ახალი ამბებისამართალი

ენმ-მ მაჩალიკაშვილის საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა

5 თებერვალი, 2019 • 2082
ენმ-მ მაჩალიკაშვილის საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა

დღეს, 5 თებერვალს, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ საქართველოს პარლამენტის ბიუროზე დააყენა მოთხოვნა, რომელიც თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას გულისხმობს. ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ენმ-ის ლიდერმა, ნიკა მელიამ ისაუბრა.

პარლამენტის ახალი რეგლამენტის მიხედვით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად საჭიროა 50 დეპუტატის მხარდაჭერა, რაც იმას ნიშნავს, რომ საპარლამენტო უმცირესობის წევრების გარდა, სულ მცირე უმრავლესობის 20 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.

“დღეს ყურადღება მინდა გავამახვილო ბატონ მალხაზ მაჩალიკაშვილზე. ძვირფასო კოლეგებო ქართული ოცნებიდან, თქვენ ის ადამიანები ხართ, ვისაც გიყვართ მუდმივად მორალური კატეგორიებით საუბარი, რომ თქვენ რა მაგრები და დიდსულოვნები ხართ, რა შინაგანი ძალა გაქვთ, რომლითაც იწესრიგებთ საქციელს ყოველთვის, ხოლო ჩვენ რა ცუდები ვართ. თვეებია ეს ადამიანი [მალხაზ მაჩალიკაშვილი] კარავში ცხოვრობს, ხალხო… არ მინდა პათეტიკურად ვსაუბრობდე, მაგრამ ფაქტს აღვწერ – ერთი წლის წინ მას შვილი დაუხვრიტეს საკუთარ სახლში; მამა მეუღლესთან ერთად იყო საკუთარ საძინებელში და გვერდით ოთახში მისი ახალგაზრდა შვილი, რომელსაც ეძინა… მეორე ვერსიაა, რომ არ ეძინა და მობილურით ხელში იწვა საკუთარ საწოლში და იძინებდა. მას შეუვარდა სახელმწიფო და დახვრიტა.

აქ რა შუაშია ოპოზიცია, რა შუაშია ეს ჯანდაბა ნაციონალური მოძრაობა, თქვენი გადმოსახედიდან, და სისხლისმსმელი ნიკა მელია? ეს გარეწარი, ვინც ახლა ამას საუბრობს ჩემი სახით, რა შუაშია? ტყუილს ვიძახი? სახლში რომ მიხვალთ თქვენც, ხომ გყავთ შვილები, მეუღლეები და ნათესავები? თქვენ ხომ ჩვენზე უკეთესები ხართ, ხალხო? ადექით და გამოიძიეთ! ყურით მოვიყვანოთ გომელაური და აიძულეთ, რომ ვათქმევინოთ – რატომ დახვრიტა ეს ადამიანი საკუთარ საწოლში და პასუხი გავცეთ [მალხაზ მაჩალიკაშვილს]. ჩემი აზრით, საქართველოს პარლამენტში ყოველიდღე ამ საკითხით უნდა იწყებოდეს და მთავრდებოდეს, მაშინ როდსაც თვეებია კარავში სძინავს ადამიანს!” – განაცხადა ნიკა მელიამ.

ნაციონალური მოძრაობის ლიდერის განცხადებით, ქართული ოცნების სულ რაღაც ოცმა დეპუტატმა უნდა გაბედოს და თანხმობა განაცხადოს იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ნათელი მოეფინოს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეს:

“წინააღდეგ შემთხვევაში, მაპატიეთ და, არცერთ სიტყვას არ შეგარჩენთ არასოდეს იმიტომ, რომ ხართ არაგულწრფელები. არაგულწრფელები ხართ, როდესაც შვილმოკლული მამა გეხვეწებათ (არამარტო ჩვენ, თქვენც…), რომ შვილი დამიკლეს საკუთარ საძინებელში და დამეხმარეთ, თუმცა თქვენ არაფერს აკეთებთ გარდა იმისა, რომ თამაშობთ სახლობანას ქართულ ოცნებაში. ახლა [თბილისის პარლამენტის შენობაში] ძველი თაობის ქართული ოცნების დეპუტაციამ პირველ რიგებში გადმოინაცვლა და ახალი თაობის დეპუტაცია უკანა რიგებში გადააგდო. ამ ცირკს უნდა ვუყუროთ? მაპატიეთ!”

თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციისას დაიჭრა, რამდენიმე დღეში კი ამის შედეგად გარდაიცვალა.

მაჩალიკაშვილის საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას მალხაზ მაჩალიკაშვილი და მისი მხარდამჭერები ითხოვენ. ამ მოთხოვნით შეიქმნა პეტიციაც, რომელსაც მალევე მოაწერა ხელი 2000-მა ადამიანმა.

თემირლანის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი ზაზა სარალიძესთან ერთად თითქმის ერთი წელია პარლამენტის წინ პერმანენტულ საპროტესტო აქციას მართავს. შვილმოკლული მამები თვეებია კარვებში ცხოვრობენ და დამნაშავეების დასჯას მოითხოვენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი