ყველა ოცნების წინააღმდეგ — პროპორციული სისტემისთვის

გასულ კვირას 20-ზე მეტმა ოპოზიციურმა პარტიამ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო 2020 წლისთვის არჩევნების სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით. ამ მოთხოვნას საქართველოში მოქმედი აქტიური ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს, ისინიც კი, ვინც საინიციატივო ჯგუფს არ შეერთებიან, მათ შორის “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” და “გირჩი”. რა არგუმენტები აქვთ ინიციატივის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს?

“ქართულ ოცნებაში” ამ ინიციატივას “არასერიოზულს” უწოდებენ; ამბობენ, რომ პარტიის წევრების უმრავლესობა კი თანხმდება პროპორციული სისტემის უპირატესობაზე შერეულთან შედარებით, მაგრამ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობისას რთულად მიაღწიეს შეთანხმებას როგორც გუნდს გარეთ, ასევე გუნდს შიგნით. ასე რომ, 2020 წლისთვის ამ საკითხს ვერ დაუბრუნდებიან; მათ ნაწილს კი, ვინც “ოცნებაში” შერეული სისტემის გაუქმებას ეწინააღმდეგებოდა, ახლა იმედი აქვს, რომ 2020 წელს მოსული პარლამენტი ამ საკითხზე დისკუსიებს დაუბრუნდება და მაჟორიტარულ სისტემას ძალაში დატოვებს.

რეალურად როგორია მაჟორიტართა საპარლამენტო საქმიანობა? რა უჯდება სახელმწიფოს მათი შენახვა? იციან თუ არა ამა თუ იმ ოლქის მაცხოვრებლებმა, ვინ არის მათი მაჟორიტარი? დაბოლოს, რიცხვებით მანიპულაციას რომ მივმართოთ, — პარტიების მიერ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მობილიზებულ ხმებზე დაყრდნობით, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო საქართველოს პარლამენტი პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად?

ახლანდელი სისტემა

ამჟამად ამომრჩეველი საქართველოს პარლამენტის 150 დეპუტატიდან 77-ს პროპორციული (პარტიული) სისტემით ირჩევს, 73-ს კი — მაჟორიტარული წესით. არჩევნებზე წასული ადამიანები ერთი ბიულეტენით მათთვის სასურველ პარტიას აძლევენ ხმას, მეორე ბიულეტენით — მაჟორიტარობის კანდიდატს, რომელიც შესაბამის ოლქში იყრის კენჭს.

ამ წესით გაიმართა ბოლო საპარლამენტო არჩევნები 2016 წლის ოქტომბერში. მაშინ “ქართულმა ოცნებამ“ პროპორციული სისტემით ხმების 48,68 % მიიღო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 27,11%, ხოლო „პატრიოტთა ალიანსმა“- 5,01%. საბოლოოდ, იმის მიუხედავად, რომ “ოცნებამ” ხმების ნახევარიც ვერ მიიღო, მაჟორიტარული ოლქების ხარჯზე პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა, ანუ ¾-ზე მეტი.

[წაიკითხეთ ნეტგაზეთის არქივიდან: ½ = ¾ — რატომ უნდა გაუქმდეს მაჟორიტარული სისტემა]

როგორც ელენე ნიჟარაძე, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” (ISFED-ის) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, ეს სისტემა “ძალიან ცუდად აისახება საკანონმდებლო ორგანოს შემადგენლობაზე” და ის “ყოველთვის მუშაობს მმართველი პარტიის სასარგებლოდ”. მისი თქმით, “მმართველი პარტია ახერხებს ხოლმე მაჟორიტარი ოლქების მოგებას, ხოლო შედეგი, რასაც პარლამენტში ვიღებთ, არის არაპროპორციული”.

როგორ შეიძლება დაკომპლექტდეს პარლამენტი პროპორციული სისტემით?

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებით, როგორც უკვე აღვნიშნეთ, “ქართულმა ოცნებამ” საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა. როგორ დაკომპლექტრებოდა პარლამენტი პირველი ტურის შედეგებით, არჩევნები 2016-შივე რომ პროპორციული წესით ჩატარებულიყო?

ასეთ შემთხვევაში, “ქართული ოცნება” პარლამენტში 83 დეპუტატს შეიყვანდა, ენმ, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ არ იყო გაყოფილი, 50 დეპუტატს, “პატრიოტთა ალიანსს” კი 17 ადგილი ექნებოდა. როგორც ვხედავთ, “ოცნება” საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერ მოიპოვებდა, ენმ-სა და “პატრიოტთა ალიანსს” კი მეტი დეპუტატი ეყოლებოდათ საკანონმდებლო ორგანოში.

რა სურათი გვექნებოდა, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე დაყრდნობით რომ გამოგვეთვალა პარლამენტში მანდატების გადანაწილება? 

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში “ქართული ოცნების” მხარდაჭერილმა სალომე ზურაბიშილმა ხმების 38.64% მიიღო, ენმ-ის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კი —37.74% (მეორე ტურში მათ 59.52% და 40.48% დააგროვეს).

[წაიკითხეთ ნეტგაზეთზე: არც ზურაბიშვილი, არც ვაშაძე – არსებობს თუ არა ალტერნატივა]

ნეტგაზეთის სტატისტიკური მანიპულაციის თანახმად, ეს რომ საპარლამენტო არჩევნები ყოფილიყო და ამომრჩეველს ზუსტად ისე მიეცა ხმა პარტიებისთვის, როგორც მათ მიერ მხარდაჭერილ/წარდგენილ კანდიდატებს დაუჭირეს მხარი პირველ ტურში, საპარლამენტო მანდატები ასე გადანაწილდებოდა:

ახლანდელი, შერეული სისტემით, “ქართულ ოცნებას” 42 გარანტირებული მანდატი ექნებოდა, “ძალა ერთობაშიას” — 33, “ევროპულ საქართველოს” — 9, “ლეიბორისტებს” კი — 6. დარჩენილი 60 მანდატისთვის კი მაჟორიტარულ ოლქებში მეორე ტურები გაიმართებოდა “ქართულ ოცნებასა” და “ძალა ერთობაშიას” შორის. მაჟორიტარული ოლქების ჩათვლით, “ქართულ ოცნებას”, შესაძლოა, მაქსიმუმ 102 მანდატი აეღო.

პროპორციული სისტემა ასეთ შედეგს მოიტანდა: “ქართული ოცნება” — 67 მანდატი, “ძალა ერთობაშია” — 65, “ევროპული საქართველო” კი — 18.

როგორც ამ მანიპულაციით ჩანს, “ოცნება”  მთავრობის ფორმირებას დამოუკიდებლად ვერ მოახერხებდა. ხოლო თუ “ძალა ერთობაშია” და “ევროპული საქართველო” ძალებს გააერთიანებდნენ, “ქართული ოცნება” უმცირესობაში აღმოჩნდებოდა და ხელისუფლებას დაკარგავდა.

“პროპორციული სისტემა 2020 წელსვე”

2016 წელს, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ, “ქართულმა ოცნებამ” საკონსტიტუციო ცვლილებები შეიმუშავა, რომელთა თანახმადაც, პროპორციული სისტემით მხოლოდ 2020 წლის შემდეგ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.

ISFED-ის წარმომადგენლის, ელენე ნიჟარაძის ვარაუდით,  მთავარი მიზეზი, რის გამოც მმართველმა გუნდმა არ მოინდომა სისტემის შეცვლა და 2020-სთვის არსებული მოდელი შეინარჩუნა, სწორედ ეს იყო — “ოცნებას” მეტი გარანტია ჰქონოდა, რომ მაჟორიტარული ოლქების ხარჯზე მეტი ადგილი მოეპოვებინა პარლამენტში.

სწორედ აქედან იღებს სათავეს ოპოზიციური პარტიების ძირითადი არგუმენტი. მათ 30 იანვარს დააანონსეს ხელმოწერების შეგროვების კამპანია 2020 წელს არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების მოთხოვნით. საინიციატივო ჯგუფში ერთიანდება 20-ზე მეტი პარტია, რომლის ბირთვსაც ქმნიან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “ევროპული საქართველო”, “რესპუბლიკური პარტია” და “თავისუფალი დემოკრატები”. მათ სურთ, სულ ცოტა, 200 000 ხელმოწერა მოაგროვონ, რითაც ხელისუფლებას უბიძგებენ, დაუბრუნდეს საკითხის განხილვას.

ალექსანდრე ბარამიძე

“თავისუფალი დემოკრატების” წევრი ალექსანდრე ბარამიძე, რომელიც ხელმოწერების შეგროვების კამპანიის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორია, ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს: “ამ ქვეყანაში უკვე ძალიან დიდი ხანია ყველა შეთანხმდა, რომ შერეული სისტემა ადეკვატურად არ ასახავს პოლიტიკურ ძალთა იმ განაწილებას, რომელიც ამომრჩევლის ნებით არსებობს ქვეყანაში. ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებმაც აჩვენა, რომ ამომრჩევლების სიმპათიები არის გაყოფილი და აბსოლუტური უმრავლესობა არავის გააჩნია”…

ბარამიძე აგრძელებს: “ამჟამად საქართველოს კონსტიტუციის ძირითადი წესია, რომ საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს მხოლოდ პროპორციული სისტემით, ოღონდ მმართველმა უმრავლესობამ დათქმის სახით შეიტანა [კონსტიტუციაში] გარდამავალი დებულება, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნები კვლავ შერეული სისტემით უნდა ჩატარდეს. ჩნდება კითხვა — რატომ”?, – ამბობს ბარამიძე ნეტგაზეთთან საუბრისას.

რატომ არ თანხმდება “ოცნება” პროპორციულ არჩევნებს 2020-ში?

ნეტგაზეთმა ჰკითხა მამუკა მდინარაძეს, “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრს, რომელიც თავადაც მაჟორიტარი დეპუტატია, თუკი პარტია თანხმდება პროპორციულ არჩევნებს 2024 წელს, რატომ არ თანხმდება არჩევნების ამავე გზით ჩატარებას 2020-ში. მდინარაძემ გვიპასუხა:

“იმიტომ, რომ ამაზე არ იყო [შეთანხმება]. საკონსტიტუციო უმრავლესობა რამდენ ხმას მოითხოვდა, ხომ ყველამ ვიცით? და თუკი რამდენიმე ადამიანი, პირობითაც 7 ან 10, მაინც იქნებოდა 2020-ში პროპორციულის წინააღმდეგი, კითხვის ნიშნის ქვეშ დგებოდა საერთოდ პროპორციულზე გადასვლა და ის ათეულობით მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ცვლილება [საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული], რაც ავტოკრატიას გამორიცხავდა. აქედან გამომდინარე, დღეს ხელახლა რომ ვისაუბროთ 2020-ში პროპორციულზე გადასვლაზე, შეუძლებელია და პოპულისტური”.

მამუკა მდინარაძე. ფოტო: მამუკა მდინარაძის ფეისბუკის გვერდიდან

მდინარაძე ოპოზიციური პარტიების მოთხოვნას “არასერიოზულს” უწოდებს და ამბობს: “ძალიან კარგად იციან, როგორ გართულდა საკონსიტუციო კომისიის მუშაობის დროს ამ საკითხზე შეჯერება. სხვადასხვა პოზიციები იყო არა მხოლოდ მმართველი უმრავლესობის გარეთ, არამედ შიგნითაც. გარკვეული კონსენსუსი შედგა, როდესაც შევჯერდით, რომ გარდამავალი ეტაპი ყოფილიყო 2020, რათა შემდეგ გადავსულიყავით პროპორციულ სისტემაზე… ეს, პრაქტიკულად და უკვე თეორიულადაც შეუძლებელია”…

პროპორციული სისტემის ერთ-ერთი ძლიერი ოპონენტი საკონსტიტუციო კომისიაში “ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატი, კახა ოქრიაშვილი იყო. ნეტგაზეთი დაუკავშირდა ოქრიაშვილს, რათა ეკითხა, რა აზრზეა იგი ამჟამად, ფიქრობს თუ არა, რომ 2020 წელს შეიძლება არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება.

კახა ოქრიაშვილი ამბობს, რომ “პროპორციული სისტემა ჩვენი ქვეყნისთვის არის დამღუპველი, რადგან ცენტრალური ხელისუფლების სიმყიფეს იწვევს. ეს გამოიწვევს რეგიონული და ეთნიკური პარტიების ჩამოყალიბებას და ა.შ… ვინც მაშინ ამ ცვლილებას დავუჭირეთ მხარი, ქვეყნის დეზინტეგრაციას მივეცით ხმა”. ოქრიაშვილი იმედოვნებს, რომ “2020 წლის პარლამენტი იქნება ისეთი, რომელიც დაუბრუნდება ამ საკითხს და დაუბრუნდება მაჟორიტარულ სისტემას 2024 წლამდე”.

“დამღუპველი სისტემა”?

კახა ოქრიაშვილის თანახმად, “საქართველოსთვის იდეალურია საპრეზიდენტო მმართველობა ძლიერი პარლამენტით”. იგი ასე განმარტავს, რას გულისხმობს ამ ცნებაში: “პრეზიდენტს არ უნდა ჰქონდეს უფლება, დაითხოვოს პარლამენტი. [ეს არის] დაახლოებით ამერიკული მოდელი. არა ვარ წინააღმდეგი, პარლამენტი ორპალატიანი იყოს. ქვედა პალატაში 105 ადამიანი იქნება, რაც აბსოლუტურად საკმარისია კომიტეტების დასაკომპლექტებლად; ზედა პალატაში კი ყველა მუნიციპალიტეტი [უნდა] იყოს წარმოდგენილი”.

თუმცა, კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტი ორპალატიანი იქამდე ვერ იქნება, სანამ არ აღდგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ამ პრობლემის გადაჭრის გზას ოქრიაშვილი ასე ხედავს: “შესაძლებელია კონსტიტუციაში [შემოვიდეს] დათქმა, რომ როდესაც დასრულდება ოკუპაცია, ვაკანტური ადგილები იქნება დატოვებული ოკუპირებული ტერიტორიების წარმომადგენლებისთვის. ეს ყველაფერი იურისტების საქმეა, მთავარია პოლიტიკური გადაწყვეტილება”, – ამბობს ის.

ნეტგაზეთმა მამუკა მდინარაძეს ჰკითხა, განიხილავს თუ არა “ქართული ოცნება” ოქრიაშვილის ინიციატივას, 2024 წლისთვის ისევ არ ჩატარდეს არჩევნები პროპორციული სისტემით, რაზეც მან ასეთი პასუხი გაგვცა:

“არა, ასეთი [ინიციატივა] არ განიხილება. ეს არის ბატონი კახას აზრი და ნებისმიერი ჩემი კოლეგის აზრს, რა თქმა უნდა, პატივს ვცემ. ის თავიდანვე იყო პროპორციული სისტემის წინააღმდეგი. კახასნაირად რამდენიმე ადამინი ფიქრობდა და ერთმანეთთან კომპრომისზე წავედით, მმართველი გუნდის შიგნით შედგა კონსენსუსი, რომელსაც მაშინ ჩვენი ოპონენტები არაფრად აგდებდნენ. აღმოჩნდა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამით შევძელით, საბოლოოდ გვეთქვა [უარი ახლანდელ სისტემაზე] და კონსტიტუციაში ჩაგვეწერა, რომ 2020-ის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გადავდივართ”.

მდინარაძის თანახმად, ამ კომპრომისის გარეშე საფრთხის წინაშე დგებოდა არა მხოლოდ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, არამედ  ყველა ის ცვლილება, რაც კონსტიტუციაში შეიტანეს. “თუ ყველა არა, მაგრამ პოლიტიკოსთა დიდი ნაწილი ვთანხმდებით, რომ [პროპორციულ სისტემაზე გადასვლა] კარგია დემოკრატიის და ქვეყნის განვითარებისათვის, მაშინ იმაზეც უნდა შევთანხმდეთ, რომ ამ კარგ გადაწყვეტილებამდე რაღაცა კომპრომისის, კონსენსუსის გზით უნდა მივსულიყავით”, – დასძენს იგი.

“არარელევანტური არგუმენტები”

კიდევ ერთი არგუმენტი, რასაც მაჟორიტარული სისტემის მომხრეები ასახელებენ ხოლმე, წარმომადგენლობითობაა, — სხვადასხვა ოლქს/რეგიონს თავისი წარმომადგენელი რომ ჰყავდეს პარლამენტში. თუმცა, როგორც ISFED-ის წარმომადგენელი, ელენე ნიჟარაძე ამბობს, “საკანონმდებლო ორგანოსთან მიმართებით, ეს არგუმენტი რელევანტური არ არის, ვინაიდან ნებისმიერი დეპუტატი, მაჟორიტარი იქნება თუ პროპორციულით არჩეული, წარმოადგენს მთელი საქართველოს მოსახლეობას”.

ამასთან, ელენე ნიჟარაძის თანახმად, “შეიძლება, რომელიღაც ქვეყანაში მაჟორიტარული სისტემა ძალიან კარგად მუშაობდეს”, თუმცა საქართველოში “შერეული სისტემის დაბალანსება არ ხდება. სისტემა იმ ფორმით, რა ფორმითაც არსებობს ჩვენთან, ძალიან ცუდად მუშაობს”.

როგორც “თავისუფალი დემოკრატების” წევრი ალექსანდრე ბარამიძე ამბობს, კონსტიტუციაში უკვე არის დადგენილი, რომ არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს, და “უბრალოდ ამოქმედების ვადაზეა ლაპარაკი”. იგი ამ აზრზე რჩება: “ნამდვილად ღიმილისმომგვრელი იქნება იმის დასაბუთების მცდელობა, თითქოს შერეული სისტემა ჯობია პროპორციულს. თუ ჯობია, რატომ შეიცვალა? და ის, რაც ჯობია, რატომ არ უნდა ამოქმედდეს ახლავე და რატომ ამოქმედდეს 4 წლის შემდეგ”?

რას საქმიანობენ მაჟორიტარები?

რამდენად არის მაჟორიტარული/შერეული სისტემა იმდენად მნიშვნელოვანი, რომ კიდევ ოთხი წლის განმავლობაში არ ვთქვათ მასზე უარი? რეალურად, რას საქმიანობენ მაჟორიტარი დეპუტატები? ან რამდენად და როგორ აისახება მათი საქმიანობა მოსახლეობაზე?

აღმოჩნდა, რომ ბევრმა ამომრჩეველმა არც კი იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი: ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI-ს) ბოლო, 2019 წლის 30 იანვარს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა მხოლოდ 28 პროცენტმა შეძლო, მათი მაჟორიტარის ვინაობა სწორად დაესახელებინა. კვლევის ინტერპრეტაციით, საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 70%-მა არ იცის, პარლამენტში მათი მაჟორიტარი ვინაა (კვლევის მეთოდოლოგიის შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ).

ნეტგაზეთი დაინტერესდა მაჟორიტარი დეპუტატების უშუალოდ საპარლამენტო საქმიანობითა და ხარჯებით. ჩვენ 2018 წლის ბოლოს გამოვითხოვენ პარლამენტიდან სტატისტიკური ინფორმაცია, რომელსაც ახლა შეჯამებულად გთავაზობთ:

მაჟორიტარები და მათი ბიუროები

2018 წელს მაჟორიტარი დეპუტატების 73 ბიუროს თანამშრომლებისთვის (რომელთა რიცხვიც მერყეობს 2-დან 12-ს შორის) ბიუჯეტიდან ხელფასების სახით გამოყოფილი იყო 3,237,824.81 ლარი.

ბიუროების წლიური ფონდი, ჯამში, შეადგენდა 4,397,760.00 ლარს (პარლამენტის განმარტებით, თითოეულ საარჩევნო ოლქში განთავსებულ ბიუროს ყოველთვიურად გამოეყოფა 4300 ლარი, ხოლო იმ საარჩევნო ოლქში მდებარე ბიუროს, რომელიც განთავსებულია რამდენიმე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ყოველთვიურ დაფინანსებას, ანუ 4300 ლარს, ემატება 2390 ლარი თითოეულ დამატებით მუნიციპალიტეტზე).

2018 წელს 31 მაჟორიტარისთვის საოფისე ქირების ხარჯი იყო 210,733.67 ლარი.

[რიგითი პარლამენტარის ხელფასი, ბოლო მონაცემებით, 4 623 ლარად არის განსაზღვრული, ანუ წელიწადში ისინი იღებენ 4,049,748 ლარს].

შეესაბამება თუ არა მათი საპარლამენტო საქმიანობა იმ ხარჯებს, რასაც სახელმწიფო მაჟორიტარ პარლამენტარებს უხდის და მათი ბიუროების შესანახად ხარჯავს?

დასწრება

2018 წლის 7 თებერვლიდან 20 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ჩატარებულ 47 პლენარული სხდომიდან 67 მაჟორიტარიდან 38-მა 10-ჯერ და მეტჯერ გააცდინა სხდომები, თუმცა გაცდენების ნაწილი საპატიო იყო;

თუმცა, ჯამში, 150 დეპუტატიდან მხოლოდ 8 არის ისეთი, ვისაც 10 და მეტი არასაპატიო გაცდენა აქვს, და ხუთი მათგანია მაჟორიტარი.

სიტყვით გამოსვლები

ამავე პერიოდში ჩატარებულ 47 პლენარულ სხდომაზე 18 მაჟორიტარი (ანუ მაჟორიტარი პარლამენტარების თითქმის მეოთხედი) სიტყვით საერთოდ არ გამოსულა. ჯამში, 32 მათგანს აქვს 10-ზე მეტი გამოსვლა; 20-ზე მეტი გამოსვლა მხოლოდ 9 მაჟორიტარს აქვს.

ყველაზე მეტი გამოსვლა აქვთ მარიამ ჯაშს (53), ზაქარია ქუცნაშვილს (51), ზაზა ხუციშვილს (43), მამუკა მდინარაძესა, ლევან გოგიჩაიშვილს (42-42) და არჩილ თალაკვაძეს (41);

კანონპროექტები

დაბოლოს — 2018 წლის განმავლობაში, პარლამენტიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, პარლამენტში დარეგისტრირდა 114 კანონპროექტი, რომლის ინიციატორები ან ავტორები პარლამენტის წევრები იყვნენ.

73-დან მხოლოდ სამი მაჟორიტარი დეპუტატი ფიქსირდება კანონპროექტის ავტორებში (ზაზა ხუციშვილი, სოფო კილაძე და ოთარ დანელია); 18 მაჟორიტარი კი საერთოდ არცერთი კანონპროექტის ინიციატორიც კი არ ყოფილა (დანარჩენები იყვნენ 1-დან 13-მდე კანონპროექტის ინიციატორები).

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com