეტი ქალაქის ტიპის დასახლების სკოლების მოსწავლეებისთვის უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე სოფლად მდებარე სკოლების მოსწავლეებისთვის (ხელსაბანი ნიჟარები
ხელმისაწვდომია: ქალაქი – 90.9%, სოფელი – 69.8%; ბუფეტი ხელმისაწვდომია და გამართულად მუშაობს: ქალაქი – 71.4%; სოფელი – 19.3%).

საპირფარეშოების მდგომარეობა საჯარო სკოლებში

სახალხო დამცველის მიერ მომზადებული ანგარიშში წერია, რომ სკოლების სველ წერტილებშიი ხშირად ანტისანიტარიული პირობებია, დროულად არ გააქვთ ნარჩენები, საპირფარეშოს ჯიხურებს არ ასუფთავებენ და მოძველებულია ტუალეტების ინფრასტრუქტურა. ზოგიერთ სკოლაში საპირფარეშოს ჯიხურებს არ აქვს კარ-ფანჯარა, ავარიულია და არის ჩამოშლის საფრთხე. მსგავსი პრობლემების გამო, სკოლის თანამშრომლები და მოსწავლეები თავს არიდებენ სკოლის საპირფარეშოებით სარგებლობას.

“სკოლების ნაწილში მოქმედი საპირფარეშოები ანტისანიტარიულ მდგომარეობაშია, ნაკლებ გვხვდება ხელსაბანი საპონი, ქაღალდი, ხელსაწმენდი, ხელსაბანი ონკანი და ა.შ. საპირფარეშოს ჯიხურებში შემთხვევათა მხოლოდ 44.4 %-შია ხელსაბანი საპონი, შემთხვევათა 26.9 %-ში- ხელსაწმენდი, ხოლო 25.9 %-ში მუშაობს წყალჩამრეცხი სისტემა. საგულისხმოა, რომ შემოწმებისას ასევე გამოვლინდა სხვადასხვა სახის პრობლემები, რომლებიც ეხება უფუნქციო წყალჩამრეცხ სისტემას, ანტისანიტარიას, სპეციფიკურ სუნს და ა.შ. ვიზუალურმა დათვალიერებამ აჩვენა, რომ შემოწმებულ სკოლებში, უმთავრესად კი, სოფლად და მაღალმთიან რეგიონებში, საპირფარეშოს ჯიხურები ძირითადად სკოლების შენობების გარეთ (57.4%) არის მოთავსებული. 11 სკოლაში საპირფარეშოს ჯიხურები განთავსებულია როგორც სკოლის შენობის შიგნით, ისე გარეთ,”-წერია ანგარიშში.

ამასთან, შემოწმებულ სკოლებში, უმთავრესად სოფლად და მაღალმთიან რეგიონებში, საპირფარეშოს ჯიხურები ძირითადად სკოლის შენობების გარეთ (57.4%) არის გაკეთებული.

„ჩატარებულმა კვლევამ კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩინა არსებული პრობლემები, რაც ყოველდღიურ რეჟიმში საფრთხეს უქმნის ბავშვების ჯანმრთელობას და ხელს უშლის მათ განათლების უფლების ეფექტურ რეალიზებაში“, – აცხადებს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის სათანადო პირობებზე ხელმისაწვდომობა კანონით დაცული უფლებაა. გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტის თანახმად, ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა ეფუძნებოდეს მის ფიზიკურ, ემოციურ, სოციალურ და საგანმანათლებლო საჭიროებებს; ხოლო უვნებელი სასმელი წყალი, ისევე როგორც სანიტარულ–ჰიგიენური პირობების მოწესრიგება, არსებითია სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლებათა რეალიზებისთვის . აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) შეფასებით, დაბინძურებული წყლის მიღება აფერხებს ბავშვის ფსიქო–ფიზიკურ განვითარებას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.