ახალი ამბები

ზოგადი უნარების გამოცდა იყოს სავალდებულო — “ევროპული საქართველოს” კანონპროექტი

6 თებერვალი, 2019 • 1302
ზოგადი უნარების გამოცდა იყოს სავალდებულო — “ევროპული საქართველოს” კანონპროექტი

პარლამენტარი, “ევროპული საქართველოს” წევრი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ 6 თებერვალს პარლამენტში დაარეგისტრირეს კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, ზოგადი უნარების ტესტის ჩაბარება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სავალდებულო უნდა გახდეს.

კაპანაძის ეს ინიციატივა პასუხია განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებაზე, 2020 წლიდან აღარ იყოს სავალდებულო ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება და ეს საკითხი უნივერსიტეტებმა თავად გადაწყვიტონ.

[ნახეთ დეტალები: 2020 წლიდან ზოგადი უნარების ჩაბარება სავალდებულო აღარ იქნება]

კაპანაძემ “ძალიან სახიფათო ნაბიჯები” უწოდა განათლების სამინისტროს ამ და სხვა ბოლო ინიციატივებს და მათ “კვაზირეფორმა” უწოდა.

მისი თქმით, “უმაღლესი განათლების შესახებ კანონის 54-55-ე მუხლებში შევიდეს ცვლილებები და ზოგადი უნარების ტესტი გახდეს სავალდებულო”. კაპანაძის თანახმადვე, უნარების ტესტები ბოლო 15 წლის განმავლობაში სავალდებულო იყო, თუმცა “ეს არ იყო კანონით დარეგულირებული” და “განსაზღვრული იყო განათლების მინისტრისა და შეფასების ცენტრის დებულებებითა და დოკუმენტებით”.

“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ არცერთ კონკრეტულ ჩინოვნიკს არ ჰქონდეს იმისი მიდრეკილება, რომ თავისი ხუშტურით ან შეხედულების გამო გააუქმოს ზოგადი უნარების გამოცდა ისე, რომ არცერთი არგუმენტი არ მოიყვანოს და არცერთი არგუმენტით არ წარდგეს პარლამენტის წინაშე”, – განაცხადა პარლამენტარმა.

“ასევე, სახელმწიფო გრანტი, რომელიც ნაწილდება სტუდენტებზე და არის ფუნდამენტური ელემენტის იმისა, რომ კორუფცია აღარ იყოს უნივერსიტეტებში, ასევე განაწილდეს, მათ შორის, ზოგად უნარებში მიღებული ქულის შესაბამისად”, – განაცხადა სერგი კაპანაძემ 6 თებერვალს ბრიფინგზე.

კაპანაძემ ყველა პარლამენტარს მოუწოდა მხარდაჭერისკენ.

განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა იმავე დღეს ამ ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ “ყველას აქვს თავისი შეხედულება” და ეს “ჯანსაღი პროცესია”, თუმცა დასძინა:

“მთავარია, ჩვენ დავიწყეთ ნაბიჯების გადაგმა”.

ბატიაშვილი 7 თებერვალს წარდება პარლამენტის წინაშე — იგი ჯერ პლენარულ სხდომაზე იქნება, შემდეგ- განათლების კომიტეტში.

მასალების გადაბეჭდვის წესი