აზერბაიჯანის ხელისუფლება ოპოზიციის დაფინანსების კონტროლს გააძლიერებს

აზერბაიჯანში ოპოზიციის მიტინგების შემდეგ ხელისუფლება ალაპარაკდა “პოლიტიკური პარტიების შესახებ” ახალი კანონპროექტის საჭიროების შესახებ.

მილი მეჯლისის [პარლამენტის] საზოგადოებრივი გაერთიანებებისა და რელიგიური სტრუქტურების კომიტეტის ხელმძღვანელი სიავუშ ნოვრუზოვი აცხადებს, რომ “ზოგიერთი ოპოზიციური პარტია არ წარადგენს ფინანსურ ანგარიშებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში”.


ნოვრუზოვი კითხულობს, რომ “თუკი ამ პარტიებს არ აქვთ დაფინანსება, მაშ, საიდან აქვთ ოფისები, ჰყავთ თანამშრომლები, დაცვა?!”

“ყოველივე ეს ჩრდილოვანი წყაროების ხარჯზე ხდება. სწორედ ამ წყაროების გამოვლინებაა საჭირო. მიტინგები, დივერსიები – ყველაფერი ეს ხორციელდება საიდუმლო დაფინანსების საშუალებით. ყველაფერი ეს ხდება დავალებით. ვინც მათ აფინანსებს, ის იძლევა დავალებასაც. მათთვის კი არ არსებობს ისეთი გაგება, როგორც ხალხი, სახელმწიფო, მხოლოდ დაკვეთის შესრულება შეუძლიათ. მგონია, რომ საჭიროა კანონის ფარგლებში მოხდეს ამ ყველაფრის აღკვეთა”.

აზერბაიჯანის პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ “პირები, რომლებსაც სხვა ქვეყნებიდან აზერბაიჯანის წინააღმდეგ იყენებენ, ვერაფერს შეცვლიან”.

“მათ მხოლოდ შეურაცხყოფის მოყენება შეუძლიათ. თუ ასეა, წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ. მრავალი წლის განმავლობაში პოლიტიკით ვარ დაკავებული და კარგად ვიცით მათი ტაქტიკა და მექანიზმები”.

ოპოზიციის ბოლო საპროტესტო აქცია აზერბაიჯანში 2019 წლის იანვარში გაიმართა, სადაც აქტივისტებმა და ოპოზიციამ მოშიმშილე აქტივისტი პატიმრისა და სხვა პოლიტიპატიმრების გათავისუფლება მოითხოვეს.

Freedom House-ის ახალი, 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, დემოკრატიის მაჩვენებლით რეგიონის ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი მდგომარეობა აზერბაიჯანშია. აღნიშულ ანგარიშში აზერბაიჯანის შესახებ წერია, რომ ავტორიტარიზმი ქვეყანაში სულ უფრო ღრმავდება, პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და მისი ოჯახის ძალაუფლება კი უფრო ძლიერდება.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი