ახალი ამბები

ჩვენ აღვადგენთ ურთიერთობას საქართველოსთან – გუაიდოს წარმომადგენელი აშშ-ში

8 თებერვალი, 2019 • 1055
ჩვენ აღვადგენთ ურთიერთობას საქართველოსთან – გუაიდოს წარმომადგენელი აშშ-ში

„არანაირი ეჭვი არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენ, როგორც შუალედური პრეზიდენტი და  გარდამავალი მთავრობა, სრულ კონტროლს მოვიპოვებთ მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე,   ვიმუშავებთ საქართველოსთან.  ჩვენ გვინდა გავხსნათ ურთიერობები საქართველოსთან. ჩვენ მათთან ერთად ვართ და მათ საქმეს მხარს ვუჭერთ. ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოს და ვაღიარებთ საქართველოს, როგორც ერთადერთ ქვეყანას, რომელსაც გააჩნია იურისდიქცია აღნიშნულ ტერიტორიებზე. არსებული სიტუაცია ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს”, – განაცხადა აშშ-ში ვენესუელის დროებითი პრეზიდენტის წარმომადგენელმა კარლოს ალფრედო ვეკიომ, საქართველოს საგარეო საქმეთა  მინისტრთან შეხვედრის შემდგომ, რა დროსაც ასევე ისაუბრა ოკუპირებული ტერიტორიების აღირებასთან დაკავშირებით.

ამ ინფორმაცია საგარეო უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, ალფრედო ვეკიომ დადებითად შეაფასა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართული შეხვედრა და მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს ვენესუელის დროებითი მთავრობის პრეზიდენტის მხარდაჭერისთვის:  „ჩვენ შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან.  გვინდოდა  საქართველოს დელეგაციისთვის მადლობა გადაგვეხადა ჩვენი საქმის,  კერძოდ კი, ვენესუელის დროებითი მთავრობის პრეზიდენტის, ხუან გუაიდოს მხარდაჭერისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის და იმედი გვაქვს, რომ ამგვარი ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება”, -განაცხადა ალფრედო ვეკიომ.

შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს პოზიცია ვენესუელის მიმართ. მისი განცხადებით, საქართველო არასდროს აღიარებდა მადუროს რეჟიმს; აღნიშნა, რომ  საქართველოს ხელისუფლებამ არ ცნო 2018 წელს ვენესუელაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, რომელიც ცალსახად არადემოკრატიულ გარემოში ჩატარდა. მისი თქმით, საქართველო აღიარებს  ეროვნულ ასამბლეას, როგორც ქვეყნის ერთადერთ ლეგიტიმურ ორგანოს, და ხუან გუაიდოს, როგორც დროებით პრეზიდენტს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველო ყურადღებით აკვირდება  ვენესუელაში მიმდინარე პროცესებს და იმედოვნებს,  რომ ქვეყანა ახლო მომავალში დაუბრუნდება საერთაშორისო სამართლებრივ სივრცეს, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, ორ ქვეყანას შორის აღდგეს სრულფასოვანი ურთიერთობები, რომელიც დაფუძნებული იქნება სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის პრინციპზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი