პიტერ ჯექსონი მუშაობას იწყებს დოკუმენტურ ფილმზე “ბიტლზის” შესახებ

რეჟისორი პიტერ ჯექსონი “ბიტლზის” შესახებ დოკუმენტურ ფილმზე იწყებს მუშაობას. პროექტის შესახებ ბენდის ოფიციალურმა გვერდმა 30 იანვარს დაწერა ფეისბუკზე. ჯერჯერობით უცნობია, რა ერქმევა ფილმს.


ჯექსონი, რომელიც ჯ.რ.რ. ტოლკინის “ბეჭდების მბრძანებლისა” და “ჰობიტის” ეკრანიზაციებითაა სახელგანთქმული, დაამუშავებს 55-საათიან ვიდეო და 140-საათიან აუდიომასალას, რომელიც გულშემატკივარს აქამდე არასოდროს უნახავს და მოუსმენია.

კადრები ასახავს ბენდის 1969 წლის სტუდიურ სესიებს საბოლოო ალბომის, “ლეთ ით ბის” (Let it be) გამოშვების სამზადისში. პიტერ ჯექსონმა კადრებს უწოდა “ისტორიული საგანძური” და თქვა: “უყურებდე, ერთად როგორ მუშაობენ ჯონი, პოლი, ჯორჯი და რინგო, არა მხოლოდ გასაოცარი, არამედ სასაცილო, ამაღელვებელი და საოცრად ახლობელია”.

“ბეჭდების მბრძანებლის” ტრილოგიის რეჟისორი პიტერ ჯექსონი. ფოტო: AP Images

ამ პერიოდის შესახებ დოკუმენტური ფილმი, სახელად “ლეთ ით ბი”, მაიკლ ლინდსი-ჰოგის რეჟისორობით 1970 წელს, ბენდის დაშლიდან მალევე გამოვიდა. როგორც “ამერიკის ხმა” გადმოსცემს, ის ჯგუფის წევრების ერთმანეთისგან დაშორების ქრონიკად განიხილება. ჯონ ლენონი ამ პერიოდს “საშინელ გამოცდილებად” იხსენებდა და ამბობდა, პოლის [მაკკარტნის] მიერ მხოლოდ საკუთარი თავისთვის იყო მოფიქრებულიო.

“ეგ იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც “ბიტლზი” დასრულდა. ჯორჯის [ჰარისონის] ნაცვლად ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ მე ძალიან კარგადაც ვიცი, რომ ყელში გვქონდა ამოსული პოლის ჩრდილში ყოფნა”, – უთხრა ლენონმა ჟურნალ “როლინგ სტოუნს” ფილმის გამოსვლიდან რამდენიმე თვეში.

პიტერ ჯექსონი კი ამბობს, რომ ეს ახალი კადრები სულ სხვა ამბავს გვიამბობს: “კი, დრამის მომენტები არის, მაგრამ არ ჩანს ის განხეთქილება, რაც ამ პროექტთან [Let it be] ასოცირდება ხოლმე”.

დოკუმენტური ფილმის გამოცხადების თარიღად ბენდის წარმომადგენლობამ სპეციალურად აირჩია 30 იანვარი — ზუსტად 50 წლის წინ ამ დღეს ჰქონდა “ბიტლზს” უკანასკნელი საჯარო გამოსვლა ლონდონში, Apple Corps-ის სახურავზე. ამ გამოსვლას “რუფტოპის კონცერტის” სახელით იცნობენ.

“ნიუ იორკ ტაიმზი” იუწყება, რომ პროექტს მწვანე შუქი აუნთეს პოლ მაკკარტნიმ და რინგო სტარმა, ასევე, ჯონ ლენონის და ჯორჯ ჰარისონის სამართლებრივმა მემკვიდრეებმა, იოკო ონომ და ოლივია ჰარისონმა.

ჯერ არც ფილმის გამოშვების თარიღია ცნობილი. თუმცა ის ვიცით, რომ ახალ ფილმთან ერთად 1970 წლის “ლეთ ით ბის” ხელახლა გამოუშვებენ.

“ბიტლზი” სტუდიაში მუშაობისას. მარცხნიდან: რინგო სტარი, პოლ მაკკარტნი, ჯორჯ ჰარისონი, იოკო ონო და ჯონ ლენონი. ფოტო: Apple Corps Ltd

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com