ახალი ამბები

ანაკლია კაზანტიპის სამზადისში – მომხრეები და მოწინააღმდეგეები [Video]

28 ივლისი, 2014 • 2734
ანაკლია კაზანტიპის სამზადისში – მომხრეები და მოწინააღმდეგეები [Video]

 

ლია შამუგია ანაკლიაში ცხოვრობს. ის ამბობს, რომ ფესტივალი მისი ოჯახის ბიუჯეტს დაეხმარება. რამდენიმე ოთახის გაქირავებას აპირებს ფესტივალის სტუმრებზე.

 

„კაზანტიპი ძალიან კარგი წამოწყებაა, კარგი შანსია ანაკლიისთვის. ფინანსურად სულს მოითქვამს ხალხი. ჩემს ოჯახსაც წაადგება. ბინის გაქირავებიდან აღებული ფულით შვილიშვილს წელგამართული გავუშვებ სკოლაში,“  – ამბობს ლია შამუგია.

 

 

ანაკლიელები ამბობენ, რომ გარდა ეკონომიკური სარგებელისა, კაზანტიპი ანაკლიის, როგორც კურორტის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

 

„საერთაშორისო არენაზე რომ გავიდეს ანაკლიის სახელი, მარტო მაგიტომაა ფესტივალის ჩატარება მნიშვნელოვანი. ინვესტიციები შემოვა, ხალხი დასაქმდება, განვითარდება ანაკლია,“  –  ამბობს განმუხურის მცხოვრები მთვარისა ჭითაშვილი.

 

მთვარისა იმ აქციის მონაწილე იყო, რომელიც 26 ივლისს ანაკლიისა და განმუხურის მცხოვრებლებმა ანაკლიაში, პოლიციის შენობის წინ გამართეს. აქციის მონაწილეები კაზანტიპის ჩატარებას ითხოვენ და იმ ადამიანებს, ვინც ფესტივალის ჩატარების წინააღმდეგია, ანაკლიელების რეალური პრობლემებით დაინტერესებას თხოვენ.

 

აქციის მონაწილეთა განცხადებით, მათ კრედიტები აიღეს იმისათვის, რომ ფესტივალზე ჩამოსულ სტუმრებს სათანადოდ დახვდნენ.

 

 

ელექტრონული მუსიკის ფესტივალის წინააღმდეგ გასულ კვირას განცხადება საქართველოს საპატრიარქომ გააკეთა. კაზანტიპის წინააღმდეგ გამოდის ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმეც.

 

„არა ეკლესია, არა მხოლოდ სასულიერო პირები, არამედ ქართველი ხალხი არის იმის წინააღმდეგი, რომ ასეთი უმსგავსობა საქართველოში არ ჩატარდეს და საქართველოში არასდროს ყოვლაწმინდა ღვთისმშობელის სახელი არ იყოს შებღალული,“ – განაცხადა მეუფე გერასიმემ.

 

„შიშვლები ივლიან კაზანტიპზე, კრიმინალი გაიზრდება, ნარკოტიკს გაყიდიან, აღვირახსნილად მოიქცევიან, ორგიები იქნება“, – ეს არის ის შიშები, რაც საზოგადოების ერთ ნაწილს აქვს. საზოგადოების შიშებს საქართველოს საპატრიარქო ამყარებს. საპატრიარქომ განცხადება გასულ კვირას გაავრცელა: 

  

„კაზანტიპს“ სწორედ აღვირახსნილობის გამო სტუმრობს ამდენი „ტურისტი“ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. მათ სწორედ მასობრივი ორგიები და თავაშვებულობა იზიდავთ და არა მუსიკა ან რაიმე კულტურული ღონისძიება, მითუმეტეს ჩვენი ქვეყნის აღორძინების სურვილი“.

 

რა არის კაზანტიპი, რამდენად რეალურია მსგავსი შიშები, რა სარგებელს მოუტანს ქვეყანას ეს ფესტივალი, იქნება თუ არა უსაფრთხოების ნორმები დაცული – „ბათუმელები“ კაზანტიპის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ნიკიტა მარშუნოკს ესაუბრა.

 

ნიკიტა მარშუნოკი

 

 – არ შემიძლია კაზანტიპზე ვილაპარაკო უბრალოდ, მე მას ცოტა სხვაგვარად ვუყურებ. კაზანტიპი არის ჩემთვის შვილივით. მე მას ვპატიობ ყველაფერს და მე მასში ვხედავ გარკვეულ ნაკლოვანებებს. ობიექტურად შემიძლია ეს ყველაფერი შევაფასო და ვიცი როგორ შევცვალო. მე ვგრძნობ კაზანტიპს. ყველა ადამიანს, რომელიც კაზანტიპზე ხვდება საკუთარი დამოკიდებულება უჩნდება ფესტივალის მიმართ. ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რა განწყობით შემოაბიჯა მან საზღვარზე. მოდის განწყობით, რომ დაინახოს ყველაფერი დადებითად თუ მოდის იმ განწყობით, რომ დაინახოს ნეგატივი. დიდი ხანია დადასტურებულია, რომ ყველას თავისი კაზანტიპი აქვს. ერთგვარი გაგება კაზანტიპისა არ არსებობს.

 

ანაკლიელები მიესალმებიან ფესტივალის ჩატარებას, თუმცა საზოგადოების ერთი ნაწილი შიშობს, რომ ფესტივალი „ქართული კულტურისთვის“ მიუღებელი იქნება. რას ეტყოდით მათ?


– ნორმალურია, როდესაც არსებობს განსხვავებული მოსაზრება ნებისმიერ თემაზე. ადამიანები სხვადასხვაგვარები არიან, სხვადასხვა აზრებით. ეს ეხება საკვებს, მუსიკას, თმის ვარცხნილობას. ძალიან უცნაური იქნებოდა, რომ კაზანტიპზე მხოლოდ ერთი განწყობა ყოფილიყო. ის, რომ ბებიებს მოსწონთ კაზანტიპი, ძალიან მაგარია. ადამიანებს, რომლებსაც არ უნახავთ კაზანტიპი, ჰგონიათ, რომ ეს არის საშინელება. გაუგებარია, ვისაც არ უნახავს, რატომ ლაპარაკობს ამდენს ფესტივალზე.

 

მე არ შემიძლია კომენტარი გავაკეთო იმ შიშებზე, რაზეც ლაპარაკობენ. დავიღალე ამით. არც კი ვიცი ზუსტად რაზეა დაფუძნებული ეს შიშები. როდესაც ადამიანი ნათლად აყალიბებს თავის პრეტენზიებს, არანაირად არ გამიჭირდება ის რაღაცაში გადავარწმუნო. მიხარია, რომ კაზანტიპი ახალ შეკითხვებს ბადებს საქართველოში. ეს რომ არა, ძალიან მოსაწყენი იქნებოდა.

 

არ არის ადვილი ჩამოხვიდე სხვა ქვეყანაში და ჩაატარო ფესტივალი. საერთოდაც, საშინელი წელი იყო. ტოპ ნიუსები უკრაინის ამბებით იწყებოდა. ყირიმის ნახევარკუნძულზე ერთადერთი ნათელი წერტილი იყო კაზანტიპი. ჩვენ ხუმრობით იმასაც ვამბობდით _  „ყირიმში არაფერია ღირებული, გარდა კაზანტიპისა“.

 

იმის შემდეგ, რაც უკრაინაში მოხდა ჩვენ გავაცნობიერეთ, რომ მოულოდნელად აღმოვჩნდით რუსეთის ფედერაციაში მთელი სირთულეებით. რუსეთი არის ის ქვეყანა, სადაც თავისუფლად და დაცულად ვერ იგრძნობ ადამიანი თავს. პროექტები, რომელიც დაკავშირებულია ახალგაზრდობასთან და გავლენას ახდენს საზოგადოების დიდ ნაწილზე, ყოველთვის არის პოლიტიზირებული.

 

საზოგადოებაში მითები დადის კაზანტიპზე. დღეს ერთმა ანაკლიელმა ქალმა მითხრა: „ისინი ივლიან შიშვლები, ფოტოები ვნახე ინტერნეტში…“ რას ეტყოდით მათ?


– არ ვარ ის ადამიანი, ვინც ზღვაზე საბანაო კოსტიუმით სიარულის  ტრადიცია გამოიგონა. მთელს მსოფლიოში ასეა. მე ნამდვილად არ მაქვს ზღვაში ბანაობის დრო, მაგრამ სანაპიროზე სეირნობისას ვხედავ, რომ ყველა საბანაო კოსტიუმს იყენებს. მოდით მივხვდეთ ერთ რამეს, უფროსები ისე იქცევიან, როგორც მიჩვეულები არიან საზოგადოებაში მოქცევას, ზრდასრულ ადამიანებზეა ლაპარაკი. ისინი ისე გამოხატავენ საკუთარ თავს, როგორებიც არიან. რაც შეეხება იმას, რომ ვიღაც გაიხდის, მე ასეთი არ მახსოვს. ვფიქრობ, როდესაც ცხელა, სასურველია ნაკლები ტანსაცმელი გეცვას. თუმცა, ის, რომ აქ შიშველი ირბენს ვინმე, არასწორია, ეს არ არის ველური პლაჟი.

 

ყველანი იქნებიან ჩაცმულები, რადგან აქ გახდა არც თუ ისე უსაფრთხოა და თან ამის მიმართ არის დიდი ყურადღება. ეს არავის არ სჭირდება. ეს შიშები და განგაში ვიღაცის ოცნება შეიძლება იყოს. ყველანი იქნებიან ქურქებით.

 

კაზანტიპის წინააღმდეგ გამოდის საქართველოს საპატრიარქო. როგორ უყურებთ ამ საკითხს და უკრაინაში თუ გქონდათ მსგავსი წინააღმდეგობა?

 

– ჩემთვის გაუგებარია რატომ უთმობს ეკლესია ამდენ ყურადღებას კაზანტიპს. 22 წელია ეს ფესტივალი ტარდება. ჩვენ მხოლოდ სიკეთის და სიხარულის მოტანა გვინდა ადამიანებისათვის. ეკლესია ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტია, მაგრამ ეს განცხადებები ნაჩქარევია. ისინი აკეთებენ განცხადებებს იმაზე, რისი მოწმეც თვითონ არ ყოფილან. მოდით ამ თემაზე პირველ სექტემბერს ვილაპარაკოთ. მას შემდეგ უნდა გახდეს ეს განსჯის საგანი, რაც ფესტივალი ჩაივლის. ვფიქრობ, ადამიანები, რომლებსაც დიდი გავლენა აქვთ საზოგადოებაზე და რომლებიც ასეთ განცხადებებს აკეთებენ, უფრო პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ თავიანთ სიტყვებს.

 

მე მინდა მქონდეს მათთან დიალოგის შესაძლებლობა, მე ვითხოვ დიალოგს. მე თვითონაც მართლმადიდებელი ვარ. მათი განცხადება ემყარება ინტერნეტიდან ამოგდებულ ფოტოებს. ისინი ხომ ერკვევიან კარგად ადამიანებში, ეს განცხადებები მას შემდეგ გააკეთონ, რაც თვალებში შემომხედავენ.

 

მოსახლეობა შიშობს, რომ ფესტივალის პერიოდში გაიზრდება კრიმინალი, ფესტივალზე გაიყიდება ნარკოტიკი …


– მე შევხვდი ადამიანებს, რომლებისგანაც გავიგე, რომ ისინი აბსოლუტურად მზად არიან კაზანტიპის უსაფრთხოების დასაცავად. ვიცი, რომ კაზანტიპის უსაფრთხოებას სამი ათასი ადამიანი დაიცავს. დაიცავენ კანონის აღსრულებას, როგორც შიგნით, სადაც ფესტივალი ტარდება, ასევე გარეთ. პროფესიონალები მეუბნებიან, რომ უსაფრთხოება გარანტირებულია. ამიტომ მშვიდად ვარ.

 

ყირიმში თუ ყოფილა კრიმინალის შემთხვევები?


– პირველ წლებში საერთოდ არანაირი დაცვა არ გვყავდა ფესტივალზე. იყო კონფლიქტები. მოგვიანებით ავამოქმედეთ ფინანსური ფილტრი. ფასიანი გახდა ფესტივალზე შესვლა, რამაც გაზარდა მისი ხარისხი. ფესტივალზე ისინი შედიან, ვისაც ეს ძალიან სჭირდება, ვისაც ეს მუსიკა მოსწონს. ის ახალგაზრდა, ვისაც ძალიან მოსწონს ელექტრონული მუსიკა, პოულობს სახსრებს რომ მოვიდეს. ხოლო ის, ვინც ვერ ერკვევა მუსიკის ამ ჟანრში, არ დახარჯავს ფულს. კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად გადასახადია დაწესებული. ეს იყო ერთადერთი გზა უფრო უსაფრთხო გაგვეხადა ფესტივალი და დაგვეცვა ის შემთხვევითი შემომსვლელებისგან. 

 

რა სარგებელს მიიღებს ამ ფესტივალიდან საქართველო?


– ქართული კანონმდებლობის შესაბამისად, შემოსული თანხიდან ჩვენ ვიხდით ყველა გადასახადს. ეს არის შემოსული თანხის 10%. დანარჩენი ნაწილდება სხვადასხვა სექტორში _ ავიაკომპანიები, კვება, ცხოვრება. გასული წლების სტატისტიკით, ფესტივალზე მომსვლელი ყველაზე ეკონომიური ხარჯვის დროსაც კი არ ხარჯავს 1000 დოლარზე ნაკლებს.

 

რამდენი ბილეთი გაყიდეთ ამ დროისათვის და რამდენ ადამიანს ელოდებით?


– არ შემიძლია ამის თქმა. ერთის მხრივ იმიტომ არ შემიძლია, რომ საქართველო ძალიან სპეციფიური ქვეყანაა. აქ წინასწარ დაჯავშნის კულტურა არ არის. ერთი ანეგდოტია. „ქართველები საფეხბურთო მატჩზე ბილეთებს მეორე ტაიმის წინ ყიდულობენ, ამბობენ _ პირველ ტაიმში საინტერესო არაფერი ხდებაო“. აქ ბილეთების ყიდვა ბოლო დროს იციან. თუ გინდათ დაითვალეთ რამდენი იყიდის ბილეთს ბოლო დღეს. მე მეშინია, რომ ასეთი ბევრი იქნება. გეტყვით სიმართლეს. არ მინდა, ფესტივალზე 50 ათასი ადამიანი მოვიდეს. ჩემი მთავარი მიზანი ამჟამად ეს არ არის. თუ ყველაფერი კარგად წავიდა, ბევრი ხალხი მოვა. ადამიანები ყოველგვარი რეკლამის გარეშე, რამდენიმე ათას კილომეტრს გადმოლახავენ, რომ დაესწრონ კაზანტიპს. ზოგადად ასე ხდება, კაზანტიპზე ლაპარაკობენ ნახევარი წლით ადრე მის ჩატარებამდე და ნახევარი წელი მისი ჩატარების შემდეგ.

 

კაზანტიპის ტერიტორიაზე კერძო მეწარმე თავისი პროდუქციის გაყიდვას შეძლებს?


– ჩვენი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ აქ გავაშენოთ ქალაქი. აბსოლუტურად უფასოდ ვაძლევთ შანსს ნიჭიერ ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ რაღაც გააკეთონ, მოვიდნენ და ინფრასტრუქტურა შეცვალონ. ეს არის ქალაქი, რომელსაც აქვს შანსი ჰქონდეს ყველაფერი. ადგილობრივებს რაც შეხება, მოვუწოდებ ყველას გაყიდონ ყველაფერი, რისი გაყიდვაც შეუძლიათ. ძროხა, თხა, სიმინდი – ყველაფერი. მე მინდა აქ ეკობაზარი გაიხსნას. არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ვინ როგორ არის განწყობილი კაზანტიპის მიმართ, შეუძლიათ მოვიდნენ და ყველაფერი გაყიდონ.


რატომ აირჩიეთ ფესტივალის სიმბოლოდ ყვითელი ჩემოდანი?


– წლების წინ, როდესაც ფესტივალი დაიწყო, დავწერე განცხადება ერთ-ერთ ჟურნალში. არ მქონდა ბევრი დრო, ამიტომ ტექსტი იყო ასეთი: „დროა ყველამ ჩავალაგოთ ჩემოდნები“. დიზაინისთვის დრო არ მქონდა, მაგრამ ფოტოგრაფმა ყვითელი ჩემოდნის ფოტო დაურთო. პირველ წელს არ მიმიქცევია ყურადღება. მეორე წელს 26 ადამიანი ჩამოვიდა ყვითელი ჩემოდნით, ყოველგვარი წინასწარი მოლაპარაკების გარეშე. შემდეგ წლებში ათასობით ადამიანი ჩამოდიოდა ყვითელი ჩემოდნით. ასე გახდა ჩვენი სიმბოლო. ახლა უკვე ყველა, ვინც თავის ჩემოდანს ყვითლად გადაღებავს და გაივლის რეგისტრაციას საიტზე, შეძლებს უფასოდ მოხვდეს კაზანტიპზე. მოხარული ვიქნები თუკი ქართველები ყვითელი ჩემოდნით მოხვალთ. მე არ მჭირდება თქვენი ფული, მე მჭირდება თქვენი მოსვლა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი