ახალი ამბებისამართალი

როგორ გაეცნო კობახიძე გრიფით საიდუმლო “კაბელების საქმის” დეტალებს?

6 თებერვალი, 2019 • 3178
როგორ გაეცნო კობახიძე გრიფით საიდუმლო “კაბელების საქმის” დეტალებს?

5 თებერვალს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ე.წ კაბელების საქმეში “ჩახედულია” და “სამართლებრივი ანალიზი აქვს გაკეთებული”. არადა, ამ საქმის ნაწილი გრიფით საიდუმლო იყო. როგორ გაეცნო კობახიძე გასაიდუმლოებული საქმის დეტალებს? “კაბელების საქმის” ადვოკატი ლევან სამუშია პროკურატურას გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს.

“კაბელების”, ანუ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების საქმე ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმეა. საქმე დაიწყო 2014 წლის ოქტემბერში, როდესაც პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი დააკავა სახელმწიფოს კუთვნილი 4 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვის ბრალდებით.

დაცვის მხარე ბრალდებას უარყოფდა. თავდაცვის მინისტრი მაშინ ირაკლი ალასანია იყო “თავისუფალი დემოკრატებიდან”, რომელიც აცხადებდა, რომ მაღალჩინოსნების დაკავებას პოლიტიკური სარჩული ჰქონდა და ხელს “ქართულ ოცნებას” ადებდა. 

ირაკლი კობახიძემ 5 თებერვალს, ტელეკომპანია “პირველის” ეთერში, ინგა გრიგოლიას გადაცემაში სტუმრობისას თქვა:

“რაც შეეხება კაბელების საქმეს, მაგ დროისთვის [“ქართული ოცნების”] აღმასრულებელი მდივანი ვიყავი, პოლიტიკურად აწეული იყო ეს თემა, დავინტერესდი. ჩავიხედე საქმეში და იქ იყო დანაშაულის არათუ ნიშნები, მკაფიოდ გამოხატული დანაშაული იყო და საუბარი იყო მილიონების მითვისებაზე. შეგვიძლია გავარჩიოთ დეტალურად ნებისმიერ ფორმატში”. მას არ დაუკონკრეტებია, რა მასალებს გაეცნო სამართლებრივი ანალიზისას.

ლევან სამუშია, რომელიც “თავისუფალი დემოკრატების” წევრი და “კაბელების საქმის” ადვოკატი იყო, “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ კობახიძეს ამ საქმის დეტალების გაცნობის უფლება არ ჰქონდა.

ადვოკატი ამბობს, რომ პროკურატურამ გამოძიება უნდა დაიწყოს და, პირველ რიგში, კობახიძე უნდა დაკითხოს, შემდეგ კი გაარკვიოს, ვინ გააცნო მას საქმის დეტალები, — “უფლებამოსილ პირთა წრე ძალიან მცირეა პროკურატურაში”.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა პროკურატურას კითხვით, დაიწყება თუ არა ამ საკითხზე გამოძიება. მათი თქმით “კაბელების საქმის” 90%-ზე მეტი 2014 წლიდან არასაიდუმლოა.

[ნახეთ პროკურატურის პასუხი]

“ცალსახაა, რომ კობახიძის ქმედება უკანონოა, რაც გუშინ მან პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ გაეცნო სისხლის სამართლის საქმის დეტალებს, რომელსაც ედო გრიფით საიდუმლო. სასაცილოა საუბარი იმაზე, რომ “ნახევრად გრიფი ედო” და “ნახევარს გაეცნო”. გრიფით საიდუმლო ნიშნავს გრიფით საიდუმლოს”, – ამბობს ლევან სამუშია.

“მიგვითითოს ნორმა… რის საფუძველზეც შეეძლო კობახიძეს, საქმის მასალებს გაცნობოდა. მსგავსი რამ არ არსებობს. ცალსახაა, რომ ეს არის უკანონო”, – უთხრა სამუშიამ ნეტგაზეთს.

კობახიძემ “ტვ პირველის” ეთერში ასევე განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, “იმ ადამიანებს [ყოფილ მაღალჩინოსნებს, ვინც დაკავებული იყვნენ] კაპიკი არ წაუღიათ”. თუმცა გრიგოლიას არაერთ შეკითხვას, სინამდვილეში ვინ მიითვისა ფული, კობახიძემ არ უპასუხა. მან მხოლოდ ის თქვა, რომ რეალურ დამნაშავეს “პასუხი არ უგია, ალბათ, ეგრე გამოდის”.

სამუშია ამბობს: “თურმე ის ადამიანები ტყუილად ისხდნენ, მაგრამ ვიღაც სხვები არიან თურმე, ვინც თანხა მოიპარეს. კაბელების საქმეზე არათუ ვინმემ მიითვისა თანხა, არამედ მილიონები დაზოგა სახელმწიფომ”. მისი თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ “კომუნიკაციაც დაიწყო ხელისუფლებასთან ამ საქმეზე”. 

ნეტგაზეთის კითხვაზე, ვის შეიძლება გულისხმობდეს კობახიძე ამ “რეალურ დამნაშავეში”, სამუშია ამბობს: “არავის არ შეიძლება გულისხმობდეს. ეს ადამიანი [კობახიძე] უბრალოდ ჭორაობს. ჯილდო ეკუთვნით ამ ადამიანებს, ისეთი პროექტი გააკეთეს, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა გააათმაგეს. საუბარი რაიმე დანაშაულზე ზედმეტია”.


ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებული, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2017 წელს შეიწყალა შემდეგი არგუმენტაციის საფუძველზე:

“სამწუხაროდ, მთელი პროცესის განმავლობაში პოლიტიკოსების მხრიდან წინმსწრებად გამოთქმული შეფასებები ამძიმებდა საქმის ვითარებას და აღძრავდა კითხვებს შერჩევითი მართლმსაჯულებისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლებრივი დევნის თაობაზე.

პროცესის ვერც ერთ ეტაპზე პროკურატურამ ვერ შეძლო წაყენებული ბრალის სათანადოდ დასაბუთება. რასაც სხვადასხვა ეტაპზე არაერთი მწვავე შეფასება მოჰყვა, როგორც ქართული, ისე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან”.
რაც შეეხება საქმის დეტალებს, ბოლო ინსტანციის სასამართლო, რომელმაც ამ საქმეზე იმსჯელა, სააპელაციო იყო. სააპელაციო სასამართლომ ბრალდებულები დამნშავედ ცნო “სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში” და არა ფულის მითვისებაში. მითვისება არც პროკურატურის მხრიდან თავდაპირველად წარდგენილ ბრალში ფიგურირებდა,  სახელმწიფო ფულის გაფლანგვაზე დავობდა.

“კაბელების საქმის” მნიშვნელოვანი დეტალები

თავდაცვის ყოფილი მაღალჩინოსნების, ე.წ. კაბელების საქმე ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული და სკანდალური საქმეა. ნახეთ დეტალები:

  • პრეზიდენტის შეწყალებამდე, 2016 წლის 26 იანვარს, ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს თბილისის სააპელაციო სასამართლომ განაჩენი გამოუტანა, რომლის მიხედვითაც, ბრალდებულები შეწყალების გარეშე  საპატიმროს დაახლოებით 2 თვეში დატოვებდნენ;
  • სააპელაციო სასამართლომ  თავდაცვის ყოფილი მაღალჩინოსნებისადმი წარდგენილი მუხლი [გაფლანგვა] სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებად გადააკვალიფიცირა,  რამაც სასჯელის ოდენობის შემცირება გამოიწვია. გადაკვალიფიცირებული მუხლით თავდაცვის ყოფილ მაღალჩინოსნებს 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა განესაზღვრათ, თუმცა, რადგანაც ისინი 1 წელი და 4 თვე უკვე დაკავებული არიან, პატიმრობის რეალური ვადა 2 თვემდე შემცირდა;
  • საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ათასი ლარის გაფლანგვის ბრალდებით 2014 წლის 28 ოქტომბერს დააკავა, ხოლო 30 ოქტომბერს ყველა მათგანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ისინი წინასწარი პატიმრობიდან 8 თვის შემდეგ გაათავისუფლეს;
  • ე.წ. კაბელების საქმეზე თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები  2016 წლის 16 მაისს დააკავეს, რადგანაც თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებით,  მათ 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და 2 წლის ვადით საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოართვა.  საქალაქო სასამართლომ ისინი დამნაშავეებად ცნო სახელმწიფოს კუთვნილი 4 მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვაში.

პოლიტიკური მხარე და შეფასებები

2014 წელს, როცა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები დააკავეს, თავდაცვის მინისტრი  “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია იყო.

მაღალჩინოსნების დაკავებიდან 6 დღის შემდეგ, 2014 წლის 4 ნოემბერს, მან “თავისუფალი დემოკრატების” სხვა ლიდერებთან ერთად საგანგებო ბრიფინგი გამართა და მაღალჩინოსნების დაკავების პოლიტიკურ სარჩულზე და თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ მიზანმიმართულ შეტევაზე ისაუბრა.

“საქმე გვაქვს მიზანმიმართულ შეტევასთან თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ, რომელიც არის პირდაპირი ჯაჭვი ჩვენი ქვეყნის კავშირისა ნატოსთან, ევროკავშირთან”.

იმავე დღესვე მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობიდან გადააყენა ირაკლი ალასანია. მინისტრების პოსტები დატოვეს “თავისუფალი დემოკრატების” სხვა წევრებმაც.

ამის შემდეგ “თავისუფალმა დემოკრატებმა” დატოვეს  კოალიცია “ქართული ოცნება”, რომელიც  2012 წლის 21 თებერვალს, მას შემდეგ, რაც პოლიტიკურ ასპარეზზე ღიად გამოვიდა ბიძინა ივანიშვილი, დააფუძნა ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ .

ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდათ კოალიციაში შემავალ სხვა პარტიებსაც.

“თავისუფალმა დემოკრატებმა” ამის შემდეგ არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს თავდაცვის მაღალჩინოსნების საქმესთან დაკავშირებით. ისინი მათ პატიმრობას ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს უკავშირებდნენ.

არასამთავრობო სექტორის კრიტიკა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება თავდაცვის მაღალჩინოსნების საქმეზე ” უსამართლო, უკანონო და დაუსაბუთებელი” იყო, ხოლო “დაკავებული პირები  – უდანაშაულოები”.

“სასამართლომ ვერ გაუძლო პოლიტიკურ ზეწოლას” – განაცხადა IDFI-ის დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა.

ე.წ კაბელების საქმეზე კრიტიკული შეფასებები გააკეთეს სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი