თბილისის მერს ორსულებისა და ბავშვების ტყვიაზე გამოკვლევის პროგრამის დაწყებას სთხოვენ

პორტალზე “იდეა ქალაქის მერს” დედაქალაქის მთავრობას ორსულებსა და ბავშვებში ტყვიისა და სხვა მძიმე მეტალების შემცველობის კვლევითი მუნიციპალური პროგრამის დაწყებას სთხოვენ. ინიციატივის ავტორი დავით ჯორბენაძეა.

როგორც ჯორბენაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას განმარტავს, ინიციატივა ამერიკულ გამოცდილებას ეფუძნება, სადაც მსგავსი პროგრამა ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს:

“ამერიკაში არსებობს ასეთი პრაქტიკა, ყველა ორსულს პირველ და მეორე ტრიმესტრში უტარებენ მსგავს კვლევას, რათა თავიდან აიცილონ მუცლად ყოფნის პერიოდში ნაყოფზე ამ ნივთიერებების ზეგავლენა, ნაადრევი მშობიარობა, მკვდრადშობადობა ან  დაავადებული ბავშვის დაბადება. ბუნებრივია, ეს კვლევა აშშ-ში ტარდება ყოველთვის ყველა ორსულზე. ამასთან, იკვლევენ ახალდაბადებულ ბავშვებს, რომელთა მშობლებსაც რისკები გამოუვლინდა,  და 2 და 4 წლის ბავშვებს. ეს არის სავალდებულო კვლევები”, – ამბობს ინიციატივის ავტორი.

მისი თქმით, ამ პრობლემის აქტუალობას საქართველოში ამ დრომდე ჩატარებული კვლევები ადასტურებს. კერძოდ, როგორც ჯორნებაძე ამბობს, 2015 წელს ჩატარებული კვლევით, ბავშვების დაახლოებით 40 პროცენტს სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა გამოუვლინდა:

“2015 წელს უკვე ჩატარდა კვლევა. ამ კვლევის შედეგების მიხედვით, ბავშვების დაახლოებით 40 პროცენტს სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა ჰქონდათ.  სამიზნე ჯგუფად ავიღეთ  7 წლამდე ასაკის ბავშვები და ორსულები. ამის მიზეზი რამდენიმეა. ტყვია ჰაერში არის საკმაოდ დაბალ სიმაღლეზე გავრცელებული და რეალურად ორი ტიპით ხდება ორგანიზმში მისი მოხვედრა.

ბავშვებისთვის ეს არის ჰაერი, ასევე გადადის მშობლიდან . ამის გარდა, ორგანიზმში ტყვიის მოხვედრა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ხდება. ეს შეიძლება იყოს სათამაშოსთან შეხების შედეგად, საკვებიდან  და ა.შ. პრობლემებს რაც შეეხება, ტყვიის მაღალმა შემცველობამ შეიძლება გამოიწვიოს რეპროდუქციული უნარის დაკარგვა, ძირითად შემთხვევაში უშვილობა,  ორსულებში კი- ტოქსიკოზი”, – ამბობს  ჯორბენაძე.

მისი თქმით, სასურველია მერიამ ორსულებისა და ბავშვების კვლევა რისკ-ჯგუფებში ჩაატაროს. მისი თქმით, ამ ფაქტორებს შორის შეიძლება იყოს ბინადრობა ისეთ ადგილს, სადაც ინდუსტრიული ნარჩენები არ კონტროლდება, ასევე- გარემო, სადაც სამღებრო სამუშაოები ტყვიის შემცველი საღებავებით არის შესრულებული, ტყვიის შემცველი კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება და სხვა:

“ორგანიზმში ტყვიის დასაშვები ნორმა არ არსებობს. უბრალოდ, გარკვეულ დონემდე შეიძლება უსაფრთხო იყოს, შემდეგ კი უკვე საფრთხეს წარმოადგენდეს. პროგრამა მოწყვლად ჯგუფებს უნდა შეეხოს, რომელთანაც ერთი ან მეტი რისკფაქტორი მაინც დაფიქსირდა.

ვფიქრობ, ვინაიდან ეს ინიციატივა თბილისის მერიას მიემართება მერიის სოციალური სამსახურების თუ თბილისის სკრინინგ-ცენტრების მეშვეობით, უნდა დადგინდეს რისკჯგუფები. მერიას აქვს იმის ინსტრუმენტი, რომ რეალურად განასხვაოს ეს მოწყვლადი ჯგუფი სხვა დანარჩენისგან. თუ  საპილოტე პროგრამა დაიწყება თბილისში, შედეგებით  მეტი შანსი გვაქვს სწორად მივუდგეთ ამ პრობლემის მოგვარებას”, – ამბობს ჯორბენაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

დავით ჯორბენაძე მიიჩნევს, რომ მსგავსი პროგრამის განხორციელება მერიას 1 წელში 800 000 ლარი დაუჯდება. მისი თქმით, ეს თანხა საკმარისია რისკჯგუფში შემავალი ყველა ორსულისა და 7 წლამდე ასაკის ბავშვის გამოსაკვლევად ტყვიის შემცველობაზე:

“ეს თანხა პილოტისთვის სავსებით საკმარისი იქნება. კვლევა შეიძლება ჩატარდეს სამი მეთოდით. პირველია ექსპრესტესტი კაპილარული მეთოდით და მარტივად ტარდება, თუმცა დადებითი პასუხის შემთხვევაში გადამოწმებას საჭიროებს უკვე ატომურ-აბსორბციულ სპექტროფოტომეტრზე, რომელიც ითვლება ოქროს სტანდარტად.

რადგან კაპილარული სისხლი ესაა სისხლი, რომელიც გაივლის ფილტვებს, გამდიდრებულია მიკროორგანიზმებით, რომელიც ჰაერშია და, შესაბამისად, ცდომილების ალბათობა არსებობს. ატომურ-აბსორბციულ სპექტროფოტომეტრზე ვენური სისხლი მოწმდება.  რამდენადაც ვიცი, საქართველოში უკვე არსებობს ასეთი ლაბორატორიები, რომლებიც მალე დაასრულებენ აკრედიტაციის პროცესს.  მესამე მეთოდი კი არის თმის კვლევა, რომელიც ახალშობილებში გამოიყენება და ისეთ ჯგუფებში, სადაც პრობლემურია ვენური სისხლის აღება”, – ამბობს ჯორბენაძე.

დავით ჯორბენაძის ინიციატივა შემდეგ ეტაპზე იმ შემთხვევაში გადავა, თუ მერიის პორტალზე 2 500 ხელმოწერას შეაგროვებს. ამჟამად იდეას მხარს 1 500-მდე მოქალაქე უჭერს.

ჯანდაცვის ექსპერტის თქმით, შემდგომი ნაბიჯები მერიაზე, ქალაქის ჯანდაცვის სამსახურზე და თბილისის მერზეა დამოკიდებული. ჯორბენაძე იმედს გამოთქვამს, რომ კახა კალაძე ამ საკითხს გულისყურით მოეკიდება.

ინიციატივის სანახავად გადადით ბმულზე. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.