ახალი ამბები

გვინდა უფრო მეტი ხარისხიანი ტურისტი- ტურიზმის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი

5 თებერვალი, 2019 • 7392
გვინდა უფრო მეტი ხარისხიანი ტურისტი- ტურიზმის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი

ტურიზმის ადმინიტრაციის ახალმა ხელმძღვანელმა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად “მაღალმხარჯველიანი ტურისტების მოზიდვა” დაასახელა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ტურიზმის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი კუნკურსის წესით შეირჩა.  მარიამ ქვრივიშვილი  ეკონომიკის მინისტრმა დღეს, 5 თებერვალს, ოფიციალურად წარადგინა.

“დასახული მიზნები საკმაოდ ამბიციური გვაქვს. მნიშვნელოვანია, რომ შევძლოთ და განვავითაროთ ახალი ტურისტული პროდუქტები, შევქმნათ ახალი ინფრასტრუქტურა, ვაწარმოოთ მოლაპარაკებები ახალ ავიაკომპანიებთან, რათა მოხდეს ახალი პირდაპირი რეისების დამატება საქართველოს მიმართულებით”,-განაცხადა ქვრივიშვილმა.

ფოტო: ეკონომიკის სამინისტრო

“ჩვენ განვიხილავთ ისეთ ტურისტულ პროდუქტებს როგორებიც არის სამედიცინო ტურიზმი, ეკოტურიზმი და კიდევ სხვა მრავალი. ეს პროდუქტები თავის მხრივ იქნება ბაზა იმისთვის, რომ უკვე არსებობდეს ქვეყანაში პროდუქტის მიწოდების პლატფორმა. უმნიშვნელოვანესია სამედიცინო ტურიზმის განვითარების ნაწილში კერძო სექტორის ჩართულობა. მისია ყველას ერთი გვაქვს, ჩვენ გვინდა უფრო მეტი ხარისხიანი ტურისტი ჩამოვიდეს საქართველოში”, – უთხრა “ტვ პირველს” ქვრივიშვილმა.

ნეტგაზეთმა ტურიზმის ადმინისტრაციას ჰკითხა რას გულისხმობდა ახალი ხელმძღვანელი “ხარისხიან ტურისტში”, რაზეც გვიპასუხეს, რომ ქვრივიშვილი “მაღალმხარჯველიან ტურისტებს” გულისხმობდა. რაც შეეხება “ხარისხიან ტურისტის” ტერმინის ეთიკურობას, ამაზე განმარტება ჯერჯერობით ვერ მივიღეთ.

ქვრივიშვილის თქმით, უნდა მოგვარდეს ინფრასტრუქტურის მიმართულებით არსებული პრობლემები, მათ შორის ე.წ სველი წერტილების საკითხი. ქვრივიშვილი განმარტავს, რომ ტურიზმის ადმინისტრაციის მიზანი უნდა იყოს, რომ იმ ავიაკომპანიებმა, რომლებიც ქართულ ბაზარზე უკვე არიან და სეზონურად ან მცირე სიხშირით ახორციელებენ ფრენებს, რეისების რაოდენობა გაზარდონ.


სამინისტროს ცნობით, ტურიზმის ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელს დამთავრებული აქვს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მარკეტინგის და ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტი. ქვრივიშვილმა მაგისტრის ხარისხი თავისუფალ უნივერსიტეტში ბიზნესის მართვის მიმართულებით მიიღო.

რაც შეეხება სამუშაო გამოცდილებას, 2013 წლიდან შპს „ვოიაჟერის“ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა, ასევე იყო ავიაკომპანია flydubai რეგიონალური მენეჯერი საქართველოში. მარიამ ქვრივიშვილი 2012-2013 წლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზეც მუშაობდა. ის ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი