ახალი ამბები

გოჩა ბარნოვი არ გაგვითავისუფლებია, მას კომისია ორშაბათს გაესაუბრება – დეკანოზი ბიძინა გუნია

8 თებერვალი, 2019 • 2293
გოჩა ბარნოვი არ გაგვითავისუფლებია, მას კომისია ორშაბათს გაესაუბრება – დეკანოზი ბიძინა გუნია

დეკანოზ ბიძინა გუნიას თქმით, თბილისის სასულიერო სემინარიიდან გოჩა ბარნოვი არ გაუთავისუფლებიათ. მისი თქმით, ორშაბათს ბარნოვს კომისია გაესაუბრება, რომელიც გადაწყვეტს, დარჩება თუ არა დღეს დაკავებულ პოსტზე.

ამ განცხადებით ბიძინა გუნია და სასულიერო სემინარია გოჩა ბარნოვის ფეისბუკ-პოსტს ეხმაურება. ბარნოვი თავის განცხადებაში განმარტავს, რომ 7 თებერვალს, სემინარიის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით, ლექციები შეუჩერეს.

დეკანოზი ბიძინა გუნია რუსთავი 2-თან საუბარში ამბობს, რომ 7 თებერვალს სემინარიაში შეკრებილმა სამეცნიერო საბჭომ გოჩა ბარნოვის მხოლოდ ბოლოდროინდელი განცხადებები განიხილა, თუმცა მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება არ მიუღია.

დეკანოზმა ამ განმარტების შემდეგ გოჩა ბარნოვის მიერ “ინტერპრესნიუსსთვის” მიცემული ინტერვიუ წაიკითხა, სადაც თეოლოგი ამბობს, რომ “ყველა ნორმალური ადამიანი და საღ ჭკუაზე მყოფი ეკლესიის მეთაური” უკრაინის ავტოკეფალიას ნელ-ნელა აღიარებს და ასევე დასძენს, რომ ამ საკითხში “საქართველოს ეკლესიაც და საქართველოს მთავრობაც თავისი პოზიციით პრორუსულია და აქედან გამომდინარე, ისინი ყოველთვის გაუწევენ ანგარიშს რუსეთს”.

“უბრალოდ, მოგახსენებთ, რომ საბჭომ განიხილა ეს საკითხი და შეიქმნა 5-კაციანი კომისია, რომელიც გაესაუბრება ბატონ გოჩას. არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არ არის და ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს ბატონი გოჩა გაათავისუფლეს სასულიერო აკადემიიდან, თითქოს მას შეუწყვიტეს ლექტორობა და ა.შ.

ორშაბათს თუ ინებებს ბატონი გოჩა, 5-კაციანი ჯგუფი შეხვდება, გაესაუბრება მას და ამის შემდეგ მიღებული იქნება გადაწყვეტილება. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ საბჭოზე მოსმენილი ეს და სხვა ინფორმაცია ერთმნიშვნელოვნად უარყოფიდათ იყო შეფასებული საბჭოს წევრების მიერ, რომელთა შემადგელობაში არიან  აკადემიკოსები და ცნობილი პროფესორები”, – ამბობს ბიძინა გუნია.

მისივე თქმით, სასულიერო სემინარიის საბჭოს მანამდეც არაერთხელ გაუფრთხილებია და უთხოვია ბარნოვისთვის, რომ “მსგავსი არაკორექტული და თვითნებური ინტერვიუებისგან” თავი შეეკავებინა.

“ბოლო განცხადებებით მან ზღვარი გადალახა, რომლის განმარტებაც მოელის საბჭოს კომისიასთან. გოჩა ბარნოვი აკადემიისა და სემინარიის ლექტორია, იგი არავის გაუთავისუფლებია, საბჭოზე გამოითქვა უარყოფითი პოზიცია და დამოკიდებულება მისი განცხადებების გამო, თვითონ არ ესწრებოდა საბჭოს, თუმცა, მოწვეული იყო. მან გარკვეული მიზეზები დაასახელა, რის გამოც მოსვლა ვერ მოახერხა. მან ბრძანა, რომ შეუძლია ორშაბათს შეგხვდეს. დაველოდებით ორშაბათს და დაველოდებით მის პოზიციას”, – ამბობს ბიძინა გუნია.

გოჩა ბარნოვმა განცხადება  7 თებერვალს ფეისბუკზე გამოაქვეყნა. მისი თქმით, სემინარიის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით, ლექციები შეუჩერეს.

“საქმეში ჩახედულმა ყველა ადამიანმა იცის, რომ აკადემიის ადმინისტრაციის და საპატრიარქოს გადამტერების რეალური მიზეზი ჩემს მიერ უცხოეთში სასწავლებლად გაშვებული სტუდენტებია. საპატრიარქოს და აკადემიას შიშის ზარს სცემს განათლებული მომავალი თაობა, რომელთაც კომპეტენტური საკუთარი აზრი და მისი თავისუფლად გამოხატვის უნარი გააჩნიათ. ფიქრობენ, რომ თუ მე აკადემიიდან ფეხს ამომიკვეთავენ, სტუდენტების გაშვებას ვეღარ მოვახერხებ”, – წერს გოჩა ბარნოვი.

https://www.facebook.com/gochabarnovi/posts/2180294335324641

ვრცლად ამ თემაზე:

ლექციები შემიჩერეს იმ საბაბით, რომ უკრაინის ავტოკეფალიას ვუჭერ მხარს — სემინარიის პროფესორი

მასალების გადაბეჭდვის წესი