უვადო განწესების გადავადება არაკონსტიტუციურია – იუსტიციის საბჭოს მოსამართლეები

დღეს, 11 თებერვალს, საქალაქო სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გასვლითი სხდომა იმართება. სხდომაზე განიხილავენ 9 დეპუტატის კანონპროექტს, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ განწესების 2025 წლამდე გადავადებას ითვალისწინებს.

საბჭოს მოსამართლე წევრები, მათ შორის, გოირგი მიქაუტაძე, სერგო მეთოფიშვილი და დიმიტრი გვრიტიშვილი მიიჩნევენ, რომ თუ პარლამენტი ამ კანონპროექტს დაამტკიცებს, ის არაკონსტიტუციურად მოიქეცვა.


“ეს არის სასამართლო დამოუკიდებლობის შესახებ ძალიან მნიშვნელოვანი თემა. მინდა შევეხო იმ კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს უვადოდ დანიშვნის გაუქმებას. საქართველოს კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, რომ მოსამართლე უვადოდ ინიშნება და ამ წესის გამონაკლისი არის მხოლოდ გარდამავალ დებულებებში და უშვებს მოსამართლის პირველად განწესების შემთხვევაში მის დანიშვნას სამი წლის ვადით. სხვა შემთხვევაში კონსტიტუცია ამას არ უშვებს და ჩვენ წარმოუდგენელად გვესახება კანონპროექტის სამართლებრივი დასაბუთება”,- ამბობს გიორგი მიქაუტაძე.

მისი თქმით, ამ კანონპროექტით რიგ პოლიტიკურ ძალებს მოსამართლეებზე ზემოქმედების შენარჩუნება უნდათ.

რაც შეეხება არამოსამართლე წევრებს, ნაზი ჯანეზაშვილი დასძენს, რომ ამ ტიპის გადაწყვეტილების მიმღები მხოლოდ პარლამენტია და არა რომელიმე კლანი.

“დღევანდელი სხდომა შეთანხმებული არ ყოფილა ჩვენთან, ეს გადაწყვიტეს მოსამართლე წევრებმა. როგორც ჩანს, [იმისთვის] რომ მოეწყოთ მორიგი შოუ, ჩვენ ვნახეთ ბოლო კონფერენციაზე, რომ მოსამართლეებმა საზოგადოებას აჩვენეს მოჩვენებითი ერთიანობა, მე მიმაჩნია, რომ ამგვარი კამპანიური ღონისძიებებით, რომელსაც სასამართლო აორგანიზებს, ის უპირისპირდება საზოგადოების მთავარ ინტერესს, ჰქონდეს დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული სასამართლო. ეს არის სრულიად მიუღებელი”, – ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.

9 დეპუტატი გამოდის საკანონმდებლო ინიციატივით, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საერთო სასამართლოების პირველ და მეორე ინსტანციებში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა 2025 წლამდე შეაჩეროს.
კანონპროექტს ხელს აწერენ შემდეგი დეპუტატები: გედი ფოფხაძე, საშა ერქვანია, ზვიად კვაჭანტირაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭნაძე, ოთარ ჩრდილელი, ეკა ბესელია, ლევან გოგიჩაიშვილი.

ეკა ბესელიას განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციაში არსებობს გარდამავალი დებულება, რომლის მიხედვითაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს 2024 წლამდე შეუძლია უვადოდ მოსამართლეების დანიშვნის გადავადება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან