ახალი ამბები

რა თქმა უნდა, ვნანობ… ეს კარგი არ არის – გეგა გეგეშიძე

7 თებერვალი, 2019 • 1648
რა თქმა უნდა, ვნანობ… ეს კარგი არ არის – გეგა გეგეშიძე

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე ამბობს, რომ სპორტის სასახლეში მომხდარ ინციდენტს, როცა მან საქართველოს ნაკრების კაპიტანს, ზურაბ დათუნაშვილს დაარტყა, ნანობს. ეს განცხადება გეგეშიძემ პარლამენტში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

“რა თქმა უნდა, ვნანობ… ეს კარგი არ არის. ამას მოჰყვა ძალიან ბევრი გამოხმაურება… არც ჩემი საქციელია კარგი, არც სპორტსმენის, მაგრამ ზოგადად უნდა გამოვასწოროთ. სპორტსმენმა უნდა გააგრძელოს ვარჯიში, რადგან ოლიმპიური ლიცენზიების მოპოვების წელია და ეს ფედერაციაზე აისახება. რაც მეტ ლიცენზიას მოვიპოვებთ, მით მეტი ადამიანი წარგება ოლიმპიადაზე. ასე რომ, უნდა მოვრჩეთ კინკლაობას,”-აცხადებს გეგეშიძე.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმა თქვა, რომ გეგეშიძეს ამ ინციდენტს არავინ უწონებს, თუმცა ჟურნალისტებს ურჩევს, არ დაიწყონ დეტალების გარკვევა. რატომ და როგორ მოხდა.

“ათასჯერ გვაქვს ნათქვამი, არავინ ახალისებს ამას [ინციდენტს] პირიქით, ყველამ ერთხმად დავგმეთ და ეს ადამიანიც ნანობს ამას… ვის შეიძლება მოსწონდეს ეს საქციელი?!”

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი 22 იანვარს დააკავა. გამოძიება მას  სპორტის სასახლეში ძალადობას ედავება. გეგეშიძეს ბრალი  სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი.

“შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ასევე, ინფორმაციის ნებაყოფლობით მოწოდებაზე უარის თქმის გამო, კონფლიქტის შემსწრე პირები დაიკითხნენ მაგისტრნატ მოსამართლესთან. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 იანვარს, სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირებისას, თამაზ გეგეშიძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სპორტსმენ ზურაბ დათუნაშვილს. შინაგან საქმეთა სამინისტროში სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 239-ე მუხლებით გრძელდება”, – აცხადებენ შსს-ში.

 25 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ გეგეშიძე  5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი