ახალი ამბები

“დემოკრატია კვდება სიბნელეში” — “ვაშინგტონ პოსტის” ახალი ვიდეომიმართვა

4 თებერვალი, 2019 • 1673
“დემოკრატია კვდება სიბნელეში” — “ვაშინგტონ პოსტის” ახალი ვიდეომიმართვა

3 თებერვალს ამერიკულმა გამოცემა “ვაშინგტონ პოსტმა” (Washington Post) ახალი ვიდეომიმართვა გაავრცელა თავისი სლოგანით — “დემოკრატია კვდება სიბნელეში”.

60-წამიან ვიდეომიმართვაში ტექსტს კითხულობს მსახიობი ტომ ჰენკსი, რომელიც გამოცემის აღმასრულებელი რედაქტორის, ბენ ბრედლის როლს ასრულებს 2017 წლის ფილმ “პოსტში” (The Post).

ფოტო და ვიდეოკადრებში, რასაც ჰენკსის ტექსტი გასდევს ფონად, ჩანან ჟურნალისტები, ჯამალ ხაშოკჯი (მოკლეს სტამბოლში, საუდის არაბეთის საელჩოში საუდების ტახტის კრიტის გამო), მარი კოლვინი (მოკლეს სირიაში სამოქალაქო ომის გაშუქებისას) და ოსტინ ტაისი, რომელიც სირიაში 6 წლის წინ გაიტაცეს;

ასევე ჩანს კადრები მეორე მსოფლიო ომიდან, მთვარეზე მოგზაურობიდან, ოკლაჰომის ტრაგედიიდან (1995 წელს ოკლაჰომაში მომხდარი ტერორისტული თავდასხმა, ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი აშშ-ის ისტორიაში) და ა.შ.

ტექსტი ასეთია:

“როდესაც ომში მივდივართ; როდესაც ჩვენი უფლებებით ვსარგებლობთ; როდესაც მწვერვალებს ვიპყრობთ; როდესაც ვგლოვობთ და ვლოცულობთ; როდესაც ჩვენი მეზობლები საფრთხეში არიან; როდესაც ჩვენს ერს საფრთხე ემუქრება — არსებობს ვიღაც, ვინც ფაქტებს აგროვებს, რათა ამბავი თქვენამდე მოიტანოს ნებისმიერ ფასად, რადგან ცოდნა გვაძლიერებს, ცოდნა გვეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში და ცოდნა თავისუფლებას გვინარჩუნებს”.

ჰენკსის ტექსტის შემდეგ შავ ფონზე თეთრი ასოებით ჩნდება “ვაშინგტონ პოსტის” სლოგანი — “დემოკრატია კვდება სიბნელეში”.

“პოსტის” ვიდეომიმართვა პირველად 3 თებერვალს უჩვენეს ამერიკული ფეხბურთის ეროვნული საფეხბურთო ლიგის (NFL) მთავარ მატჩზე, სუპერ-ბოულზე.

ჯეფ ბეზოსმა, “ამაზონის” დამაარსებელმა, რომელიც “პოსტის” ამჟამინდელი მფლობელია, დატვიტა: “მადლობელი ვარ ვაშინგტონ პოსტისა და სხვა ჟურნალისტებისა მსოფლიოს გარშემო, რომლებიც საქმეს აკეთებენ რისკისა და საფრთხრის მიუხედავად”.

როგორც “გარდიანი” მიუთითებს, “ვაშინგტონ პოსტის” ეს რეკლამა იმ დროს ემთხვევა, როდესაც აშშ-ის პრესა თეთრი სახლისა და პრეზიდენტ დონალდ ტრამის თავდასხმებს იგერიებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი