ახალი ამბები

ილიაუნის ბიზნესის სკოლის სტუდენტთა ნაწილი აქციას მართავს

6 თებერვალი, 2019 • 1079
ილიაუნის ბიზნესის სკოლის სტუდენტთა ნაწილი აქციას მართავს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის სკოლის სტუდენტთა ნაწილი აქციას მართავს. სტუდენტები მოითხოვენ აკადემიურ საბჭოსთან და რექტორთან საჯარო შეხვედრას. ამ დროისთვის აქციაში  გიორგი ქადაგიძე არ მონაწილეობს.

მათი თქმით, გიგა ზედანიამ და აკადემიური საბჭოს წარმომადგენლებმა უნდა განმარტონ, რატომ დაიწყო რეორგანიზაციის პროცესი და რატომ შეუერთდა ბიზნესის სკოლა ახლად შექმნილ ფაკულტეტს. სტუდენტთა ნაწილი აცხადებს, რომ ადმინისტრაციამ ეს გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, რაც აქციის მონაწილეებისთვის მიუღებელია.

აქციის მონაწილეებმა გიორგი ქადაგიძესაც მოუწოდეს, დადგეს ბიზნესის სკოლის სტიდენტების გვერდით.

“ჩვენი მოთხოვნაა რეორგანოზაციის შეწყვეტა, რათა ბიზნესის სკოლამ ცალკე იარსებოს. ასევე აკადემიურმა საბჭომ უნდა ახსნას, რატომ მიიღო რეორგანოზაციის შესახებ გადაწყვეტილება”, – ამბობს სტუდენტი კარლო თევზაძე.

აქცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ამ წუთებშიც გრძელდება.


31 იანვარს გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანის თანსამდებობიდან გაათავისუფლეს. ქადაგიძის ინფორმაციით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ცვლილებების შიში და ძირეული სიახლეების მიუღებლობა აქვს, სწორედ ამის გამო მოხდა მისი გათავისუფლება.

ქადაგიძეს Facebook-ითვე უპასუხა უნივერსიტეტის რექტორმა, გიგა ზედანიამ. მისი თქმით, უნივერსიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, დაეფუძნებინა მენეჯმენტის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი, სადაც იფუნქციონირებს ბიზნესის სკოლა, განათლების სკოლა და სხვა პროგრამები. როგორც ზედანია წერს, პროფესორები რჩებიან, პროგრამები რჩება და იზრდება სინერგია დისციპლინებს შორის.

მიმდინარე დღეებში ქადაგიძესთან დაკავშირებით უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ ორი განცხადება გაავრცელა. პირველ განცხადებაში საბჭო აღნიშნავდა, რომ ქადაგიძის პოზიცია, რომელმაც “ცვლილებები დაუკავშირა საკუთარ პიროვნებას”, მოულოდნელი და გაუგებარია.

4 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში კი საბჭო აღნიშნავს, რომ გასული წლის დეკემბერში გიორგი ქადაგიძემ ადმინისტრაციული ხელმძღვანელის გადაყენების ულტიმატუმით მიმართა. საბჭოს თანახმად, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გადაყენება ქაგადიძემ მოითხოვა იმ პრობლემათა გამო, რომელთა მოგვარებაც მის კომპეტენციას სცილდება.

ნეტგაზეთის კითხვაზე, რატომ ეწინააღმდეგება ბიზნესსკოლის გაერთიანებას ახალ ფაკულტეტში, იმ ფონზე, როცა აკადემიური საბჭო აცხადებს, რომ დეკანის შესარჩევ კონკურსში მასაც შეუძლია მიიღოს მონაწილეობა, ქადაგიძემ განაცხადა:

“ნებისმიერი რეორგანიზაცია შემოთავაზებული პრინციპით არის ფარსი. არ შეიძლება მსგავსი ტიპის რეორგანიზაციები გაკეთდეს ისე, რომ მთავარი, ვისაც ეხება ცვლილება, სტუდენტებს, არ ჰქონდეთ ამის შესახებ ინფორმაცია. არ შეიძლება წარმომადგენლობითი საბჭო სკოლის წლიურ ბიუჯეტს ამტკიცებდეს ისე, რომ საბჭოს არცერთ წევრს ბიუჯეტი წინაწარ ნანახიც არ ჰქონეს.”

მასალების გადაბეჭდვის წესი