ახალი ამბებიკომენტარი

სასამართლო “გაჯანსაღდა” “ოცნებისთვის” და არა ქვეყნისთვის – ინტერვიუ გიორგი მშვენიერაძესთან

8 თებერვალი, 2019 • 3189
სასამართლო “გაჯანსაღდა” “ოცნებისთვის” და არა ქვეყნისთვის – ინტერვიუ გიორგი მშვენიერაძესთან

“ქართული ოცნება” პარტიის პოლიტსაბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღიარებს, რომ სასამართლო სისტემაში პრობლემები 2012 წლამდე მართლაც არსებობდა. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პირდაპირ აცხადებს, რომ “მთელი სასამართლო სისტემა იყო ადეიშვილის მორჩილი”, თუმცა პრობლემად არ მიიჩნევს ამავე კადრების სასამართლო კორპუსში დარჩენას.

კობახიძე ამბობს, რომ სისტემა გაჯანსაღდა და ეს მოხდა კადრების ცვლილების გარეშე. “ნეტგაზეთი” ამ თემაზე “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” (GDI) ხელმძღვანელს, გიორგი მშვენიერაძეს ესაუბრა, რომელიც ხელისუფლების მიერ დასახელებულ არგუმენტებს სარწმუნოდ არ მიიჩნევს.

რატომ არის პრობლემა იმ მოსამართლეების სასამართლო სისტემაში ამ დრომდე მოღვაწეობა, რომელთა მიმართ ხელისუფლების ცვლილებამდე მიღებულ გადაწყვეტილებებში კითხვის ნიშნები არსებობს?

ვფიქრობ, სასამართლოგაჯანსაღდა„ქართული ოცნებისთვისდა არა სახელმწიფოსთვის, რადგან ის, რაც მანამდე მიაჩნდა საზოგადოებას და, მათ შორის, ოპოზიციაში ყოფნისასქართულ ოცნებასაც”, სასამართლოს პრობლემად, საზოგადოებას კვლავ პრობლემად მიაჩნია, “ქართული ოცნებისთვისკი ეს პრობლემა აღარაა.  ამიტომ სასამართლოსთან დაკავშირებით თვისებრივი ცვლილება განიცადა თავად ქართული ოცნების დამოკიდებულებამ, და არა თავად სასამართლომ.

ჩვენ ყოველთვის ხაზგასმით აღვნიშნავდით და ახლაც ვიმეორებთ, რომ 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდგომ სასამართლოს გაუჩნდა მნიშვნელოვანი შანსი, რომ მოეპოვებინა როგორც ინსტიტუციური, ისე ინიდივიდუალური მოსამართლეების დამოუკიდებლობა და გაეზარდა მათი თავისუფლების ხარისხი.

გვქონდა იმედი, რომ ამ შანსს გამოყენებდნენ თავად მოსამართლეები და ამის ჩანასახები  20132014 წლებში ერთგვარად ჩანდა. სასამართლო მეტნაკლებად ახერხებდა საკუთარი თავის დაცვას როგორც ხელისუფლების, ასევე, სხვა გარეშე პირების პოლიტიკური თუ სხვა სახის გავლენებისგან.

2015 წლის შემდგომ უკვე ცხადი გახდა, რომ სასამართლო ხელისუფლებაზე გაბატონება შეძლო და 2015 წლის შემდეგ განამტკიცა იმ პირთა ჯგუფმა, რომელიც მანამდეც, წინა ხელისუფლების დროსაც, იყო ჩართული სასამართლო ხელისუფლების „მართვაში“. ეს ჯგუფი, რომელსაც სამართლიანადაც კლანს ვუწოდებთ, დღეს მთლიანად აკონტროლებს სასამართლოს პირველ და მეორე ინსტანციასსაქალაქო (რაიონულ) და სააპელაციო სასამართლოებს.

სასამართლოს უმთავრესი ფუნქცია ადამიანის უფლებათა დაცვაა, თუმცა ეს ჯგუფი ხელმძღვანელობს არა ამ ლეგიტიმური ინტერესით, რაც დაკავშირებულია ქვეყანაში მართლმსაჯულების ხარისხის, სასამართლოს ხელმისაწვდომობის გაზრდისა და მისადმი საზოგადოების ნდობის ამაღლებასთან, არამედ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისა და განმტკიცების მოტივით.

