რა საგადასახადო შეღავათებს სთავაზობს სახელმწიფო ტრანსნაციონალურ კომპანიებს

ტრანსნაციონალური კომპანიები, რომლებიც საქართველოში გახსნიან მთავარ ოფისებს, ინოვაციურ ცენტრებს, ლაბორატორიებს, სავარაუდოდ,  საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ. ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, ეს კომპანიები საერთაშორისო კომპანიის სტატუსს მიიღებენ, რის შედეგადაც შემდეგი გადასახადებისგან გათავისუფლდებიან:

  • დღგ-სგან, მის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ მომსახურების  გაწევისას;
  • დაქირავებული პირისათვის ხელფასის გაცემისას საშემოსავლო გადასახადის გადახდის წყაროსთან დაბეგვრის ვალდებულებისგან;
  • ქონების (გარდა მიწისა) გადასახადისგან, თუ ეს ქონება გამიზნულია  ან გამოიყენება  საქართველოს მთავრობის დადგენილებით ნებადართული საქმიანობისთვის.

კანონპროექტი საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს ითვალისწინებს და, როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, პარლამენტს უკვე გაეგზავნა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით,  საერთაშორისო კომპანია მოგების გადასახადით  დაიბეგრება 5%-იანი განაკვეთით, ხოლო კომპანიის მიერ გაცემული დივიდენდი არ დაიბეგრება. მოქმედი კანონმდებლობით, განაწილებული მოგება 15%-ით იბეგრება.

უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირის მიერ, რომელიც მხოლოდ საქართველოს რეზიდენტია, საერთაშორისო კომპანიიდან მიღებული ხელფასი საშემოსავლო გადასახადიდან თავისუფალი იქნება.

ფინანსთა სამინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი “ტვ პირველთან” საუბრისას ამბობს, რომ კანონპროექტს ბიუჯეტის შემოსავლებზე გავლენა არ ექნება, რადგან საქართველოში ამ ეტაპზე მსგავსი კომპანიები არ ფუნქციონირებენ, შესაბამისად, შემოსავლების ნაწილში ბიუჯეტს რაიმე დანაკლისი არ ექნება.

“იმისათვის, რომ ეს საგადასახადო რეჟიმი კომპანიის მიმართ ამოქმედდეს, ეს კომპანია სერვისებს უნდა აწვდიდეს საქართველოს ფარგლებს გარეთ და მას ორზე მეტ ქვეყანაში უნდა ჰქონდეს ბიზნესის წარმოების გამოცდილება. მთავარი კომპონენტი არის ის, რომ საქართველოში რეგისტრირებულმა კომპანიამ სერვისის ექსპორტი განახორციელოს და მას ბიზნესი ორზე მეტ ქვეყანაში უნდა გააჩნდეს. კანონპროექტი კომპანიებს საქმიანობის კონკრეტულ მიმართულებებს არ სთხოვს, შესაბამისად, საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მიღება ყველა სექტორს შეუძლია,”-აცხადებს ლაშა ხუციშვილი.

“აღნიშნული საგადასახადო შეღავათები იქნება მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისთვის, რომ საქართველოში საქმიანობით დაინტერესდნენ მსხვილი საერთაშორისო კომპანიები და ქვეყანამ  როგორც საკანონმდებლო, ისე საგადასახადო ბაზით კონკურენცია გაუწიოს  სხვა მსხვილ მსოფლიო ფინანსურ ჰაბებს,”-აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.

მულნიტაციონალური, იგივე ტრანსნაციონალური კომპანიები ისეთი კომპანიაებია, რომლებსაც შენობა და სხვა აქტივები ერთზე მეტ ქვეყნაში აქვთ განთავსებული. ხშირ შემთხვევაში ასეთი კომპანიები ერთ რომელიმე ქვეყანაშია დაფუძნებული და ცენტრალური, სათავო ფილიალის მეშვეობით იმართება. ასეთი კომპანიის მაგალითია ამერიკული “ვოლმარტი”, იაპონური “ტოშიბა” და გერმანული BMW.

ტრანსნაციონალური კომპანიებისთვის გარკვეული საგადასახადო შეღავათების დაწესებაზე პრემიერ-მინისტრმა ჯერ კიდევ 2018 წლის ივნისში განაცხადა.

“საქართველოში მსხვილი ტრანსნაციონალური კომპანიების შემოსვლის უზრუნველსაყოფად, მხარს ვუჭერთ, რომ ამ კორპორაციების წარმომადგენლობები, რომლებიც საქართველოში დაფუძნდებიან და ჩვენი ქვეყნიდან გაყიდიან სერვისებს, მათ ყველა ტიპის გადასახადს ფიზიკურ დონეზე გავუნულებთ. ეს იქნება წინაპირობა იმისთვის, რომ ასეთი მსხვილი ორგანიზაციები საქართველოთი დავაინტერესოთ,” – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.