ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მოსკოვი სომხურ გამოცემა hetq.am-ს რუსეთის ტერიტორიაზე დაბლოკვით ემუქრება

5 თებერვალი, 2019 • 1355
მოსკოვი სომხურ გამოცემა hetq.am-ს რუსეთის ტერიტორიაზე დაბლოკვით ემუქრება

რუსეთის ფედერაციის კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანო “როსკომნადზორი” სომხურ მედიაგამოცემა Hetq.am-ს რუსეთის ტერიტორიაზე დაბლოკვით ემუქრება.

საუბარია hetq.am -ის მიერ სომხეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, ედვარდ ნალბანდიანის მრჩევლის და ამჟამად რუსეთში მომუშავე ბიზნესმენის, რუბენ ტატულიანის შესახებ მომზადებულ ჟურნალისტურ მასალებზე, რომელთა წაშლასაც რუსეთის სახელმწიფო უწყება ითხოვს.

როგორც hetq.am წერს, 2019 წლის იანვარში სომხურმა საინფორმაციო ვებ-გვერდმა Hetq.am “როსკომნადზორის” ოთხი შეტყობინება მიიღო, სადაც ნათქვამი იყო, რომ თუ რუსეთის მოქალაქე რუბენ ტატულიანზე მომზადებული მასალები არ წაიშლება, ვებ-გვერდი რუსეთის ტერიტორიაზე დაიბლოკება.

ამასთან, რუსეთის სახელმწიფო უწყებამ მოთხოვნა, “პერსონალური მონაცენების” კანონის შესაბამისად, მოსკოვის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით დაასაბუთა.

“როსკომნადზორის” ცნობითვე, მოქალაქე რუბენ ტატულიანმა  სწორედ მათ მიმართა საკუთარი პერსონალური მონაცემების საიტიდან წაშლაზე შუამდგომლობის თხოვნით.

2018 წლის მაისში გამოცემამ რუსულ მედიაზე დაყრდნობით დაწერა ინფორმაცია ტატულიანის ჩეხეთში დაკავებაზე, რომელსაც სომხეთის დიპლომატიური პასპორტი აღმოაჩნდა.

გამოცემა hetq.am აცხადებს, რომ არ აპირებს აღნიშული მასალების წაშლას, რადგან ისინი არ შეიცავს ცილისწამებას, შეურაცხყოფას ანდა სიძულვილის პროპაგანდას, და კითხვას სვამს, რის საფუძველზე ითხოვს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ორგანო სომხური მედიისგან მასალების წაშლას და რატომ მიმართა ტატულიანმა სხვა ქვეყნის უწყებას?

ოფიციალური პოზიციის გასაგებად Hetq.am-მა სომხეთის იუსტიციის სამინისტროს მიმართა.

“როსკომნადზორ” ანალოგიური მოთხოვნები ჰქონდა სხვა სომხური მედიაგამოცემების მიმართაც, მაგალითად, გაზეთ “არავოტის”ონლაინ ვერსიის მიმართ, რომელიც უკვე დაბლოკილია რუსეთის ტერიტორიაზე.

ამავე თემაზე: 

შესაძლოა, რუსეთში BBC აკრძალონ

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი