ახალი ამბები

მადლობა რომ მძევლებად არ ვართ აყვანილი – ფოფხაძე კალაძის განცხადებას პასუხობს

5 თებერვალი, 2019 • 910
მადლობა რომ მძევლებად არ ვართ აყვანილი – ფოფხაძე კალაძის განცხადებას პასუხობს

“მადლობა, რომ საჭიროების შემთხვევაში გარეთ გასვლის საშუალებას გვაძლევენ”, – ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე კახა კალაძეს. თბილისის მერმა დღეს განაცხადა, რომ ვისაც სურვილი აქვს გუნდის დატოვების, მისთვის კარი ღიაა.

“მადლობა, რომ მძევლებად არ ვართ აყვანილი და საჭიროების შემთხვევაში გარეთ გასვლის საშუალებას გვაძლევენ. მინდა ყველას შევახსენო, რომ ამ უმრავლესობაში ადამიანებს არა მხოლოდ მოვალეობები, არამედ უფლებებიც გვაქვს. პარტიაში თავის დროზე თუ გავწევრიანდით, ეს იყო გარკვეული პოლიტიკური გადაწყვეტილება. ჩვენი ბიოგრაფიითა და ბრძოლით შევედით ამ პარტიაში”, – განაცხადა ფოფხაძემ “ტვ პირველის” ეთერში.

დღეს, 5 თებერვალს, გედევან ფოფხაძემ ნეტგაზეთს უთხრა, რომ არ მიუღია გადაწყვეტილება, დატოვებს თუ არა საპარლამენტო უმრავლესობას. მისი თქმით, გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება, საბოლოოდ რა პოზიცია ექნება “ქართულ ოცნებას”  სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით.

“ამა თუ იმ საკითხზე მსჯელობა გუნდის შიგნით უნდა მოხდეს. არასწორად მიმაჩნია, როდესაც პარტიის შიგნით გარკვეულ საკითხზე შეჯერება მოხდება, ამის შემდეგ კი განსხვავებული მოსაზრებების დაფიქსირება ხდება. ამასთან, ეს ხელს უწყობს გუნდის რღვევას. ვისაც გუნდის დატოვების სურვილი აქვს, კარი ღიაა,”-აცხადებს კალაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი