ახალი ამბები

ფოფხაძე: უმრავლესობის სხდომაზე მშობლის გარეშე მოვედი

6 თებერვალი, 2019 • 876
ფოფხაძე: უმრავლესობის სხდომაზე მშობლის გარეშე მოვედი

“უმრავლესობის სხდომაზე მშობლის გარეშე მოვედი და იმედია, არც დამჭირდება მასთან ერთად მოსვლა”, – ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ გააკეთა პოლიტსაბჭოს დაწყებამდე.

გედევან ფოფხაძის განცხადებით, მისთვის მიუღებელია პოლიტსაბჭოს მიერ გუშინ გავრცელებული ტექსტი, რომელიც სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარებას ეხება.

როგორც მან უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა ჟურნალისტებს, ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს გუშინდელი განცხადებით გარკვეულწილად მოხდა სააკაშვილის რეჟიმის გამართლება.

“ჩემთვის ის ტექსტი, რომელიც გაავრცელა პოლიტსაბჭომ, არის მიუღებელი, ასეთი მიდგომით სააკაშვილის რეჟიმის გამართლებას ვახდენთ გარკვეულწილად. ასეთი მიდგომა ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია. რა მოტივაციით ისარგებლა პოლიტსაბჭომ, ეს მას შეუძლია დაასაბუთოს. მე ამ მიდგომას მხარს ვერ დავუჭერ.”

კითხვაზე,  დღეს შერიგდება თუ არა თანაპარტიელებთან, ფოფხაძე პასუხობს:

“საჩხუბარი არავისთან მაქვს. ვაპირებ, შევიდე და მოვისმინო პოზიცია. რაც ვთქვი, ერთ-ერთი პრინციპული თემაა, რომ სასამართლოზე უნდა იყოს საჯარო განხილვები და უნდა მქონდეს საშუალება, თქვენთან მოვიდე და ჩემი პოზიცია დავაფიქსირო, ეს არ უნდა ჩაითვალოს არადისციპლინურ ქცევად. როგორც ხედავთ, მშობლის გარეშე ვარ მოსული და იმედია, არ დამჭირდება მშობელთან ერთად მოსვლა. სკოლაში ხომ არა ვართ… რა დისციპლინაზეა საუბარი? თუ დისციპლინა გვინდა, მაშინ შიდაპარტიული დემოკრატიის ის ხარისხი უნდა გვქონდეს, რომელიც არ გვაქვს”, – თქვა ფოფხაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი