ახალი ამბები

“ბატონო მიხეილ, თქვენ დედა გყავთ?” — ია კერზაიას შვილი განათლების მინისტრს

8 თებერვალი, 2019 • 3609
“ბატონო მიხეილ, თქვენ დედა გყავთ?” — ია კერზაიას შვილი განათლების მინისტრს

7 თებერვალს პარლამენტში განათლების კომიტეტის სხდომაზე განათლების მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის საქმეზე სთხოვდნენ ახსნა-განმარტებას.

პარლამენტარების, ოპოზიციონერების და კომიტეტზე სხვა დამსწრეების კომენტარების შემდეგ, კომიტეტში სიტყვით გამოვიდა სკოლის დირექტორის, ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია, რომელმაც კიდევ ერთხელ მოითხოვა პროკურატურისგან დედის გარდაცვალების საქმეზე გამოძიების დაწყება.

“დღემდე იმედი მქონდა, რომ [მინისტრი ბატიაშვილი] შეცდომას დაარქმევდა ამას, იტყოდა, რომ კანონი დაარღვიეს მისმა მოხელეებმა და, შეიძლება, ის ამას გამოიკვლევდა, მაგრამ მან პირადად აიღო ყველაფერზე პასუხისმგებლობა. შესაბამისად, ჩემთვის ეს არს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი. ანუ მთელ ამ პროცესზე ის ამბობს, რომ სამართლებრივი პროცესია. სინამდვილეში, მე მიმაჩნია, რომ იას მოუწყვეს მორალური სასამართლო და ის შემოწმების აქტი მისთვის ზუსტად მორალური სასჯელი იყო. ის სასჯელი, რომელიც ვერ გადაიტანა”…

“მან ვერ გაუძლო იმას, რომ ასე  დაუნდობლად ექცეოდა სისტემა”, თქვა ბაჩანა შენგელიამ, მოგვიანებით კი დასძინა: “ჯერ კიდევ მაქვს იმედი, რომ პროკურატურა დაიწყებს გამოძიებას”.

ია კერზაიას ბაჩანა შენგელიას გამოსვლა პარლამენტში

“ეს იყო მორალური სასჯელი”, – ზუგდიდის #6 სკოლის დირექტორის, ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია პარლამენტში განათლების მინისტრს მიმართავს. ვრცლად – http://netgazeti.ge/news/339339/

Posted by netgazeti.ge on Thursday, February 7, 2019

სიტყვით გამოსვლის ბოლოს შენგელიამ ასე მიმართა ბატიაშვილს: “დაიწყოს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით. ეს არის ჩემი მთავარი მოთხოვნა. ყველას ძალიან გთხოვთ, როდესაც მორალზე ვსაუბრობთ, ყველამ უბრალოდ წარმოიდგინეთ საკუთარი თავი ჩემს ადგილზე… ბატონო მიხეილ, თქვენ დედა გყავთ?”


ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორი ია კერზაია მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც მის სკოლაში ჩატარებული ისპექციის შემდეგ ანევრიზმის დიაგნოზით გადაიყვანეს საავადმყოფოში. სამინისტროს თანახმად, ინსპექცია სკოლაში მათთან შესული წერილის საფუძველზე ჩატარდა.

კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია, ჩატარებულ ინსპექციას, რაც, მისი თქმით, კერზაიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების საფუძველი გახდა, პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებს.

როგორც ბაჩანა შენგელიამ ნეტგაზეთს უთხრა, სკოლის შემოწმებიდან დასკვნამდე პერიოდში კერზაიას შემოუთვალეს, რომ თუ “ოცნებისთვის” იმუშავებდა, მათ მხარდამჭერთა სიებს მიაწვდიდა და ა.შ, “დამოკიდებულება შეიცვლებოდა”.

ია კერზაია სკოლაში ჩატარებული შემოწმებიდან მალევე ანევრიზმის დიაგნოზით გადაიყვანეს საავადმყოფოში. ის ოპერაციის შემდეგ მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა და 9 დეკემბერს გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი