ახალი ამბები

იძულებით ფსიქიკურ მკურნალობასთან დაკავშირებით კანონი შეიცვალა

26 ივლისი, 2014 • • 1107
იძულებით ფსიქიკურ მკურნალობასთან დაკავშირებით კანონი შეიცვალა

ცვლილებების თანახმად, თუ დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შეურაცხადი იყო, სასამართლო მხარის შეუამდგომლობით წყვეტს სისხლისსამართლებრივ დევნას მის მიმართ. ამასთანავე, საქმის მოსამართლე ვალდებულია “ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლო–ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე იმავე განჩინებით გადაწყვიტოს ამ პირის იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის საკითხი.

 

კანონპროექტის 191–ე მუხლს ემატება ახალი ნაწილი, რომლის თანახმად მოსამართლე განჩინებით განსაზღვრავს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული ნაკლებად მძიმე  დანაშაულისთვის – 2 წელს, მძიმე დანაშაულისთვის – 4 წელს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის 10 წელს. 

 

ვადის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ბრალდებულის ფსიქიკური მდგომარეობა და მისი მხრიდან საკუთარი თავის, ან სხვა პირისთვის საზიანო, მუქარის შემცველი, ან/და ძალადობის შემცველი ქცევის რისკის ხარისხი, რომლის შეფასებაც მოცემულია სასამართლო–ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნაში ბრალდებულის შეურაცხაობის თაობაზე. ამასთანავე, განჩინებაში მიეთითება იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის დადგენილ ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხი მკურნალობის დადგენილი საფუძვლების აღმოფხვრისთანავე.

მასალების გადაბეჭდვის წესი