ახალი ამბები

რეჟისორები პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართავენ

5 თებერვალი, 2019 • 1211
რეჟისორები პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართავენ

რეჟისორები პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართავენ და მაუწყებლის შესახებ კანონის 66 (1)-ე მუხლის გადახედვას სთხოვენ.

როგორც წინადადების ავტორები აცხადებენ, კანონის ამ მუხლის მიხედვით იკრძალება ადმინისტრაციული ორგანოს, პოლიტიკური პარტიის, თანამდებობის პირისა და საჯარო მოსამსახურის მიერ მაუწყებლის დაფინანსება, აგრეთვე, მისი მომსახურების შესყიდვა და მაუწყებლის პროგრამების მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება.

რეჟისორები განცხადებით, ამ რეგულაციიდან გამომდინარე პრობლემის წინაშე დგება სხვადასხვა სახის ერთობლივი პროექტის განხორციელება, რადგან ყველა ის ორგანიზაცია, რომელიც ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან/და რომლის დაფუძნებაში მონაწილეობს სახელმწიფო, ავტომატურად უარყოფილია, როგორც ამგვარი ერთობლივი პროექტის მხარე/მონაწილე:

“ამ მხრივ, შეუძლებელი გახდა კინოცენტრის, კულტურის სამინისტროს, პროფილური სასწავლო დაწესებულებების თანამშრომლობა ერთობლივი პროექტების შექმნა-დაფინანსების ჭრილში. ყველაზე უფრო მეტად ამ შეზღუდვით ვიზარალეთ და ამჟამადაც ვიზღუდებით ჩვენ – ხელოვნების სხვადასხვა დარგში მოღვაწე ადამიანები. ქვეყანაში არ მოიძებნება სხვა მსხვილი ორგანიზაცია, რომელიც გვერდში დაუდგება ქართულ კინემატოგრაფს, თეატრალურ ხელოვნებას, ზოგადად, ხელოვნებას, გარდა ჩამოთვლილი ორგანიზაციებისა.

ამის გარდა, სად, თუ არა კინოცენტრში და საზოგადოებრივ მაუწყებელზე უნდა დუღდეს ეს შემოქმედებითი პროცესი, რომელსაც შემდგომ ეთერში განთავსების და, შესაბამისად, გასაჯაროების და პოპულარიზაციის პერსპექტივა გაუჩნდება” ,- წერენ რეჟისორები.

საკანონმდებლო წინადადების ავტორების განცხადებით,  კინოცენტრს და მაუწყებელს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, ერთად გადაიღონ კინოპროდუქცია, თეატრის და კინოს უნივერსიტეტს და მაუწყებელს კი უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, ერთობლივად დააფინანსონ ან/და სხვა რესურსით ითანამშრომლონ ახალგაზრდა რეჟისორების პროექტების ხელშეწყობის მიზნით.

აღნიშნულ წინადადებას ხელს 18 რეჟისორი აწერს, მათ შორის არიან:
ლევან კოღუაშვილი;
ელდარ შენგელაია;
ზურაბ კოკოჩაშვილი;
გიორგი ბარაბაძე;
გიორგი ოვაშვილი;
დათო ჯანელიძე;
ოთარ შამათავა;
ოთარ ლითანაშვილი;
ლევან კიტია;
ზაზა ხალვაში;
რუსუდან გლურჯიძე;
ნანა ჯანელიძე;
ლევან თუთბერიძე;
რეზო ესაძე და სხვები.

მასალების გადაბეჭდვის წესი