ახალი ამბები

მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერებაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია – ოხანაშვილი

4 თებერვალი, 2019 • 883
მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერებაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია – ოხანაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ანრი ოხანაშვილის თქმით, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების პროცესზე “ქართულ ოცნებას” გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ოხანაშვილის მტკიცებით, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის 2024 წლამდე შეჩერების საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ მსჯელობა მიმდინარეობს.

“არასწორია ინფორმაცია, რომ უმრავლესობამ გადაწყვეტილება მიიღო ამ საკითხზე, მხოლოდ ვიმსჯელეთ. ჩვენი ერთსულოვანი პოზიციაა, რომ ამ საკითხზე მსჯელობა გაგრძელდეს მხოლოდ კონსტიტუციისა და საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის ფარგლებში. ამიტომ, წინასწარ განცხადებები მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, თუმცა გიდასტურებთ, რომ მოსამართლეთა საკითხზე გუნდში მსჯელობა მიდის”,- ამბობს ოხანაშვილი.

მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის გადავადების პროცესი არ მოსწონს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევს დიმიტრი გვრიტიშვილს. როგორც მან 27 იანვარს ნეტგაზეთს უთხრა, მოსამართლეთა უვადოდ განწესების პროცესზე მორატორიუმის გამოცხადების საკანონმდებლო საფუძველი არ არსებობს.


იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 24 დეკემბერს გამართულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი დაასახელა. კანდიდატების სია პარლამენტს დასამატკიცებლად გაეგზავნა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები არიან:

  • მიხეილ ჩინჩალაძე;
  • გიორგი მიქაუტაძე;
  • მარიამ ცისკაძე;
  • ნინო ქადაგიძე;
  • პაატა სილაგაძე;
  • დიმიტრი გვრიტიშვილი;
  • მერაბ გაბინაშვილი;
  • ნინო სანდოძე;
  • თამარ ალანია;
  • გიორგი ტყავაძე.

21 იანვარს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებმა განცხადება გაავრცელეს და პარლამენტს სთხოვეს, მათი კანდიდატურების განხილვას შემდგომი მსვლელობა არ მიეცეს.

ამ მოვლენებს წინ უძღოდა არასამთავრობო ორგანიზაციების, მმართველი პარტიის დეპუტატებისა და საზოგადოების ნაწილის კრიტიკა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატების მიმართ.

მასალების გადაბეჭდვის წესი