კონფიდენტის როლი ნარკოდანაშაულში – სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში

სამართლებრივ ნორმას, რომელიც ჩხრეკის ჩატარების მიზანს და საფუძველს ადგენს, მოქალაქე გიორგი ქებურია ასაჩივრებს. იგი 2017 წელს ნარკოტიკული დანაშაულისთვის გაასამართლეს. მოქალაქის სარჩელს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლო დღეს, 7 თებერვალს განიხილავს განმწესრიგებელ სხდომაზე.

დღეს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, პირის ჩხრეკა შესაძლებელია ჩატარდეს მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე. ოპერატიული ინფორმაციის წყარო შესაძლოა ე.წ. კონფიდენტი იყოს, რომლის ვინაობა გასაიდუმლოებულია, მათ შორის, მოსამართლისთვისაც.


„ამგვარი რეგულირება ქმნის პირადი ცხოვრების უფლებაში დაუსაბუთებლად ჩარევის რისკებს, ასევე არღვევს შეჯიბრებითობის პრინციპსა და დაცვის უფლებას,“ –  მიიჩნევს მოსარჩელე.

სარჩელში აღწერილია კონკრეტული შემთხვევაც, როცა უზენაესმა სასამართლომ შეცვალა მეორე ინსტანციის გადაწყვეტილება და პირის წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ექსპერტიზის დასკვნაც, რომლის მიხედვითაც, ნარკოტიკული ნივთიერების შეფუთვაზე ბრალდებულის თითის ანაბეჭდი არ დაფიქსირდა.

„სასამართლო უთითებს დაცვის მხარის ბრალდებებზე ნარკოტიკული საშუალებების „ჩადებასთან“ დაკავშირებით, თუმცა იქვე განმარტავს, რომ მათ ვერ მოახერხეს ბრალდების არგუმენტების გაბათილება, სასამართლოს სიტყვებით: „დაცვის მხარე აღნიშნავს, რომ გ. ვ-ს [ბრალდებული] ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს, თუმცა მათ ვერ წარმოადგინეს რაიმე უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მოწმე პოლიციელები არიან დაინტერესებული პირები და აბრალებენ აღნიშნული დანაშაულის ჩადენას.“

უზენაესმა სასამართლომ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ეჭვები არ გაითვალისწინა, იმის მიუხედავად, რომ დაცვამ გამოიყენა მის ხელთ არსებული ყველა სხვა რესურსი და წარმოადგინა ექსპერტიზების დასკვნები, რომელიც ადასტურებდა, რომ გამოსაკვლევ ობიექტზე ბრალდებულის შეხების კვალი არ აღმოჩნდა.

უზენაესი სასამართლო ითვალისწინებს ექსპერტების ჩვენებებით მითითებულ თეორიულ შესაძლებლობაზე, ნივთიერ-მტკიცებულებასთან შეხების მიუხედავად, კვალი გამოსაკვლევ ობიექტზე  არ დარჩენილიყო… ექსპერტები განმარტავენ, თუ რა შემთხვევაში და რა ალბათობით არის შესაძლებელი, რომ გამოსაკვლევ ობიექტზე დარჩეს კვალი და რომელი გარემოებები გამორიცხავს კვალის დარჩენის შესაძლებლობას, არ წარმოადგენს უპირობოდ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს,“ – აღნიშნული სარჩელში.

მოსარჩელე გიორგი ქებურია მთავარ აქცენტს კონფიდენტის კონფიდენციალურობაზე აკეთებს. მისი აზრით, კონფიდენტის ვინაობის დადგენამ შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს მოსამართლის „შინაგან რწმენაზე“.

„ბრალდებულების მიერ წამოჭრილი ეჭვი, მაშინაც კი, როცა ის დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნებით იყო გამყარებული და დამაჯერებლობის აუცილებელი ხარისხით არ გაბათილებულა, არ იქნა გამოყენებული ბრალდებულის სასარგებლოდ. ამ დროს არც ბრალდების, არც დაცვის მხარეს, ან სასამართლოს არ ჰქონდათ შესაძლებლობა ინფორმაციის პირველწყაროს – კონფიდენტის შესახებ რაიმე ინფორმაცია მოეპოვებინათ… კონფიდენტის ვინაობის და ინფორმაციის მოპოვების გარემოებების შესახებ ინფორმაციას შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოეხდინა მოსამართლის შინაგანი რწმენის ჩამოყალიბებაში, არსებობდა თუ არა რეალური საფუძველი წარმოდგენილი ვერსიის გასაზიარებლად,“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სარჩელში.

სარჩელში ხაზგასმულია ისიც, რომ სასამართლო ამ ტიპის საქმეებზე არ უნდა იღებდეს გამამტყუნებელ განაჩენს მხოლოდ პოლიციელების ჩვენების საფუძველზე, რომლებმაც ჩხრეკა ჩაატარეს.

„სადავო ნორმები ვერ აკმაყოფილებს უტყუარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის კონსტიტუციურ მოთხოვნას… მართალია, პოლიციელების ჩვენება არ არის ირიბი ჩვენება პირის ბრალეულობასთან მიმართებით, რადგან მას წყაროს იდენტიფიცირება არ შეუძლია, ხოლო პირდაპირ ჩვენებად მხოლოდ ჩხრეკის საფუძვლებთან მიმართებით შეიძლება მოგვევლინოს, ის ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებებად არის წარმოდგენილი სასამართლოს გადაწყვეტილებებში და ამოღებულ ნივთიერ მტკიცებულებასთან ერთად მოსამართლის შინაგანი რწმენის ფორმირებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს“, – წერია სარჩელში.

სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია განიხილავს.

 

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი