ახალი ამბები

“კაბელების საქმის” ადვოკატი კვლავ ითხოვს ირაკლი კობახიძის გამოკითხვას

6 თებერვალი, 2019 • 1774
“კაბელების საქმის” ადვოკატი კვლავ ითხოვს ირაკლი კობახიძის გამოკითხვას

“კაბელების საქმის” ადვოკატი კვლავ მოუწოდებს პროკურატურას, გამოკითხონ პარლამენტის თავმდჯომარე, ირაკლი კობახიძე.

მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ “კაბელების საქმეში” “ჩახედულია” და “სამართლებრივი ანალიზი აქვს გაკეთებული”, ადვოკატმა ლევან სამუშიამ დასვა კითხვა: როგორ გაეცნო კობახიძე “კაბელების საქმის” დეტალებს, რაც გრიფით საიდუმლო იყო?

ამაზე პასუხად პროკურატურამ განაცხადა, რომ საქმის დიდი ნაწილი 2014 წლიდან არასაიდუმლო იყო და 2016 წლიდან საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა.

ეს განმარტება სამუშიას არ აკმაყოფილებს, ამბობს, რომ არა აქვს მნიშვნელობა, გასაიდუმლოებული იყო თუ არა საქმე და კობახიძეს სისხლის სამართლის საქმის გაცნობა არ უნდა შეძლებოდა, რადგან უფლებამოსილი არ იყო.

[ნახეთ პროკურატურის პასუხი: “კაბელების საქმის 90%-ზე მეტი 2014 წლიდან არასაიდუმლოა”]

თუმცა, საქმის დეტალების გაცნობის ნაწილის გარდა, კობახიძემ სხვა რამეც თქვა, რასთან დაკავშირებითაც, ადვოკატის თანახმად, პროკურატურას შეუძლია, გამოკითხოს იგი.

კობახიძემ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, “იმ ადამიანებს [ვინც დაკავებულები იყვნენ “კაბელების საქმეზე”] კაპიკი არ წაუღიათ”. მანამდე მან თქვა, რომ “მკაფიოდ გამოხატული დანაშაული იყო და საუბარი იყო მილიონების მითვისებაზე”, თუმცა წამყვანის, ინგა გრიგოლიას არაერთ შეკითხვას, რას გულისხმობდა — სინამდვილეში ვინ მიითვისა ფული, კობახიძემ არ უპასუხა. მან მხოლოდ ის თქვა, რომ რეალურ დამნაშავეს “პასუხი არ უგია, ალბათ, ეგრე გამოდის”.

ნეტგაზეთი დაინტერესდა, გამოკითხავს თუ არა პროკურატურა კობახიძეს საქმის ამ ნაწილში, თუმცა პროკურატურაში დამატებითი განმარტებები არ გაუკეთებიათ.

ლევან სამუშია ნეტგაზეთთან საუბარში კი ამბობს: “თქვა ადამიანმა, რომ [დაკავებულები] ტყუილად ისხდნენ საპყრობილეში. ეს, ბუნებრივია, ასე იყო. ხოლო შემდეგ “ვიღაც პიროვნებაზე” რომ ლაპარაკობს, ეგ იქიდან არის გამოწვეული, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაიწყო საქართველოს ხელისუფლებასთან კომუნიკაცია ამ საქმეზე და წუხან  აქედან გამომდინარე”.

ადვოკატი დასძენს: “ბუნებრივია, თუ რამე ინფორმაცია აქვს [კობახიძეს], რაც პროკურატურას არა აქვს, ეთერში კი არ უნდა ამბობდეს ამას, პირველ რიგში, გამოძიებას ჩვენებას უნდა აძლევდეს. ადამიანი, პარლამენტის თავმჯდომარე, გამოვიდა და ამბობს, ვიცი, ვინც არის დამნაშავე და არ ვიტყვი არაფერსო”.

როგორ გაეცნო კობახიძე გრიფით საიდუმლო “კაბელების საქმის” დეტალებს?

“კაბელების საქმის 90%-ზე მეტი 2014 წლიდან არასაიდუმლოა” – პროკურატურა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი