ახალი ამბები

აშშ-ის კონგრესს სირიის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარების დამგმობი რეზოლუცია წარედგინა

8 თებერვალი, 2019 • 1378
აშშ-ის კონგრესს სირიის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარების დამგმობი რეზოლუცია წარედგინა

დღეს, 8 თებერვლას, აშშ-ის კონგრესს სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებლობის აღიარების დამგმობი რეზოლუცია წარედგინა. ამის შესახებ რეზოლუციის სპონსორმა, კონგრესმენმა ფრანცის რუნიმ ვაშინგტონში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან შეხვედრისას განაცხადა.

შეხვედრაზე დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა კონგრესმენს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ რეზოლუციის ინიცირება წარმოადგენს საქართველოსადმი აშშ-ის უპირობო და ძლიერი მხარდაჭერის კიდევ ერთ მკაფიო გამოხატულებას.

დავით ზალკალიანი და კონგრესმენი ფრანცის რუნი

რეზოლუცია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას და გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის ოკუპირებას.

საქართველო აშშ-ის სანდო პარტნიორია მშვიდობისა და დემოკრატიის გასავრცელებლად ევრაზიის რეგიონში. ვგმობთ რუსეთის ფედერაციის ვასალი სახელმწიფოს (“client state”) – სირიის არაბული რესპუბლიკის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებას,” – აღნიშნულია რეზოლუციაში.

რეზოლუცია ხაზს უსვამს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს მიერ გაწეულ მნიშვნელოვან წვლილს და ევრაზიის კონტინეტზე მშვიდობის გავრცელებისა და დემოკრატიის უზრუნველყოფის სფეროში საქართველოს საიმედო პარტნიორობას.

კონგრესმენ რუნის განმარტებით, “საქართველო აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ძლიერი მოკავშირეა ევრაზიის კონტინენტზე.”

რეზოლუცია ყურადღებას ამახვილებს აშშ-ისა და მისი პარტნიორების მხრიდან რუსეთის ფედერაციის მიერ მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების ექსპანსიის აღკვეთის საჭიროებაზე.

რუსეთის ფედერაცია, დასავლეთისა და მისი მოკავშირეების ძალისხმევების აღკვეთის მიზნით, გამოიყენებს არშემდგარ სახელმწიფოებს, როგორიც სირიის არაბული რესპუბლიკაა, რათა განახორციელოს მისი გეოპოლიტიკური დღის წესრიგი და მის (რუსეთის ფედერაციის) მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს შესძინოს სანდოობა… …აშშ და მისი პარტნიორები საჭიროა წინ აღუდგნენ რეგიონში რუსეთის ფედერაციის ექსპანსიას,” – ნათქვამია რეზოლუციაში.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ამღიარებელ ქვეყნებს საქნციები დაუწესა.

ვრცლად:

აშშ-მ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ამღიარებელ ქვეყნებს საქნციები დაუწესა

მასალების გადაბეჭდვის წესი