ახალი ამბები

ქორეპისკოპოსი იაკობი ალფეევს ჟირინოვსკის ადარებს

7 თებერვალი, 2019 • 2796
ქორეპისკოპოსი იაკობი ალფეევს ჟირინოვსკის ადარებს

ილია მეორის ქორეპისკოპოსი იაკობი მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელს, მიტროპოლიტ ილარიონ ალფეევს რუს პოლიტიკოსს, ვლადიმერ ჟირინოვსკის ადარებს. ასე ეხმაურება სასულიერო პირი ალფეევის ინტერვიუს, რომელშიც მიტროპოლიტმა იმ საფრთხეებზე მიანიშნა, რაც მისი აზრით, საქართვლოს ეკლესიას შეიძლება დაემუქროს უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების შემთხვევაში.

ქორეპისკოპოსი იაკობი “რუსთავი2”-თან სატელეფონო ინტერვიუში აცხადებს, რომ ალფეევის განცხადებაში ქრისტიანული არაფერია და თუ საქართველოში ჩამოვა, მას შესაბამისად უპასუხებს.

“ჩვენმა მასმედიამ როცა დაწერა ეს სიტყვები, მე მეგონა, ან ჟირინოვსკიმ თქვა, ან ჟირიკოვსკის პარტიამ თქვა.

…როგორც იყვნენ ძველად, ობერპროკურორების  ქვეშ, მერე კგბ-ს ქვეშ იყვნენ, ახლა ფსბ-სა და გრუ-ს ქვეშ არიან. .. თბილისში თუ ჩამობრძანდა, მაგას ქართულად ცოტა მძიმედ დაველაპარაკები. ვიღაცა ალფეევი ჩემთვის არაფერს წარმოადგენს. ერთადერთი ეპისკოპოსი ვარ საქართველოს ეკლესიაში, რომელიც რუსებს წირვაზე არ აყენებს. შოვინიზმი იყო ყველაფერი მაგასთან, არაფერი ქრისტიანული არ იყო, როცა მაგას ლაპარაკობდა.

მე შეურაცხყოფილი არ დავრჩები იმიტომ, რომ უტვინო განცხადება გააკეთა, როგორც ყოველთვის”, – აღნიშნა მან.


მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელს ჟურნალისტმა ნინო ბურჯანაძის განცხადებაზე ჰკითხა, რომლის მიხედვითაც, თუ საქართველოს ეკლესია უკრაინის ავტოკეფალიას აღიარებს, რუსეთი აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობას ცნობს.

ილარიონ ალფეევმა კითხვას ასე უპასუხა:

“მე ვერ წარმომიდგენია, რომ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ უკრაინის ე.წ. მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია აღიაროს, რომელიც კონსტანტინოპოლის პატრიარქატის გადაწყვეტილებით შეიქმნა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეუფეების უმეტესობა ის ხალხია, რომელსაც კარგად ესმის რეალური ეკლესიური სინამდვილე და ესმით, რა ემუქრება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში.

იქ ასევე არის რამდენიმე ახალგაზრდა მეუფეც, ძირითადად, ეს ის მეუფეები არიან, რომლებიც იმყოფებიან ღია ან ირიბ ოპოზიციაში ამჟამინდელ პატრიარქთან, რომლებიც მოუწოდებენ აღიაროს ეს ე.წ. ავტოკეფალია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ მოხდება”.

ალფეევის “მუქარა” საქართველოს ეკლესიას და პასუხი მღვდელმთავართა ნაწილისგან

მასალების გადაბეჭდვის წესი