ახალი ამბები

ეპისკოპოსი საბა: სინოდმა პასუხი უნდა გასცეს ინაშვილის და თარხან-მოურავის თავხედობას

3 თებერვალი, 2019 • 4960
ეპისკოპოსი საბა: სინოდმა პასუხი უნდა გასცეს ინაშვილის და თარხან-მოურავის თავხედობას

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა პატრიოტთა ალიანსის ლიდერების, ირმა ინაშვილისა და დავით თარხან-მოურავის წერილს წმინდა სინოდისადმი, სადაც მის შესახებაცაა საუბარი, “თავხედურ ქმედებას” უწოდებს. როგორც მან დღეს ქადაგებისას განაცხადა, ის ითხოვს, რომ წმინდა სინოდმა ამას პასუხი გასცეს.

“გულისტკივილი არის, რომ ზოგიერთ პოლიტიკოსს ეკლესია პოლიტიკური პარტია ჰგონია და გადაწყვეტილებებები გამოაქვთ უკვე, რომ მღვდელმთავრები განსაკვეთები არიან, ეკლესიიდან გასაგდებები და წერილებს წერენ წმინდა სინოდის მიმართ… ვიტყვი კიდეც, ეს არის ქალბატონი ირმა ინაშვილი და ბატონი თარხან-მოურავი, მეც ვახსენებ მათ და იმედი მაქვს, რომ ეკლესიის წმინდა სინოდი პასუხს გასცემს მათ წერილს, რადგანაც ჯერ ერთი, რაც მათ გააკეთს არის საეკლესიო წესის და კანონების დარღვევა, რადგან თუ ჩვენ რამეში დამნაშავე ვართ, მათ როგორც ერის ადამიანებს თუ ისინი მრევლში არიან და მაზაირებლები არიან, ამ შემთხვევაში მათ პირველ რიგში ჩემთვის უნდა მოემართათ, იქ სხვა მღვდელმთავრებიც არის იქ ნახსენები, ჩემზე ვიტყვი, ჩემთვის უნდა მოემართათ და თუ პასუხს არ გავცემდი, მერე ჰქონდათ უფლება მიემართათ პატრიარქისთვის ან წმინდა სინოდისთვის, რადგანაც მათმა თავხედურმა ქმედებამ პირადპირ ამას ვუწოდებ, მე იმედი მაქვს, რომ მომავალ სინოდზე მეც მოვითხოვ, რომ პასუხი გაეცეს და მათ დააკონკრეტონ ის ქმედება რას ვიმსაუხრებთ ჩვენ… მე პირადად ჩემზე მაქვს ამ შემთხვევაში [აქცენტი] მე შემეხნენ, არ ვამბობ იმას, რომ სხვა მღვდელმთავრები არ მადარდებს, მაგრამ მე მაქვს უფლება მოვითხოვო: სინოდმა გასცეს პასუხი მათ თავხედობას, რაც თითქოსდა მათ ეკლესია ადარდებთ, ისე როგორც ბევრ პოლიტიკოსს, რომლებიც მხოლოდ პატრიარქთან მიდიან და ლოცვა-კურთხევას იღებენ და საპატრიაქროსში ყველა გარბის, მაგრამ არავის ახსოვს სხვა მღვდელმთავრები, რომლებიც ეკლესიას წარმოადგენენ ამა თუ იმ ქვეყანაში თუ ეპარქიაში”, – განაცხადა საბა ინწკირველმა.

დავით თარხან-მოურავმა და ირმა ინაშვილმა ილია მეორეს და სინოდს წერილით უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე მიმართეს, რომლის ბოლო ნაწილშიც რამდენიმე მღვდელმთავრის საკითხზეც ისაუბრეს.

“ცხადია, თქვენ შეამჩნიეთ, ამ ბოლო დროს სოციალურ ქსელებში რაოდენ ხშირად იმეორებენ პავლე მოციქულის სიტყვებს, რომ ეპისკოპოსი უნდა იყოს გონიერი, განმსწავლელი, არა ჩხუბისთავი, წყნარი და თვინიერი. ჩვენ აქ პავლე მოციქულის სხვა სიტყვებსაც დავიმოწმებდით – „სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა, თვინიერება, თავშეკავება.“

წუხილით უნდა აღვნიშნოთ, რომ პეტრე ცაავას ნამდვილად ვერ აღვიქვამთ მეუფედ, რადგან იგი ნამდვილად არ წარმოადგენს სიყვარულის, დიდსულოვნებისა თუ თვინიერების მაგალითს. მისი აშკარა და დაუმალავი უპატივცემულობა პატრიარქისა თუ წმინდა სინოდის მიმართ, მისი გამომწვევი და ცილისმწამებლური განცხადებები აზიანებს და სახელს უტეხს დედა ეკლესიას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ: მრევლის აბსოლუტურ უმრავლესობას მიაჩნია, რომ პეტრე ცაავა ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი აღარ უნდა იყოს.

თავს ვალდებულად ვგრძნობთ, გაგიზიაროთ ჩვენი განცდა, რომ არა მხოლოდ პეტრე ცაავას, არამედ მეუფე გრიგოლს (ბერბიჭაშვილს) და მეუფე საბასაც (ინწკირველს) ალბათ დაავიწყდათ, რომ ეკლესია NGO არ არის და აზრთა სხვადასხვაობა სინოდის ფარგლებს არ უნდა გასცდეს.

გასაოცარია, რომ დღეს ზოგიერთი მეუფე, ფაქტობრივად, პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, საგარეო სტრატეგიასა და გეოპოლიტიკურ ინტერესებზე საუბრობს, მაშინ, როცა სააკაშვილ-ბოკერიას დამნაშავე რეჟიმის პირობებში, ადამიანების ფიზიკური განადგურებისა და წამების დროს, უამრავი მეუფე დუმდა და ამ დუმილს ეკლესიის სახელმწიფოსაგან გამიჯნულობით ხსნიდა.

მრევლისთვის გამაოგნებელი და გაუგებარია არაერთი მეუფის უკმაყოფილება მიტროპოლიტ შიოს (მუჯირის) საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეობის გამო, ზოგიერთს კი საკუთარი თავი მიაჩნია უფრო ღირსეულად. შეშფოთებული მრევლიც დღეს უკვე ღიად კითხულობს – სად არის აქ თავმდაბლობა, სიმშვიდე და მორჩილება?!

ბუნებრივია, ამ წერილით ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ გვსურს ვითარების გამძაფრება, ჩვენ გულწრფელად გვიყვარს პატრიარქი, თავს მის სულიერ შვილებად მივიჩნევთ და, ცხადია, სინოდის წევრების უმრავლესობას უაღრესად ვაფასებთ და დიდ პატივს ვცემთ. ჩვენ, უბრალოდ, არ გვინდა, რომ ეკლესიაში არსებული დაძაბულობა გადაიზარდოს დიდ განხეთქილებასა და მძაფრ დაპირისპირებაში, და, მით უფრო, არაფრით არ გვსურს, რომ ხალხი მოწყდეს დედა ეკლესიას. ქრისტესმიერი სიყვარულითა და ღრმა პატივისცემით”, – ნათქვამია ინაშვილისა და თარხან-მოურავის წერილში.

მასალების გადაბეჭდვის წესი