ორშაბათს, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ბესელიას და 8 დეპუტატის კანონპროექტზე იმსჯელებს

ორშაბათს, 11 თებერვალს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გასვლითი სხდომა გაიმართება. დღის წესრიგი ხუთ საკითხს მოიცავს. მათ შორის, საბჭოს წევრები იმსჯელებენ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც ითვალისწინებს რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ განწესების შეჩერებას 2024 წლის 31 დეკემბრამდე.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, სერგო მეთოფიშვილი მოუწოდებს კანონპროექტის ავტორებს, დაესწრონ საბჭოს სხდომას და მათი პოზიცია დააფიქსირონ:

“მინდა თხოვნით მივმართო საქართველოს პარლამენტის იმ ცხრა პატივცემულ დეპუტატს, რომლებმაც მოამზადეს აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა, კერძოდ, პატივცემულ დეპუტატებს ვთხოვ, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მობრძანდნენ საბჭოს სხდომაზე, სადაც ჯანსაღ ვითარებაში მოვისმენთ ყველა დაინტერესებული მხარის სამართლებრივ არგუმენტებს, გავცვლით პოზიციებს და ერთად ვიმსჯელებთ ამ მეტად მნიშვნელოვან საკითხზე”, – ამბობს მეთოფიშვილი.

საბჭოს გასვლითი სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.

ბესელია და სხვა 8 დეპუტატი მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესის შეჩერებას ითხოვენ

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.