ახალი ამბები

NGO-ები სოფო კილაძის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ

5 თებერვალი, 2019 • 1369
NGO-ები სოფო კილაძის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ

“კოალიცია თანასწორობისთვის” საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს მოუწოდებს, “პარლამენტის წევრისთვის დადგენილი ეთიკის კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად იმოქმედოს და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებისა თუ ცალკეული აქტივისტების მიმართ დაუსაბუთებელი თავდასხმები შეწყვიტოს”.

როგორც კოალიციის განცხადებაშია ნათქვამი, ბოლო მსგავს შემთხვევას ადგილი ჰქონდა 4 თებერვალს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით “ბავშვის უფლებათა კოდექსის” კანონპროექტის განხილვის მიზნით გამართულ შეხვედრაზე, როცა შეხვედრის მიმდინარეობისას სოფიო კილაძემ ,,კოალიცია თანასწორობისათვის“ წევრი ორგანიზაციის – ,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) წარმომადგენელს, ანა აბაშიძეს მიმართა შემდეგი ფრაზებით:

“ჩემამდე მოვიდა შესაბამისი ხმები, რომ თქვენ პირდაპირ გქონდათ, თქვენ და ანა არგანაშვილს, დავალებული, რომ ამ ბავშვის კოდექსთან დაკავშირებით დესტრუქციული როლი გეთამაშათ, გამოსულიყავით მედიასაშუალებებში, გეყვირათ, რომ ქვეყანა იქცევა…”

“კარგი იქნება, თუ პარლამენტარების პიროვნულ შეურაცხყოფებს ფეისბუქზე თავს დაანებებთ, თქვენ და ანა არგანაშვილი…”

“ანგაჟირებული, დავალებული ადამიანისგან არაფერს არ ვიღებ. თქვენ ხართ ანგაჟირებული ადამიანი და თქვენგან არაფერს არ ვიღებ და არც მოგისმენთ, რა”.

“კოალიცია თანასწორობისთვის” აცხადებს, რომ სოფიო კილაძე არაერთი სამუშაო ჯგუფის შეხვედრისას თუ კომიტეტის სხდომებზე იყენებს ადამიანის უფლებებთან შეუსაბამო გამონათქვამებს და მისი მოქმედებით აჩვენებს აშკარა მიუღებლობას განსხვავებული მოსაზრებებისა თუ კრიტიკის მიმართ.

,,კოალიცია თანასწორობისათვის“ სოფიო კილაძეს შეახსენებს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის სტატუსი მას ავალდებულებს, საჯარო პოზიციონირებისას აჩვენოს ადამიანის უფლებების მიმართ პატივისცემა და ხელი შეუწყობს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა საკანონმდებლო პროცესებში ჩართვას.

“კრიტიკული და განსხვავებული მოსაზრებები არ შეიძლება გახდეს ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციის თუ ცალკეული აქტივისტის მიმართ დაუსაბუთებელი ბრალდებების და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი. მით უფრო, რომ საჯარო პირებს კრიტიკის თმენის ვალდებულება აქვთ და ეს დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტური პრინციპი და მოთხოვნაა. საკანონმდებლო პროცესებში საზოგადოებრივი ჯგუფების დემოკრატიული მონაწილეობა მოითხოვს პარლამენტის ხელმძღვანელი პირების მხრიდან კარგად ორგანიზებული, მონაწილეობითი, სამართლიანი და ეთიკური სადისკუსიო პლატფორმების შექმნას, რომელიც ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვისა და განსხვავებული აზრის პატივისცემის იდეაზე დგას. სამწუხაროდ, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე არათუ ამგვარი პლატფორმის შექმნას ვერ ახერხებს, არამედ თავად ხდება არაეთიკური მიმართვების, ავტორიტარული მიდგომებისა და ადამიანის უფლებების ხედვებს აცდენილი განცხადებების ავტორი, რაც მის მაღალ და საზოგადოებრივად მნიშვნელოვან სტატუსს არსებითად არ შეესაბამება”, – აცხადებს “კოალიცია თანასწორობისთვის”.

კოალიცია სოფიო კილაძის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს და მმართველ პოლიტიკურ გუნდს დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს.

“სხვა შემთხვევაში შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ მმართველი გუნდი არსებითად იზიარებს მისი განცხადებების და მიდგომების სულისკვეთებას და ასევე, ატარებს პოლიტიკურ ტვირთს სოფიო კილაძის განცხადებების გამო. აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი ჯგუფები წარსულშიც აყენებდნენ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს ადამიანის უფლებების იდეებთან მისი შეუსაბამო განცხადებების და ხედვების გამო. თუმცა ამ მიმართვას ქართული ოცნების მხრიდან რაიმე რეაგირება არ მოჰყოლია. სამწუხაროდ, პარლამენტში ამ დრომდე არ მოქმედებს მექანიზმი, რომელიც მსგავს არაეთიკურ შემთხვევებზე საზოგადოებრივ ჯგუფებს ქმედითი რეაგირების მოთხოვნის შესაძლებლობას მისცემდა”, – ნათქვამია განცხადებაში.

“კოალიცია თანასწორობისთვის” არაფორმალური გაერთიანებაა, რომელიც 2014 წელს ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ხელშეწყობით შეიქმნა და ცხრა არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. კოალიციის წევრები არიან:

  • ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო”
  • “ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” (EMC),
  • “კონსტიტუციის 42-ე მუხლი”
  • კავშირი “საფარი”
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
  • “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” (PHR)
  • “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” (GDI)
  • ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

აღსანიშნავია, რომ სოფო კილაძის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით 8 თებერვალს პარლამენტთან აქციაც დაიგეგმა. აქციის ორგანიზატორები არიან “ქალთა მოძრაობა”, “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” და “თანასწორობის მოძრაობა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი