2019 წელს შესაძლოა ბაზარზე გაზის მიმწოდებელი ახალი კომპანია შემოვიდეს – ქობულია

2019 წელს ბაზარზე შესაძლოა გაზის მიმწოდებელი ახალი კომპანია გამოჩნდეს, ასე გამოეხმაურა კომერციული აბონენტებისთვის გაზის გაძვირებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია. მისი თქმით, მთავრობა კომერციული აბონენტებისთვის ტარიფის რეგულირების საკითხს არ განიხილავს და ფასს ბაზარზე გაზრდილი კონკურენცია დაარეგულირებს.

“ტარიფის მატება, ბუნებრივია, დამატებითი ტვირთი იქნება კომერციული ორგანიზაციებითვის. კანონმდებლობის მიხედვით, ჩვენ არ ვარეგულირებთ ორ კომერციულ სუბიექტს შორის ურთიერთობას. ამავე დროს, ჩვენ განვიხილავთ საკმაოდ სერიოზულ პროგრამას ენერგეტიკული ბაზრის და გაზის ბაზრის დერეგულირებაზე, შესაბამისად, უფრო მეტი კონკურენციის შემოტანაზე. წელს უკვე გვექნება ცოტა სხვანაირი ბაზარი  როგორც გაზში, ასევე ენერგეტიკაში. ამ ბაზარზე კიდევ უფრო მეტი კონკურენცია იქნება. ანუ მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა, გაზი არა მხოლოდ ერთი მომწოდებლისგან შეიძონოს, არამედ რამდენიმე კომპანიას შორის გააკეთოს არჩევანი. ამაზე მეტს დღეს ვერ ვიტყვი,”-ამბობს ქობულია.

ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის ბრძანების საფუძველზე არასაყოფაცხოვრებო ტარიფი დერეგულირებულია, ანუ მას ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია არ ადგენს.

24 იანვარს ცნობილი გახდა, რომ “სოკარ ჯორჯია გაზი” კომერციულ აბონენტებს პირველი მარტიდან გაზის საფასურს გაუძვირებს. კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ საცალო კომერციული მომხმარებლებისთვის გაზის ფასი 1 კუბურ მეტრზე 95 თეთრი იქნება დღგ-ს ჩათვლით.

კომერციული აბონენტებისთვის დღეს მოქმედი ტარიფი 84 თეთრია, შესაბამისად, ზრდა 11 თეთრს შეადგენს. გაძვირების მიზეზად სოკარი ლარის კურსსა და განაწილების ტარიფის ცვლილებას ასახელებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.