ახალი ამბები

ოპოზიციას ნაკლებად ჰქონდა მოტივაცია, ბესელიას ფარული ჩანაწერები გაევრცელებინა – ფოფხაძე

2 თებერვალი, 2019 • 1343
ოპოზიციას ნაკლებად ჰქონდა მოტივაცია, ბესელიას ფარული ჩანაწერები გაევრცელებინა – ფოფხაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გედევან ფოფხაძის აზრით, დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების მოტივაცია “ნაციონალურ მოძრაობას” ნაკლებად ჰქონდა და ეს ფაქტი  მოსამართლეების საკითხს უკავშირდება.

ამის შესახებ “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. 7 საათიან შეხვედრაზე, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა, ფოფხაძის თქმით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას საუბარი მხოლოდ ირიბად შეეხო.

“მგონია, რომ პოლიტიკურ ოპოზიციას, მით უმეტეს, “ნაციონალურ მოძრაობას” ნაკლებად ჰქონდა მოტივაცია, რომ ეკა ბესელიას საწინააღმდეგოდ ახლა რაიმე გაევცელებინა. ეს ჩანაწერები მათ ჰქონდათ, მაგათი შექმნილია… ეკა ბესელიამ იმდენი პრობლემები შეუქმნა, იმდენ საკითხში გაამწარა “ნაციონალური მოძრაობა”, რომ თუ აპირებდნენ, აქამდე ერთხელ მაინც გამოიყენებდნენ ამ ჩანაწერებს. მე ამ შემთხვევაში მგონია, რომ ეს საკითხი დაკავშირებულია [ბესელიას] პოზიციასთან სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, მაგრამ ხელს ვერავის დავადებ. ისეთი მორალის ადამიანი, რომ ასეთი ჩანაწერები გაევრცელებინა, მე მგონი, მოსამართლეებშიც ძნელად მოიძებნება, მაგრამ ვინც გაავრცელა, მისი მოტივაცია ეს იყო…” – განაცხადა ფოფხაძემ.

დეპუტატის თქმით, თუ გამოძიება ვერ ადგენს დამკვეთს, ეს ხელისუფლების პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, რომელმაც ეს პროცესი უნდა აღკვეთოს.

“მარტო იმაზე საუბარი, რომ “ნაციონალების” შექმნილია და მაგათი ბრალია, რომ ახლაც ვრცელდება, საკმარისი არაა”, – დასძინა ფოფხაძემ.

ფარული ჩანაწერების გავრცელების პრობლემის სათავედ “ნაციონალურ მოძრაობას” მიიჩნევს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე.

“ოპონენტები ამ სათავეს როცა ეძებენ, ყოველთვის იპოვიან თავის თავს. მათ დაუშვეს, რომ ამ ჩანაწერების გავრცელება დღესაც პრობლემაა. თალაკვაძემ თქვა, რომ სწორი სამართლებრივი რეაგირებით დაასრულებს ამ პრაქტიკას ქვეყანაში”, – განაცხადა თალაკვაძემ.

თავად ეკა ბესელიამ არ გამორიცხა ოპოზიციის ინტერესიც, გაევრცელებინა ფარული ჩანაწერი, თუმცა ამბობს, რომ თავის დროზე  “ნაციონალურმა მოძრაობისთვის” ეს კადრები საინტერესო არ იყო და მათი გავრცელება სასამართლოს ჯგუფთან კონფლიქტში შესვლას დაემთხვა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი