ახალი ამბები

გიორგი ისაკაძემ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დატოვა

10 თებერვალი, 2019 • 1578
გიორგი ისაკაძემ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დატოვა

გიორგი ისაკაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დატოვა. როგორც “ფორბსის” ქართული გამოცემის რედაქტორმა “ნეტგაზეთს” უთხრა, ილიაუნის ბიზნესის სკოლის ასოცირებული პროფესორი თებერვლის დასაწყისიდან აღარ არის.

ისაკაძის თქმით, მის მიერ უნივერსიტეტის დატოვების გადაწყვეტილება ილიაუნიში მიმდინარე რეორგანიზაციას უკავშირება:

“მიზეზი არის რეორგანიზაციის თემა, რომელთან დაკავშირებით მაქვს კითხვები. სხვა თემებზე ჯერ არ მინდა კომენტარის გაკეთება. ვაკვირდები მოვლენებს როგორ განვითარდება” – ამბობს ისაკაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მანამდე, 31 იანვარს გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანის თანსამდებობიდან გაათავისუფლეს. ქადაგიძის ინფორმაციით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ცვლილებების შიში და ძირეული სიახლეების მიუღებლობა აქვს, სწორედ ამის გამო მოხდა მისი გათავისუფლება.

ქადაგიძეს Facebook-ითვე უპასუხა უნივერსიტეტის რექტორმა, გიგა ზედანიამ. მისი თქმით, უნივერსიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, დაეფუძნებინა მენეჯმენტის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი, სადაც იფუნქციონირებს ბიზნესის სკოლა, განათლების სკოლა და სხვა პროგრამები. როგორც ზედანია წერს, პროფესორები რჩებიან, პროგრამები რჩება და იზრდება სინერგია დისციპლინებს შორის.

მიმდინარე დღეებში ქადაგიძესთან დაკავშირებით უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ ორი განცხადება გაავრცელა. პირველ განცხადებაში საბჭო აღნიშნავდა, რომ ქადაგიძის პოზიცია, რომელმაც “ცვლილებები დაუკავშირა საკუთარ პიროვნებას”, მოულოდნელი და გაუგებარია.

4 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში კი საბჭო აღნიშნავს, რომ გასული წლის დეკემბერში გიორგი ქადაგიძემ ადმინისტრაციული ხელმძღვანელის გადაყენების ულტიმატუმით მიმართა. საბჭოს თანახმად, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გადაყენება ქაგადიძემ მოითხოვა იმ პრობლემათა გამო, რომელთა მოგვარებაც მის კომპეტენციას სცილდება.

ნეტგაზეთის კითხვაზე, რატომ ეწინააღმდეგება ბიზნესსკოლის გაერთიანებას ახალ ფაკულტეტში, იმ ფონზე, როცა აკადემიური საბჭო აცხადებს, რომ დეკანის შესარჩევ კონკურსში მასაც შეუძლია მიიღოს მონაწილეობა, ქადაგიძემ განაცხადა:

“ნებისმიერი რეორგანიზაცია შემოთავაზებული პრინციპით არის ფარსი. არ შეიძლება მსგავსი ტიპის რეორგანიზაციები გაკეთდეს ისე, რომ მთავარი, ვისაც ეხება ცვლილება, სტუდენტებს, არ ჰქონდეთ ამის შესახებ ინფორმაცია. არ შეიძლება წარმომადგენლობითი საბჭო სკოლის წლიურ ბიუჯეტს ამტკიცებდეს ისე, რომ საბჭოს არცერთ წევრს ბიუჯეტი წინაწარ ნანახიც არ ჰქონეს.”

მასალების გადაბეჭდვის წესი