ახალი ამბები

ჯერჯერობით უცნობია, როგორ განაწილდება სახელმწიფომ გრანტი 2020 წლიდან

6 თებერვალი, 2019 • 1768
ჯერჯერობით უცნობია, როგორ განაწილდება სახელმწიფომ გრანტი 2020 წლიდან

დღეს, 6 თებერვალს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა სამინისტროს სამომავლო გეგმების პრეზენტაცია ჩაატარა. განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ რეფორმები როგორც სასკოლო და უმაღლეს, ასევე პროფესიულ განათლებას შეეხება. თუმცა, მინისტრის თქმით, დღევანდელ პრეზენტაციაზე წარმოდგენილი საკითხები ზოგადი ხედვისა თუ რეფორმის მხოლოდ ნაწილია, შესაბამისად, რიგ საკითხებზე სამინისტროს ჯერ არ აქვს კონკრეტული პასუხი.

იმ საკითხებს შორის, რომელზეც სამინისტროს ჯერჯერობით პასუხი არ აქვს, სამომავლოდ საუნივერსიტეტო გრანტების გადანაწილებაა. კითხვაზე, უნარების გამოცდების გაუქმებით, რომელიც დღესდღეობით სახელმწიფო გრანტის ერთ-ერთი განმსაზღვრელი საგანია, როგორ მოიპოვებენ აბიტურიენტები დაფინანსებას – ბატიაშვილი პასუხობს, რომ სამინისტროს ამ საკითხის გადასაჭრელად წელიწად-ნახევარი აქვს. მისი თქმით, ამ საკითხზე სამინისტრო და განათლების სფეროს წარმომადგენლები აქტიურ რეჟიმში მსჯელობენ.

ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც დღეს საუბარი შედგა, სასკოლო განათლებაა. მინისტრმა დასძინა, რომ  ცვლილებები მოსწავლის კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებაზე უნდა იყოს ორიენიტრებული.

ბატიაშვილი განმარტავს, რომ დღეს არსებული განათლების სისტემა უფრო მეტად ორიენტირდება გამოცდებზე, ვიდრე ცოდნაზე, რაც აუცილებლად შესაცვლელია. ამისკენ კი პირველი გადადგმული ნაბიჯი მე-11 და მე-12 კლასებში საატესტატო გამოცდების გაუქმებაა.

“ეროვნული გამოცდების გაუქმება არ ხდება, უქმდება სასკოლო გამოცდები და ჩვენი მიზანი არის სკოლების ადგილზე გაძლიერება იმისთვის, რომ  სასწავლო პროცესს არ ემუქრებოდეს ის საფრთხეები და ის სამომავლო შედეგები, რაც, სამწუხაროდ, დღეს გვაქვს.

მაგალითად ის, რომ ბოლო კლასებში სწავლის ნაცვლად მოსწავლეები მხოლოდ რეპეტიტორებთან დადიან და ცოდნის მიღება, ფაქტობრიად, არ ხდება. ამიტომ ჩვენი მიზანი არის სკოლის გაძლიერება და ორიენტირება არა იმაზე, რომ ბავშვმა ამ წლების განმავლობაში ისწავლოს, არამედ წარმატებით დასრულოს სკოლა”, – ამბობს მინისტრი.

რაც შეეხება უსაფრთხოებას, სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლო წლის დაწყების შემდეგ, ანუ სექტემბრის თვიდან დეკემბრის ჩათვლით, მოსწავლის მიერ სხვა მოსწავლის ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფის 1570 შემთხვევა, ხოლო აკრძალული ნივთების სკოლაში შეტანის 1039 შემთხვევა დაფიქსირდა.

ამ სტატისტიკის ფონზე, განათლების სამინისტრო ამბობს, რომ სიტუაციის გასაუმჯობესებლად მანდატურებს გადაამზადებს და ხელფასს 200 ლარით მოუმატებს. ასევე,  2019-2020 წლებში მანდატური დამატებით 260 საჯარო სკოლაში შევა. 2019 წელს 8 არსებულ ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრს სამცხე-ჯავახეთსა და სამეგრელოში ორი ახალი დაემატება და შეიქმნება მანდატურის სამსახურის 8 რეგიონული ცენტრი.

რაც შეეხება მასწავლებლების კვალიფიკაციას, მინისტრ ბატიაშვილის თქმით, დღესდღეობით მასწავლებლებს სტატუსის ცვლილებისთვის სხვადასხვა ბიუროკრატიული პროცედურების გავლა უწევთ, რაც პროცესს ართულებს. სამინისტრო გეგმავს, რომ ცვლილებები შეიტანოს მასწავლებელთა სერტიფიცირების და კვალიფიკაციის ამაღლების სისტემაში, რაც დღეს კრედიტ-ქულების დაგროვებას გულისხმობს.

მასწავლებელთა განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ ჟურნალისტებთან განმარტა, რომ სამინისტრო “ბიუროკრატიულ პროცედურებში” მასწავლებლის მხრიდან იმ დოკუმენტაციის ატვირთვას გულისხმობს, რომელიც მის ამა თუ იმ აქტივობას ადასტურებს. მარინა რატიანი ამბობს, რომ მასწავლებელთა ნაწილისთვის ეს რთულია და ამის შესაცვლელად სამინისტრო საკანონმდებლო პაკეტზე მუშაობის პროცესშია, რომელიც სამომავლოდ ამ და სხვა საკითხებს დაარეგულირებს.

“მასწავლებლებს სჭირდებათ, რომ მეტი მხარდაჭრა ჰქონდეთ პროფესიული განვითარების მიმართულებით. მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ მათ დღეს ჰქონდეთ სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. ამის გარეშე სკოლა წინ ვერ წაიწევს. ჩვენ გვაქვს არაერთი პროგრამა და კურსი, რომელიც მასწავლებლებს აძლიერებს, მაგრამ ეს არიან ერთეული მასწავლებლები… აქ მნიშვნელოვანია მასწავლებლის ერთობის, სკოლის, როგორც ინსტიტუციის გაძლიერება, ალბათ, ამ რეფორმებში ერთ-ერთი ხაზი ამ მიმართულებით იქნება.

რაც შეეხება კავლიფიკაციას, ვერ ვისაუბრებთ ერთგვაროვნად ყველა მასწავლებელზე, გვყავს მასწავლებლები, რომლებსაც დადასტურებული აქვთ ყველა მოთხოვნა, თუმცა არიან მასწავლებლებიც, რომლებსაც ეს კომპეტენციები არ აქვთ დასაბუთებული. ამიტომ დღეს საუბარია სერტიფიცირების ცვლილებებზე, მასწავლებლებს შეეთავაზებათ მასწავლებელთა რეგულირების წესი, რომელზეც ახლა მიდის საკანონმდებლო ცვლილება “, – ამბობს მარინა რატიანი.

მისივე თქმით, დაანონსებული ცვლილებების მიუხედავად, ის მასწავლებლები, რომლებიც სტატუსის შეცვლის პროცესს ახლა გადიან, შესაბამისი ოდენობის კრედიტების შეგროვების შემდეგ, სტატუსს მაინც შეიცვლიან. მასწავლებლებს კი, რომლებსაც მხოლოდ გარე დაკვირვება და გამოცდა დარჩათ ჩასაბარებელი, ამის საშუალება ზაფხულში მიეცემათ. ის უფროსი მასწავლებლები, რომლებიც მოაგროვებენ 15 კრედიტ-ქულას და სავალდებულო აქტივობებს, გარე დაკვრივების გავლას სექტემბერს შეძლებენ.

რატიანი განმარტავს, რომ რეფორმის შემდეგ მასწავლებლებს კრედიტ-ქულების დაგროვება სტატუსის შენარჩუნებისთვის აღარ დასჭირდებათ და ეს აუცილებელი იქნება მხოლოდ სტატუსის ცვლილების სურვილის შემთხვევაში.

სხვა ცვლილებებზე საუბრისას მარინა რატიანი ამბობს, რომ სექტემბრიდან ,”მაძიებელთა პროგრამის” ფარგლებში, უნივერსიტეტების ახალკურსდამთავრებულებს სკოლაში დასაქმებისა და კვალიფიკაციის სკოლის ბაზაზე დაგროვების საშუალება მიეცემათ. დღეს სკოლაში შესვლისთვის კი მხოლოდ ორი გზა – 300-კრედიტიანი 5-წლიანი პროგრამა და მოკლე, 60-კრედიტიანი 1-წლიანი პრგრამა არსებობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი