“6 თებერვალს ჩვენ ისტორიას დავწერთ: ნატო-ს მოკავშირეები, [მაკედონიის] საგარეო საქმეთა მინისტრ ნიკოლა დიმიტროვთან ერთად, მომავალი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ალიანსში გაწევრიანების შესახებ პროტოკოლს მოაწერენ ხელს”, – წერს იენს სტოლტენბერგი Twitter-ში, მის ოფიციალურ გვერდზე.
მაკედონიის ნატო-ში გაწევრიანება შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც სკოპიე ქვეყნის სახელწოდების შეცვლას დათანხმდა. ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკის, მაკედონიის საერთაშორისო სახელწოდება ჩრდილოეთ მაკედონია იქნება. მაკედონიის სახელწოდება საბერძნეთთან 27-წლიანი დაპირისპირების საფუძველი იყო. ათენი მიიჩნევდა, რომ იუგოსლავიის დაშლის შედეგად წარმოქმნილ ახალ სახელმწიფოს არ უნდა ჰქონოდა საბერძნეთის ჩრდილოეთ რეგიონის – მაკედონიის, სახელწოდება და ეს ბევრ გაურკვევლობას იწვევდა. სახელთან დაკავშირებული დავის გამო, წლების განმავლობაში საბერძნეთი ბლოკავდა მაკედონიის გაწევრებას ევროკავშირსა და ნატო-ში. საბოლოოდ, ათენმა და სკოპიემ მაკედონიის სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს.
მაკედონია იმედოვნებს, რომ საბერძნეთი იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც 6 თებერვალს ხელმოწერილი პროტოკოლის რატიფიცირებას მოახდენს.
ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა ნატო-ს რიგით 30-ე წევრი სახელმწიფო იქნება.