ჩუგოშვილი ამბობს, რომ თუ სიაში გვრიტიშვილი იქნება, მის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს

საქარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, თამარ ჩუგოშვილი “პოლიტმეტრის” ეთერში ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რას მოიმოქმედებს დეპუტატი, თუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად კვლავ დასახელდება დიმიტრი გვრიტიშვილი, აცხადებს, რომ მის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს.

დეპუტატის თქმით, გვრიტიშვილის გვარს იმიტომ ასახელებს, რომ მის მიმართ კრიტიკული განცხადება წარსულშიც აქვს გაკეთებული და ეს პოზიცია არ შეუცვლია:

“პერსონალიზებას არ ვახდენ ხოლმე, ვერიდები ნეგატიურ კონტექსტში ადამიანების ხსენებას. ერთადერთი, ვისი გვარიც მიხსენებია, ეს არის დიმიტრი გვრიტიშვილი. კონკრეტული რამის გამო. 2012 წელს, როდესაც მძიმე საარჩევნო პერიოდი იყო, მე საიას წარმოვადგენდი და უამრავი ადმინსიტრაიცული დაკავება და პატიმრობა იყო. მაშინ ვხვდებოდით ხოლმე ხშირად ამ მოსამართლეს.

მაშინ მაქვს განცხადება გაკეთებული, რომელსაც ხშირად ატრიალებენ ხოლმე. ვინაიდან 2012 წელს მაქვს ეს გვარი ნახსენები, იმიტომ ვაძლევ თავს უფლებას ვთქვა, რომ ჩემი პოზიცია მის მიმართ არ შემიცვლია. სხვა გვარებზე მე საუბარს არ ვაპირებ”, –  ამბობს ჩუგოშვილი.

“პოლიტმეტრის” წამყვანის კითხვის საპასუხოდ, რას იზამს დეპუტატი იმ შემთხვევაში, თუ დიმიტრი გვრიტიშვილი უზენაესის მოსამართლე გახდება, ჩუგოშვილი პასუხობს – “მას პირადად ჩემი მხარდაჭერა არ ექნება”.

გადაცემა “პოლიტმეტრის” წამყვანის კითხვის საპასუხოდ, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს დეპუტატი, თუ სიაში რომელიმე სადვაო ბიოგრაფიის მქონე მოსამართლის გვარი იქნება, ჩუგოშვილი არ გამორიცხავს, რომ პოლიტიკიდან წავა:

“მხარს რომ არ დავუჭერ, ეს ნათელია, გააჩნია, რაზე და რა ტიპის პრობლემაზე გვაქვს საუბარი. შეიძლება მე საერთოდ ჩემი თავიც ვეღარ დავინახო პოლიტიკურ ველში ასეთ შემთხვევაში. არ მინდა მძიმე განცხადების გაკეთება. ეს არ არის მთავარი ჩემთვის. მთავარი არის, რომ შედეგი მივიღოთ ნორმალური და ჯანსაღი. იმ პირობებში, როდესაც უმძიმესი პროცესი გვაქვს გასავლელი, გვჭირდება ცივი გონებით ნაბიჯების გადადგმა,” – ამბობს დეპუტატი ტელეკომპანია “პირველის” ეთერში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.