კლანის წევრები ერთმანეთთან მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი ახლო მეგობრბობითა და ნათესაური კავშირებით. მათ ხელშია სასამართლო ხელისუფლების ყველა მნიშვნელოვანი თანამდებობა და ორგანო, კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, იუსტიციის უმაღლესი სკოლა, დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობა, თბილისის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსა და სხვა დიდი სასამართლოების ხელმძღვანელი თანამდებობები.

კლანს მნიშვნელოვანი მოკავშირეები ჰყავთ საკანონმდებლო ხელისუფლებასა და ქართული ოცნების პოლიტიკურ გუნდშიც. ერთადერთი, სადაც კლანი სრული ძალაუფლებით არ არის წარმოდგენილი, არის უზენაესი სასამართლო. ახლა კლანი ცდილობს სწორედ უზენაეს სასამართლოს დაეპატრონოს.

როცა კლანზეა საუბარი, ეს არ არის ხელისუფლებისგან მოწყვეტით მყოფი ჯგუფი. ისინი არიან ხელისუფლებასთან მეგობრულად მყოფი ადამიანები, რომლებიც ყოველთვის  მზად არიან ემსახურონ ხელისუფლებაში მყოფი ჯგუფის ინტერესებს. ისინი ასე იქცეოდნენ წინა ხელისუფლების დროს და დარწმუნებულები ვართ, რომ მათ ანალოგიურად მოქმედება შეუძლიათ დღესაც. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კლანი ქვეყანაში უზრუნველყოფს ხელისუფლებისადმი ლოიალური და მეგობრული სასამართლოს არსებობას.

თქვენ კლანური მმართველობა ახსენეთ. ერთ-ერთ ინტერვიუში კობახიძე სწორად არ მიიჩნევს კლანური მმართველობის გამოყენებას სასამართლოში არსებული ჯგუფის მოხსენიებისას, რადგან მისი შეფასებით, ამ შემთხვევაში ეს ჯგუფი რაიმე ცუდს უნდა სჩადიოდეს. მისი თქმით, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. რატომ იყენებს არასამთავრობო სექტორის ნაწილი ამ ტერმინს, როდესაც ამ ჯგუფზე საუბრობენ?

დავიწყოთ იმით, რომ ნორმალურ ქვეყანაში არ არსებობს პროფესიულ კოლეგიურ ორგანოში კარგად შეკრული ჯგუფები ან გუნდები. შესაძლოა საბჭოს წევრები გადაწყვეტილების მიღების პროცესში ერთიანდებოდნენ გარკვეული იდეების ირგვლივ, მაგრამ კლანს სხვა ინტერესები აერთიანებს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაზე ჩვენი დაკვირვება ცხადყოფს, რომ კლანის წევრები გადაწყვეტილებას საბჭოს სხდომებზე კი არ იღებენ, არამედ სადღაც სხვაგან მიღებული გადაწყვეტილებების გაფორმებას ახდენენ. ეს ეხება როგორც მოსამართლეთა დანიშვნას, ასევე, პრინციპულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებას. ამ ჯგუფის კლანურობა ძალიან კარგად გამოჩნდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების დასახხელებისა და წარდგენის პროცესში. რეალურად, ყველა წევრმა დაადასტურა, რომ გადაწყვეტილება მიიღეს საბჭოს გარეთ და არა საბჭოს სხდომაზე, ხოლო სხდომაზე ეს გადაწყვეტილება გააფორმეს.

ფაქტობრივად, ბატონი კობახიძე ამ განცხადებით თავად ადასტურებს, რომ ეს ადამიანები არიან კლანის წევრები და ამ თანამდებობებზე წარმოდგენილი არიან არა როგორც დამოუკიდებელი ინდივიდები, რომლებსაც, მათ შორის, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოქმედებაც მოეთხოვებათ, არამედ როგორც გუნდის წევრები, და გადაწყვეტილებებსაც ასეთი გუნდური  (კლანური) პრინციპით იღებენ.

როცა საუბარია, რომ ეს ადამიანები ცუდ გადაწყვეტილებებს იღებდნენ 2012 წლამდე და კარგ გადაწყვეტილებებს იღებენ 2012 წლის შემდგომ, დავსვათ შეკითხვა, ვისთვის კარგ გადაწყვეტილებებს იღებდნენ 2012 წლის შემდეგ და ვისთვის ცუდ გადაწყვეტილებებს იღებდნენ 2012 წლამდე.

რა თქმა უნდა, მანამდე ცუდ გადაწყვეტილებებს იღებდნენ მოსახლეობისთვის და დღეს კარგ გადაწყვეტილებებს იღებენ ხელისუფლებისთვის. ყველა მნიშვნელოვანი საქმე, სადაც ხელისუფლების მაღალი ინტერესი იყო, დასრულდა სწორედ ხელისუფლების სასარგებლო გადაწყვეტილებით. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითებია გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის საქმეზე ან მიხეილ სააკაშვილის გასამართლება კონსტიტუციური უფლებამოსილების – შეწყალების გამოყენების გამო.

ხშირად ხელისუფლების წარმომადგენლები საკუთარი არგუმენტების გასამყარებლად ცდილობენ სხვადასხვა კვლევების მოშველიებას და მათი შედეგების მანიპულაციურად წარმოდგენას, თუმცა ყველა მინშვნელოვანი შემფასებელი ცალსახად აღნიშნავს, რომ სასამართლო სისტემაში გვაქვს სერიოზული პრობლემები, რომლის აღიარებაც ხელისუფლებას არ სურს.

ხშირ შემთხვევაში ხდება რიცხვებით მანიპულაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. მაგალითად, ხელისუფლება ამბობს, რომ 2012 წელთან შედარებით პატიმრობის გამოყენებაზე შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზე უარის მაჩვენებელი გაიზარდა. ეს ნადვილად ასეა. თუ 2012 წელს დაკმაყოფილების მაჩვენებელი იყო 92%, დღეს 74%-ია. თუმცა აღნშნული მაჩვენებელი 2014-15 წლებში 60%-ს წარმოადგენდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, 2015 წელთან შედარებით 14%-ით არის გაზრდილი პატიმრობის შესახებ შუამდგომლობების დაკმაყოფილების მაჩვენებელი. თუმცა, არის თუ არა ამის მიზეზი მხოლოდ სასამართლო ხელისუფლება, ცალსახად მტკიცება გაგვიჭირდება, რადგან მასზე გავლენას ახდენს სხვა ფაქტორებიც. იგივე შეგვიძლია ვთქვათ ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენებისა და გირაოს შეფარდების მაჩვენებელზეც.

თუმცა აღსანიშნავია, რომ ქართული ოცნებისა და სასამართლო კლანის რიტორიკა, არგუმენტები და ციტატებიც კი, ძალიან ხშირად ერთი და იგივეა, რაც საფუძვლიანად გვიჩენს ეჭვს, რომ ისინი ურთიერთკოორდინირებულად, ერთიანი სტრატეგიით მოქმედებენ. დეტალურად აღარ ვისაუბრებ იმ კავშირების შესახებ, რომლებიც საზოგადოებისთვის ისედაც ცნობილია, მათ შორის ჩინჩალაძის, რომელიც ამ კლანის ხელმძღვანელია, მეგობრულ კავშირებზე ქართული ოცნების ლიდერებთან.

მმართველი პარტია, ისევე როგორც თავად ეს მოსამართლეები, ხშირად იშველიებენ სტატისტიკას, რომელიც, მათი თქმით, სასამართლო სისტემაში განხორციელებულ პოზიტიურ ცვლილებებს ცხადყოფს. მათ შორის ხშირად სახელდება Heritage Foundation-ის კვლევაც.

Heritage Foundation-ის კვლევაზე სპეკულაცია არ მთავრდება ხელისუფლების მხრიდან. 2019 წელს გამოქვეყნებული კვლევით, heritage foundation-ის მონაცემებში ქართულმა სასამართლომ გადაინაცვლა  უმეტესად არათავისუფალი სასამართლოების ჯგუფში. თუკი მანამდე ვიყავით მეტნაკლებად თავისუფალი სასამართლოს მქონე ქვეყნების რიგში, ახლა სასამართლოს ეფექტიანობის კუთხით ვართ უმეტესად არათავისუფალი ქვეყნების ჯგუფში.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რამდენიმე წევრი და ქართული ოცნების წარმომადგენლები ამ შედეგებს ხსნიან მეთოდოლოგიის ცვლილებით. თუმცა ამ კვლევის ნარატიულ ნაწილში არაორაზროვნად წერია, რომ პოლიტიკური ზეწოლა საფრთხეს უქმნის მართლმსაჯულების მიუკერძოებლობას. ანგარიშში საუბარია სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის გაზრდის მიზნით ღრმა და სწრაფი ინსტიტუციური რეფორმების განხორციელების საჭიროებაზე.

პარლამენტის თავმჯდომარეს ასევე მაგალითად მოჰყავს გერმანია, სადაც, როგორც თვითონ ამბობს, ნიურბერგის პროცესის დროს მხოლოდ ნაცისტური რეჟიმის მაღალჩინოსნები გასამართლდნენ და მოსამართლეების პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა. რამდენად სწორი და რელევანტურია ეს შედარება?

ვფიქრობ, კონტექსტიდან ამოგლეჯილად იყენებს ამ არგუმენტს. მოსამართლის გასამართლებასა და მის თანამდებობაზე ხელახლა, უვადოდ დანიშვნას შირის დიდი განსხვავებაა. თუმცა, როგორც მახსოვს, ნიურბერგის პროცესის შედეგად გასამართლდა 3 მოსამართლე, რომლიდანაც ერთი დამნაშავედ იქნა ცნობილი და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ნიურბერგის პროცესი შეეხო იმ ჩინოვნიკებსაც, რომლებიც ნაცისტური გერმანიის კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების არგუმენტის მოშველიებით ცდილობდნენ პასუხისმგებლობისგან თავის დაძვრენას.

ყველას უნდა ესმოდეს, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს კონსტიტუციური პრინციპი სასამართლოს სთხოვს, რომ ის იყოს შეზღუდული ადამიანის ფუნდამენტური უფლებებით და თავისფულებებით. მათ შორის, როცა მოსამართლე თვლის, რომ კანონი ეწინააღმდეგება ადამიანის რომელიმე საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, გადაწყვეტილების მიღებისას უნდა დაეყრდნოს არა უსამართლო კანონებს, არამედ სწორედ ადამიანის უფლებებს.

ჩვენი სასამართლოები არ აკეთებდნენ და არ აკეთებენ ამას და მოსამართლეები თავის გამართლებას ცდილობენ იმით, რომ კანონები იყო ან არის ცუდი. თუკი კანონი არის უსამართლო, მოსამართლეს სრული უფლება აქვს და კონსტიტუცია პირდაპირ ავალდებულებს, რომ გამოიყენოს ადამიანის უფლებათა სტანდარტი, საყოველთაოდ აღიარებული უფლება და მიიღოს გადაწყვეტილება მასზე დაყრდნობით. მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ის მოსამართლეები, რომლებიც უსამართლო კანონებს აბრალებენ თავინთ უსამართლო გადაწყვეტილებებს, უფრო ამ კანონთა მოხალისე შემსრულებლები იყვნენ, ვიდრე მსხვერპლები.

როგორ ფიქრობთ, რას გამოიწვევს ხელისუფლების ცვლილება ამგვარი სასამართლო კორპუსის არსებობის შემთხვევაში?

რას გამოიწვევს, თუ ამავე ხელისუფლებამ გადაწყვიტა უფრო მკაცრი ჰქონდეს პოლიტიკა? ეს ძალიან მნიშვნელოვან კითხვაა. იქნება ეს სასამართლო რეზისტენტული? გაწევს ის წინააღმდეგობას და ეტყვის თუ არა ხელისუფლებას, რომ არ აპირებს შეასრულოს მათი დავალებები. რაც აქამდე საქმეები გვქონია, ეს ასე არ ჩანს.

სასამართლო ისევ ისეთივე დამყოლია, როგორიც იყო მანამდე. ამიტომ, თუკი დღეს ბევრი ადამიანი არ გვყავს ციხეში, ეს არა სასამართლოს დამსახურებაა, არამედ, ზოგადად, ლიბერალური სისხლის სამართლებრივი პოლიტიკის, რომელსაც სასამართლოს მიღმა ასრულებს ხელისუფლება, თორემ მოსამართლეები იმავე არგუმენტებით არიან მზად, ადამიანები გაუშვან ციხეში, რითაც მანამდე უშვებდნენ, მათ ამის დისკომფორტი არ აქვთ.

ამავე თემაზე

იუსტიციის საბჭოს წევრების ერთიანი პოზიცია თავისთავად კლანურობას არ ნიშნავს – კობახიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი