დეკანოზ მამალაძეს თავისი მოძღვარი აზიარებს – აჭარა TV

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს მისი მოძღვარი, დეკანოზი ნიკოლოზ გიგატაძე აზიარებს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

“როგორც ეს მოისმინეთ ტელევიზიით, კურთხევა გამოიცა პატრიარქისგან. ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია, მოძღვარმა აზიაროს. რა თქმა უნდა, მეც ვისარგებლებ ამ კურთხევით”, – აღნიშნავს ის ტელეარხთან საუბრისას და აცხადებს, რომ როგორც დეკანოზ მამალაძის მოძღვარს, მისი ზიარების სურვილი აქამდეც ჰქონდა.

როგორც საპატრიარქოს მიერ 5 თებერვალს  გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ილია II-მ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ნესისმიერ მღვდელმსახურს, რომელსაც მიაჩნია, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე უდანაშაულოა და მისი ზიარება შესაძლებელია, შეუძლია ეს პირადი პასუხისმგებლობის ფარგლებში გააკეთოს.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარებას ითხოვენ მისი ოჯახის წევრები, რომლებმაც 4 თებერვალს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსთან  კარვები გაშალეს. საპატრიარქომ აღნიშნული ქმედება მასზე ზეწოლად შეაფასა.

დეკანოზ მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა 2017 წლის 5 სექტემბერს მიუსაჯა. სასამართლომ დეკანოზი პატრიარქ ილია მეორის მდივან–რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ.

*სტატიის გარეკანზე გამოყენებულია თამარ გორგაძის ფოტო

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან