ახალი ამბები

ძალოვნები უნიფორმებით სრულყოფილად უზრუნველყოფილნი არ არიან – აუდიტი

4 თებერვალი, 2019 • 1776
ძალოვნები უნიფორმებით სრულყოფილად უზრუნველყოფილნი არ არიან – აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ძალოვანი უწყებების უნიფორმებით უზრუნველყოფის ეფექტიანობის აუდიტი გამოაქვეყნა.

აუდიტი 2017 წლის პერიოდს მოიცავს და მის ობიექტებს თავდაცვის სამინისტრო, შსს, დაცვის პოლიციის დეპარტამენტი, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო წარმოადგენდნენ.

აუდიტით გამოვლინდა სხვადასხვა სახის სისტემური ნაკლოვანებები, კერძოდ, ხელმისაწვდომობაში არსებული ნაკლოვანება – ძალოვანი უწყებების მოსამსახურეები (გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისა) სრულყოფილად არ არიან უზრუნველყოფილნი წინასწარ განსაზღვრული, ნორმებით დადგენილი ოდენობების
უნიფორმებით. აუდიტის სამსახურის შეფასებით, ზოგიერთ შემთხვევაში დადგენილი ნორმები რეალურ საჭიროებას არ ასახავს და უნდა გადაიხედოს.

აუდიტის სამსახურის შეფასებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში არასაკმარისი ფინანსური რესურსის გამო, რომელიც ამ კომპონენტისთვის არის გამოყოფილი, სამხედრო მოსამსახურეების უნიფორმით სრულად უზრუნველყოფა ვერ ხდება, თუმცა ვითარება წლების განმავლობაში უმჯობესდება.

აუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ მის მიერ შესწავლილი შემთხვევებიდან დაახლოებით 4,2 მილიონი ლარი, შესაძლოა, უფრო პროდუქტიულად იქნას გამოყენებული და მისი ნაწილი მიიმართოს უნიფორმის შესყიდვაზე იმ მოსამსახურეებისთვის, რომელთაც აღნიშნულის მეტი საჭიროება გააჩნიათ.

აუდიტის სამსახური მიუთითებს არაერთგვაროვან პრაქტიკასა და ნორმის განსაზღვრის ნაკლოვანებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროში. ნათქვამია, რომ მაგალითად, უბნის ინსპექტორს, რომელსაც ყოველდღიურად უწევს
ფეხით სიარული, ნორმით არ ეკუთვნის ფეხსაცმელი, თუმცა ის გათვალისწინებულია საპატრულო პოლიციისა და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის.

საერთაშორისო პრაქტიკისგან განსხვავებით, აუდიტის სამსახურის შეფასებით, საქართველოში უნიფორმების მარაგების მართვის დადგენილი პოლიტიკა უწყებებში არ არსებობს. კერძოდ, არ არის დადგენილი უნიფორმის თითოეული ატრიბუტიკის სარეზერვო ნორმა. შსს-ს დადგენილი აქვს სარეზერვო ნორმა მხოლოდ საველე უნიფორმაზე, ხოლო თავდაცვის სამინისტროს ყველა ტიპის უნიფორმისთვის დადგენილი აქვს ერთი და იგივე
სარეზერვო ნორმა. გარდა აღნიშნულისა, უწყებებში უნიფორმების ნორმების ცვლილებები ხშირია, რაც უნიფორმის ფერის, დიზაინის ცვლილებასა და ახალი შესყიდვის განხორციელების საჭიროებას გულისხმობს. აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, წლების განმავლობაში დაგროვილმა გამოუყენებელი  მარაგების ჯამურმა ღირებულებამ 5,5 მლნ ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ თავდაცვის სამინისტროს შემთხვევაში, გამოუყენებელი ნაშთის მნიშვნელოვანი ნაწილი 2004 და 2009 წლებიდან მომდინარეობს.

2017 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მოითხოვა უნიფორმების შესყიდვის დაფინანსება გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით. აღნიშნული შესყიდვები განხორციელდა გამარტივებული წესით. თუმცა, აუდიტის სამსახურის შეფასებით, ვერ დასტურდება ამ მიმართულებით გაწეული ხარჯის – 476 000 ლარის ეკონომიურობა, ვინაიდან სამინისტროს გარკვეული მარაგები გააჩნდა და წლის ბოლომდე არ იქნა სრულად გამოყენებული გადაუდებელი აუცილებლობით შესყიდული რაოდენობა.
შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ გარკვეული მარაგის შექმნა იყო საჭირო, ნაცვლად გამარტივებული შესყიდვისა, შესაძლებელი იყო ტენდერის გამოცხადება.

სამინისტრომ სარეზერვო ფონდიდან, ასევე, გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით, შეისყიდა დაახლოებით 109 000 ლარის ღირებულების მაღალხარისხიანი სხვადასხვა დასახელების სანივთე ქონება კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის. მათთვის უნიფორმის ნორმა და პლანშეტი არ არის განსაზღვრული, შესაბამისად, ძვირადღირებული უნიფორმის შესყიდვის საჭიროება საკმარისად დასაბუთებული არ არის.

აუდიტის სამსახურის შეფასებით, ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა თავდაცვის სამინისტროს მიერ მაღალყელიანი ფეხსაცმლის შესყიდვის მიზნით განხორციელებული შესყიდვებიც.  2018 წლამდე სამინისტრომ ვერ უზრუნველყო მისაღები ხარისხის ფეხსაცმლის ტექნიკური  მახასიათებლებისა და პრეტენდენტის საკვალიფიკაციო მოთხოვნების ჩამოყალიბება წლების განმავლობაში (გაუმჯობესებული მახასიათებლები 2018 წლიდან ჩამოყალიბდა), რის გამოც შესყიდვები განხორციელდა სხვადასხვა ფასად და საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიური ხარჯვის რისკები გამოიწვია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი