ახალი ამბები

საქართველოს მოქალაქეებისთვის შვეიცარიაში თავშესაფრის მიღების შანსი ნულია – ელჩი

5 თებერვალი, 2019 • 1913
საქართველოს მოქალაქეებისთვის შვეიცარიაში თავშესაფრის მიღების შანსი ნულია – ელჩი

შვეიცარიის კონფედერაციის ელჩი საქართველოში პატრიკ ფრანცენი ამბობს, რომ ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ თითქმის გაორმაგდა საქართველოს მოქალაქეების რიცხვი, ვინც შვეიცარიაში თავშესაფარს ითხოვს.

პატრიკ ფრანცენის თქმით, თუ 2015 წელს საქართველოს 405-მა მოქალაქემ მიმართა შვეიცარიას თავშესაფრის თხოვნით, 2018 წელს ამ მაჩვენებელმა 873 შეადგინა. შვეიცარიის ელჩმა თავშესაფრის მაძიებელთა ოდენობის ზრდას ვიზალიბერალიზაციის მცირედი გვერდითი ეფექტი უწოდა.

“ახლა ახალი ტრენდია თავშესაფრის მაძიებელთა შორის – უფრო და უფრო მეტი სამედიცინო შემთხვევა გვაქვს. საინტერესოა, რომ საქართველოსა და შვეიცარიას შორის პირდაპირი ფრენები ჯერ არ არის (ვმუშაობთ, რომ იყოს), მაგრამ, მიუხედავად ამისა, გაზრდილია შვეიცარიაში სამკურნალოდ ჩამოსულ თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი.  ეს რეადმისიას ცოტა უფრო ართულებს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. ამიტომ ვუკავშირდებით საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს. უნდა ვთქვა, რომ შესანიშნავი თანამშრომლობა გვაქვს საქართველოს ხელისუფლებასთან, რომ ამ გამოწვევას გავუმკლავდეთ”, – განაცხადა შვეიცარიის ელჩმა.

პატრიკ ფრანცენის თქმით, ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქალაქეებისთვის შვეიცარიაში თავშესაფრის მიღების ნულოვანი შანსია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი